როგორ ვიკვებოთ ბუასილის დროს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.08, 2021 წელი

თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, რაციონიდან უნდა გამორიცხოთ საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას – ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ ნაწლავი გოჭის ხორცსაც აიტანს, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც.
ჰემოროიდული დაავადების დროს არ არის რეკომენდებული წითელი ღვინის, ასევე, ლუდის დალევა, რადგან ისინი აირების დაგროვებას უწყობს ხელს.
გამაღიზიანებელია ღომიც. ღომი არ ანაყრებს, მხოლოდ აირებით ბერავს ნაწლავებს.
დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ადრე ქაღალდის ნაცვლად ბიდეს უფრო ეტანებოდა ხალხი. ჩაბანილ ადგილს რბილი პირსახოცით იშრობდნენ და ეს გაცილებით უკეთესი იყო.
ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.
ბუასილის (ჰემოროის) დროს თავი უნდა აარიდოთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომელიც შეიცავს ცხოველურ ცილებს. მაგალითად, ხორცი, თევზი ან კვერცხი ყაბზობის პროვოცირებას იწვევს.
კატეგორიულად არის აკრძალული ცხარე, მარილიანი და ცხიმიანი პროდუქტის მიღება. სწორედ, ეს უკანასკნელი წარმოადგენს დაავადების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს.
თუ თქვენ მიდრეკილი ხართ ყაბზობისაკენ, უნდა მიირთვათ უჯრედისით მდიდარი საკვები დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად
დღის განმავლობაში აუცილებლად მიიღეთ 1.5-2 ლიტრი წყალი, ხილი და ბოსტნეული.
რძის პროდუქტებიდან რეკომენდებულია კეფირი, იოგურტი და მაწონი. უცხიმო ხაჭოს, არაჟნისა და კარაქის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ მცირე რაოდენობით.
შეეცადეთ, საკვები მიირთვათ მცირე ულუფებით, დღეში 5-6 ჯერ. ამით კუჭ-ნაწლავს ზედმეტ დატვირთვას აარიდებთ.
სასურველია, ვახშამი მიირთვათ დაწოლამდე 2-3 საათით ადრე.
სწორი რაციონის შერჩევისათვის აუცილებელია, ვიცოდეთ ბუასილის გამომწვევი მიზეზი და თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი. გაითვალისწინეთ, რომ სამკურნალო კვების თაობაზე რჩევები ინდივიდუალურია და საჭიროა დიეტოლოგთან კონსულტაცია, რათა თქვენთვის ოპტიმალური დიეტა შეგირჩიოთ. უნდა ეცადოთ, არ გამოიყენოთ დამზოგველი დიეტები, რადგან სწორედ, ასეთი რაციონი განაპირობებს ნაწლავთა ევაკუატორული ფუნქციის დარღვევას.
ის პროდუქტები კი, რომლებიც ჩვეულებრივ, ჩართულია სამკურნალო დიეტებში, უნდა მიირთვათ რეგულარულად როგორც დაავადების განვითარების დროს, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან