მედიცინა

როგორ ვებრძოლოთ შარდის შეუკავებლობას

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.04, 2022 წელი

შარდის შეუკავებლობა
დაკოპირებულია

შარდის შეუკავებლობა – ეს არის უნებლიე შარდვა, რომელიც წარმოშობს როგორც ჰიგიენურ, ისე სოციალურ პრობლემებს. ეს პრობლემები მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს.

არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე სახე:

👉 დაძაბვით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა. ის წარმოიშობა მაშინ, როდესაც მუცელში წნევა იმატებს და შარდის ბუშტზე ზეწოლა ხდება. მაგალითად, სიცილის, ცემინების, ხველების დროს;

👉 შარდის ურგენტული შეუკავებლობა. ადამიანს უეცრად უჩნდება მოშარდვის ძლიერი სურვილი, რასაც შარდის უნებლიე გამოყოფა მოჰყვება. ეს უეცარი სურვილი შეიძლება წარმოიშვას წყლის ჩხრიალის გაგონებისას, პოზიციის უეცარი შეცვლისას ან ორგაზმის შემდეგ;

👉 შარდის ბუშტის გადავსებით გამოწვეული შარდის შეუკავებლობა – როცა შარდის ბუშტი ბოლომდე ვერ იცლება, ხდება მისი გადავსება, რასაც მოშარდვის მუდმივ სურვილთან და შარდის უნებლიე გამოყოფამდე მივყავართ;

👉 ფუნქციური შეუკავებლობა. ეს არის ფიზიკური ან მენტალური დარღვევის შედეგად წარმოშობილი შარდის შეუკავებლობა, როდესაც ადამიანს არ შესწევს უნარი, დროულად მიაშუროს საპირფარეშოს. ამ კატეგორიაში შედიან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, რომლებიც ეტლით სარგებლობენ, ასევე – ართრიტით დაავადებულები, რომლებსაც სწრაფად მოძრაობა უჭირთ;

👉 შერეული შეუკავებლობა. ამ უკანასკნელზე საუბრობენ, როდესაც ადამიანს ერთზე მეტი ტიპის შეუკავებლობა აწუხებს.

ასევე, ცალკე გამოყოფენ პედიატრიულ შარდის შეუკავებლობას, რომელიც შესაძლოა, გამოწვეული იყოს შარდგამომყოფი სისტემის სტრუქტურული განუვითარებლობით, ნევროლოგიური დარღვევით, ინფექციით, ანთებით. ზოგჯერ ბავშვს არ აქვს გამომუშავებული საპირფარეშოში სურვილისამებრ შესვლის უნარი, ზოგჯერ კი თამაშით ზედმეტად გართულს, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება ავიწყდება.

შარდის დროებითი, შექცევადი შეუკავებლობა შეიძლება, გამოიწვიოს ალკოჰოლმა, კოფეინმა, გაზიანმა სასმელებმა, ხელოვნურმა დამატკბობლებმა, შოკოლადმა, სანელებლებით ჭარბად შეზავებულმა საკვებმა, ციტრუსებმა, გულისა და არტერიული წნევის მარეგულირებელმა საშუალებებმა, ძილის მომგვრელმა წამლებმა...

შეუკავებლობის გამოწვევა შეუძლია საშარდე გზების ინფექციას და ყაბზობას.

შარდის შეუქცევად შეუკავებლობამდე შეიძლება მიგვიყვანოს:

👉 მშობიარობამ – ფიზიოლოგიური მშობიარობისას ეშვება კუნთები, რომლებიც მნიშნელოვანია შარდვის პროცესისთვის;

👉 ასაკმა – შარდის ბუშტის კუნთი ასაკთან ერთად სუსტდება და კარგავს ფუნქციის სრულფასოვნად შესრულების უნარს;

👉 მენოპაუზამ – ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში ადრინდელზე ნაკლები ესტროგენი გამომუშავდება, ეს ჰორმონი კი მნიშვნელოვანია შარდის ბუშტისა და შარდსადენის ამომფენი შრეების შესანარჩუნებლად;

👉 პროსტატის გადიდებამ და პროსტატის სიმსივნემ, განსაკუთრებით – ასაკოვან მამაკაცებთან.

👉ნევროლოგიურმა დაავადებებმა, მათ შორის – მრავლობითმა სკლეროზმა, პარკინსონის დაავადებამ, ინსულტმა, თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეებმა, საზოგადოდ, ნებისმიერმა დაზიანებამ, რომელიც აფერხებს შარდის ბუშტისკენ მიმავალ ნერვულ სიგნალებს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი ფაქტორი შეგვიძლია ვაკონტროლოთ და ამით თავიდან ავიცილოთ შარდის შეუკავებლობა. მაგალითად, წონის შემცირებასთან ერთად შემცირდება შარდის ბუშტსა და ირგვლივ მდებარე კუნთებზე ზეწოლა და, შესაბამისად, შარდის შეუკავებლობა ხველებისა და ცემინების დროს. ამიტომ აუცილებელია რაციონში ბოჭკოთი მდიდარი, ჯანსაღი საკვების ჩართვა და ცხიმით მდიდარ, კალორიულ საკვებზე უარის თქმა. დადებითი დინამიკა შეინიშნება ნიკოტინისა და კოფეინის შემცირების შემთხვევაშიც.

ადამიანს შარდის შეკავების უნარის გამომუშავებაში ეხმარება:

👉 შარდის ბუშტის ტრენირება – ვიცით, რომ ურგენტული შეუკავებლობისას მოშარდვის სურვილის აღმოცენების შემდეგ თითქმის არ რჩება დრო საპირფარეშომდე მისასვლელად – შარდის ბუშტი მაშინვე იკუმშება და იწყება უნებლიე შარდვა. შარდის ბუშტის ტრენირებით კი გამოვიმუშავებთ შეკავების უნარს და ნელ-ნელა ვზრდით დროს მოშარდვამდე. თავდაპირველად ვცდილობთ, მოშარდვა დაახლოებით 10 წუთით შევაყოვნოთ, მერე და მერე დროს ნელ-ნელა ვუმატებთ. კარგი შედეგი იქნება, თუ მოშარდვიდან მოშარდვამდე ინტერვალს 2.5-დან 3.5 საათამდე გავზრდით;

👉 შარდის ბუშტის ორმაგი დაცლა – მოშარდვის შემდეგ ცოტა ხანს საპირფარეშოში ვრჩებით და რამდენიმე წუთის შემდეგ ხელახლა მოშარდვას ვცდილობთ. ეს ტექნიკა გვეხმარება, ბოლომდე დავცალოთ შარდის ბუშტი, რათა თავიდან ავიცილოთ მასში შარდის ჩარჩენა და გადავსება;

👉 ვარჯიში – სითხისა და კვების მოწესრიგებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ აქტიურობას. ძალიან კარგია მენჯის დიაფრაგმის ვარჯიში, რომელსაც კეგელის ვარჯიშს უწოდებენ. ის განსაკუთრებით ეფექტურია სტრესული და ურგენტული შეუკავებლობისას. კეგელის ვარჯიში შემდეგნაირად სრულდება: წარმოიდგინეთ, რომ შარდის შეკავებას ცდილობთ, დაახლოებით 5 წამით შეკუმშეთ კუნთები, რომლებსაც შარდის შეკავებისას იყენებთ, მერე კი 5 წამით მოადუნეთ. თუ ეს თქვენთვის რთულია, დაიწყეთ 2 წამით და შეკუმშვის ხანგრძლიობა ნელ-ნელა 10 წამამდე გაზარდეთ. ვარჯიში საჭიროა ყოველდღე, დღეში სამჯერ, ყოველ ჯერზე – 10 გამეორებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა