მედიცინა

როგორ ვებრძოლოთ პოდაგრას

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.11

პოდაგრა
დაკოპირებულია

ეს არის მეტაბოლური დარღვევა, რომელსაც იწვევს მეტად მაღალი შარდმჟავას (იურატის) დონე სისხლში. როცა შარდმჟავა ჭარბად გროვდება, ის გარდაიქმნება კრისტალებად და ილექება სახსრებში, იწვევს ანთებას, ტკივილსა და შესივებას.

ძირითადი გამომწვევი მიზეზები

მაღალი შარდმჟავას დონე (ჰიპერურიკემია) – ორგანიზმში შარდმჟავა წარმოიქმნება პურინების დაშლისას – ეს არის ბუნებრივი ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება ბევრ საკვებში და ორგანიზმის უჯრედებშიც. როცა შარდმჟავა მეტია, ვიდრე თირკმელები ასწრებენ მის გამოყოფას, ის გროვდება სისხლში და ილექება სახსრებში.

არასწორი კვება – პოდაგრას რისკს მნიშვნელოვნად ზრდის პურინებით მდიდარი საკვები: წითელი ხორცი (განსაკუთრებით ძროხა, ღორი, ცხვარი), ქათმის კანი, შებოლილი ხორცი, ძეხვეული, ზოგიერთი თევზი (სარდინი, ანჩოუსი, სკუმბრია, თინუსი), ზღვის პროდუქტები, ლობიო, ბარდა, ოსპი, ალკოჰოლი – განსაკუთრებით ლუდი და წითელი ღვინო, ტკბილი გაზიანი სასმელები, რომელთაც აქვთ მაღალი ფრუქტოზის შემცველობა.

მეტაბოლური დარღვევები და ჯანმრთელობის მდგომარეობა – სიმსუქნე, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადებები (როცა შარდმჟავა ვერ გამოიდევნება), მაღალი ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები.

მედიკამენტები – ზოგი პრეპარატი ზრდის შარდმჟავას დონეს: მაგალითად, შარდმდენები (მაგალითად, ფუროსემიდი, ჰიდროქლოროთიაზიდი), ასპირინი (მცირე დოზით რეგულარულად მიღებისას, იმუნოსუპრესანტები (მაგალითად, ციკლოსპორინი).

მემკვიდრეობა – თუ ოჯახში პოდაგრა აქვთ, არსებობს მაღალი გენეტიკური მიდრეკილება.

ალკოჰოლისა და არაჯანსაღი ცხოვრების ჩვევები – ალკოჰოლი აფერხებს შარდმჟავას გამოყოფას, ფიზიკური უმოქმედობა და გადაჭარბებული კვება აძლიერებს რისკს.

პოდაგრის პროფილაქტიკა მიზნად ისახავს შარდმჟავას დონის ნორმალიზებას და იმ ფაქტორების თავიდან აცილებას, რომლებიც მის დაგროვებას იწვევს. თუ ადამიანს უკვე ჰქონდა პოდაგრის შეტევა, პროფილაქტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – რადგან დაავადებას ახასიათებს განმეორება.

სწორი კვება — პოდაგრის მთავარი პრევენცია მოვერიდოთ: წითელი ხორცი და შებოლილი პროდუქტები (ღორის, ძროხის, ცხვრის ხორცი, სოსისი, ძეხვი, ლორი); • პურინებით მდიდარი თევზი (სარდინი, სკუმბრია, თინუსი, ანჩოუსი); • ზღვის პროდუქტები (კიბორჩხალა, მოლუსკები); • ალკოჰოლი — განსაკუთრებით ლუდი და წითელი ღვინო (ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას); • ტკბილი გაზიანი სასმელები — ფრუქტოზა აძლიერებს შარდმჟავას წარმოქმნას; • ტკბილეული და გადამუშავებული ნახშირწყლები (ნამცხვრები, ბისკვიტები, თეთრი პური, შაქარი).

რეკომენდებულია:

1. ბოსტნეული და ხილი — განსაკუთრებით მწვანე ბოსტნეული, კიტრი, სტაფილო, ისპანახი, კომბოსტო, ვაშლი, ალუბალი; მარცვლოვანი პროდუქტები — შვრია, ქატო, ყავისფერი ბრინჯი; რძის პროდუქტები დაბალი ცხიმიანობით – იოგურტი, მაწონი, ხაჭო; ციტრუსები და კენკრა — ხელს უწყობს შარდმჟავას შემცირებას; ჯანსაღი ცხიმები — ზეთისხილი, ავოკადო, ნიგოზი (ზომიერად).

2. სითხის საკმარისი მიღება - სითხე ეხმარება ორგანიზმს შარდმჟავას გამოდევნაში. დღეში 2–3 ლიტრი წყალი არის ოპტიმალური; სასურველია, წყალი იყოს უბრალო ან მინერალური (ბუშტუკების გარეშე); ჩაი და ყავა ზომიერად შეიძლება, მაგრამ შაქრის გარეშე.

3. ნორმალური წონის შენარჩუნება – სიმსუქნე ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია, რადგან ზრდის შარდმჟავას გამომუშავებას. წონის ნელა კლება ჯობს მკვეთრ დიეტებს – სწრაფად გახდომა პირიქით, პოდაგრას აძლიერებს.

4. ალკოჰოლის შეზღუდვა – განსაკუთრებით უნდა ავირიდოთ ლუდი და ძლიერი სასმელები; მცირე რაოდენობით მშრალი ღვინო ზოგჯერ დასაშვებია, მაგრამ რეგულარული მოხმარება — არა.

5. სტრესისა და გადაღლის თავიდან აცილება - ფიზიკური ან ემოციური სტრესი ხშირად იწვევს შეტევას, ამიტომ მნიშვნელოვანია: სრული ძილი (7–8 საათი); მსუბუქი ვარჯიში (სეირნობა, ცურვა, იოგა); სტრესის მართვა (სუნთქვითი სავარჯიშოები, მუსიკა, ბუნება).

6. წამლების კონტროლი - თუ ადამიანი სვამს შარდმდენებს ან სხვა პრეპარატებს, რომლებიც ზრდის შარდმჟავას დონეს – აუცილებელია ექიმთან შეთანხმება ალტერნატივაზე.

7. პერიოდული შემოწმება – სასურველია, სისხლში შარდმჟავას დონე წელიწადში 1–2-ჯერ გადაიმოწმოთ. მნიშვნელოვანია თირკმლის ფუნქციის კონტროლიც (კრეატინინი, შარდმჟავა, შარდის ანალიზი).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა