მედიცინა

როგორ ვებრძოლოთ ჭარბ ოფლიანობას

№15

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ოფლიანობა
დაკოპირებულია

ოფლის გამოყოფა სხეულის გაგრილების ბუნებრივი გზაა. ამ პროცესს არეგულირებს ავტონომიური ნერვული სისტემა, რომელიც ჩვენს ნება-სურვილს არ ემორჩილება. ის დაუკითხავად ააქტიურებს საოფლე ჯირკვლებს, როდესაც მაღალი სიცხე გვაქვს, ვვარჯიშობთ, ვნერვიულობთ, ვბრაზობთ, გვრცხვენია, გვეშინია ან, უბრალოდ, გვცხელა. ოფლის წარმოქმნის ყველა ეს მიზეზი ფიზიოლოგიურია. ზოგჯერ კი ოფლიანობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენს სხეულში რაღაც მოიშალა, ორგანიზმი მწყობრიდან გამოვიდა.

ერთსა და იმავე პირობებში ზოგი მეტად ოფლიანდება, ზოგი – ნაკლებად. გამოყოფილი ოფლის მოცულობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, უმთავრესად – საოფლე ჯირკვლების რაოდენობაზე, ასაკზე, სქესზე. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების პერიოდში საოფლე ჯირკვლები სრული დატვირთვით მუშაობს, ამასთან, მამაკაცისა – ქალისაზე ინტენსიურად. ოფლიანობას აძლიერებს ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელები, ცხარე საკვები, ნარკოტიკული ნივთიერებები.

ჭარბია ოფლიანობა, როდესაც ადამიანი იმაზე მეტად ოფლიანდება, ვიდრე მოსალოდნელია გარემოს განსაზღვრული ტემპერატურის, დატვირთვის დონისა თუ სტრესის პირობებში. შესაძლოა, ოფლიანობა იმდენად ინტენსიური იყოს, რომ ხელი შეუშალოს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას და გამოიწვიოს სოციალური უხერხულობა ან შფოთვა.

ჭარბ ოფლიანობას ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ის მთელ სხეულზეც შეიძლება გამოვლინდეს და მის ცალკეულ უბნებზეც (ხელისგულები, ფეხსიგულები, იღლიები, სახე).

თუ ჭარბი ოფლიანობა არც რომელიმე სამედიცინო მდგომარეობით არის გამოწვეული და არც სხვა მიზეზით (გარემოს ტემპერატურის მატებით, ფიზიკური აქტივობით), მას პირველადი, ანუ ესენციური ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ამ შემთხვევაში საოფლე ჯირკვლების მუშაობაზე პასუხსმგებელი ნერვები ზედმეტად აქტიურობენ. სტრესის, მღელვარების დროს ოფლიანობა კიდევ უფრო იმატებს. ჰიპერჰიდროზის ეს ტიპი, როგორც წესი, ადგილობრივია – ხელების, ფეხების და ზოგჯერ სახის ოფლიანობით გამოიხატება. სხეულის ამა თუ იმ უბნის ოფლიანობა ჰიპერჰიდროზად რომ ჩაითვალის, ეპიზოდი უნდა გამეორდეს კვირაში, სულ მცირე, ერთხელ და გაოფლინადეს სხეულის ორივე მხარე.

პირველადი ჰიპერჰიდროზი ნაწილობრივ მემკვიდრეობითიც არის. ზოგჯერ ის ოჯახის რამდენიმე წევრს აღენიშნება.

როდესაც ჭარბ ოფლიანობას განსაზღვრული სამედიცინო მდგომარეობა განაპირობებს, მას მეორეული ჰიპერჰიდროზი ეწოდება. ეს მდგომარეობებია: ორსულობა, დიაბეტი, მენოპაუზა, ჰიპერთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის გადაჭარბებული აქტიურობა, ჰიპოგლიკემია – სისხლში გლუკოზის დაბალი შემცველობა, კიბოს ზოგიერთი სახეობა, ლეიკემია, ლიმფომა, გულის შეტევა ან გულის უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, ნერვული სისტემის დარღვევები, ინფექციები, მათ შორის – ტუბერკულოზი, ზოსტერი, მალარია, გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, მედიკამენტების გვერდითი მოვლენები, ნევროლოგიური დაავადებები, მათ შორის – პარკინსონის დაავადება, შფოთვა, სიმსუქნე რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა.

ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნთან გასამკლავებლად ანტიპერსპირანტებს იყენებენ. მათ შემადგენლობაში შემავალი ალუმინის ნაერთები დროებით ბლოკავს ფორებს და ოფლის რაოდენობას ამცირებს. ეფექტურია სუსტად გამოხატული ჰიპერჰიდროზის დროს.

ოფლიანობას ამცირებს ტანინის მჟავას შემცველი შემკვრელი ნივთიერებებიც, მაგალითად, ზილაქტინი. ისმება ოფლიანობისკენ მიდრეკილ ადგილზე.

ყოველდღიური დაბანა ხელს უშლის კანზე ბაქტერიების გამრავლებას და, შესაბამისად, უსიამოვნო სუნის გაჩენას. დაბანის შემდეგ გულდასმით უნდა შეიმშრალოთ თითებს შორის არეები და იღლიები.

თუ ფეხები გიოფლიანდებათ, ატარეთ ბუნებრივი მასალის ფეხსაცმელები და წინდები, რომლებიც ფეხებს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ძლიერი დატვირთვისას ტენის შემწოვი სპორტული წინდები ჩაიცვით. გამოიცვალეთ წინდები დღეში ერთხელ ან ორჯერ, თან ფეხები კარგად შეიმშრალეთ. კარგია ბამბისძირებიანი კოლგოტები, ოფლის საწინააღმდეგო ფეხის ფხვნილები. ფეხები დროდადრო ფეხსაცმლიდან ამოყავით და ხშირად გაინიავეთ. კარგია ფეხშიშველა სიარულიც.

ყოველდღიურად ატარეთ ბუნებრივი ბოჭკოს (ბამბის, შალის, აბრეშუმის) ტანსაცმელი, ხოლო ვარჯიშის დროს – ტენის შემწოვი ქსოვილისა.

სცადეთ სტრესის კონტროლი იოგათი, მედიტაციით, ბიოფიდბექით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა