როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.08, 2022 წელი

როგორ შეიძლება, გავაჯანსაღოთ ჩვენი საკვები ისე, რომ მაქსიმალური ღირებულება ჰქონდეს და დაგვეხმაროს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ხორცი – უნდა შეირჩეს უცხიმო ნაჭერი, მომზადდეს გრილზე ან მოიხარშოს. სასარგებლოა ძმრიანი მარინადის გამოყენება ან ჭამის შემდეგ ერთი ჭიქა წითელი ღვინის დაყოლება, რადგან ის ანეიტრალებს იმ კარცენოგენულ ნივთიერებას, რომელიც წარმოიქმნება წითელი ხორცის მომზადებისას. ქათმის ხორცი მიირთვით კანის გარეშე. თევზი ერთადერთი პროდუქტია, რომლის ცხიმი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მისი მიღება რეკომენდებულია კვირაში ორ-სამჯერ.
ცხიმი – ყველაზე სასარგებლო ვარიანტია ზეითუნის არარაფინირებული ზეთი, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ძალიან კალორიულია;
ხილი – მაქსიმალური სარგებლის მისაღებად ხილი უნდა მიირთვათ კანიანად. უფრო სასარგებლოა კანის დიდი პროცენტით შემცველი ხილი, როგორიცაა მოცვი. უნდა შეიზღუდოს ხილის წვენების მიღება, რადგან, 100 პროცენტით ნატურალური წვენიც კი არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, რადგან მასში კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით შაქარი. ასეთი სახით მიღებულ ხილს არ ესაჭიროება დრო დაღეჭვისა და შეწოვისთვის, რის გამოც ორგანიზმზე ერთბაშად დიდი დატვირთვა მოდის შაქრის განეიტრალების თვალსაზრისით. ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სასარგებლოა ჩირის მიღება, რადგან ისიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და რთულია, გავაკონტროლოთ რამდენს ვიღებთ.
სასმელი – სასარგებლო სასმელების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: წყალი, მწვანე ჩაი, წყალი ლიმონით და თაფლით, პომიდვრის წვენი, უცხიმო რძე.
მარილი – მარილის იოდირება საქართველოში იოდის დეფიციტის პროფილაქტიკის წამყვანი მექანიზმია. იოდის შენარჩუნებისთვის საჭიროა კერძს მარილი დაემატოს მომზადების შემდეგ, რადგან თერმული დამუშავება იოდის დაშლას იწვევს. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემცირდეს მარილის დღიური მოხმარება, განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტენზიისა და თირკმლის დაავადებების მქონე პირებში. ზოგადად, მარილზე მოთხოვნილება შეძენილი ჩვევაა და მასზე უარის თქმა სრულიად შესაძლებელია. თუ 6-8 კვირის განმავლობაში მუდმივად მოიხმართ ნაკლებ მარილს, მასზე მოთხოვნილებაც გაქრება და კერძი მცირე რაოდენობით მარილით სრულებითაც აღარ აღიქმება უგემურად.
ბოსტნეული – იმისთვის, რომ მომზადების შემდეგაც მაქსიმალურად შენარჩუნდეს ამ პროდუქტში შემავალი ვიტამინები და მინერალები, საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა: მინიმალური რაოდენობით გამოვიყენოთ წყალი, ტემპერატურა და დრო.
გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: მომზადების პროცესში გამოთავისუფლდება სასარგებლო ნივთიერებები და მათ ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე უმ ბოსტნეულს.
წყალში ხსნადი ვიტამინები კი გადადის ნახარშში და თუ წვნიანს არ მივირთმევთ, იკარგება. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო მეთოდია ორთქლზე მომზადება.
ბოსტნეული უნდა გაირეცხოს უშუალოდ მომზადების წინ და არა წინასწარ, დაჭრის გარეშე და დაიჭრას მაქსიმალურად დიდ ნაჭრებად
ცხიმში ხსნადი ვიტამინების მაქსიმალურად ასათვისებლად სასარგებლოა კერძზე მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთის დამატება.
შაქარი – ტკბილეული მოიხსენიება, როგორც ცარიელი კალორიები. ეს არის საკვები, რომელიც პრაქტიკულად, არ შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს და შექმნილია მხოლოდ გემოვნური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მისი მოხმარება მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. შედარებით სასარგებლო ვარიანტია შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან