როგორ უნდა ვმართოთ კუჭის სწრაფად დაცლის პრობლემა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.01
ჯანმრთელი ადამიანის კუჭიდან ნაწლავებში გადასვლას საკვები რამდენიმე საათს ანდომებს. ამ ხნის განმავლობაში კუჭის წვენისა და ფერმენტების ზემოქმედებით ის უფრო მეტად ქუცმაცდება და იშლება. თუ ეს მწყობრი მექანიზმი დაირღვა და საკვები დროზე ადრე გადავიდა თორმეტგოჯა ნაწლავში, დისკომფორტი გარდაუვალია. კუჭის სწრაფი დაცლის სინდრომს დამპინგსინდრომს უწოდებენ. ის უმეტესად კუჭზე ან საყლაპავზე ჩატარებული ოპერაციის შედეგია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაციიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს.
დაავადების ადრეული ფორმის დროს დამახასიათებელია სიმპტომების გამოვლენა საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, გვიანი ფორმის დროს კი სიმპტომები 1-3 საათში ვლინდება.
ადრეული და გვიანი დამპინგსინდრომები სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირად გამოიხატება.
ადრეული დამპინგსინდრომის გამოხატულება განსაკუთრებით მკაფიოა ჩვეულებრივი შაქრით ან ხილის შაქრით მდიდარი საკვების მიღების შემდეგ. თავს იჩენს საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, კუჭის სისავსის ან მუცლის შებერილობის შეგრძნება, გულისრევა, ტკივილი და ჭვალი მუცლის მიდამოში, ბუყბუყი. ამასთან ერთად, შესაძლოა, ადამიანს თავბრუ დაეხვეს ან ცნობიერება დაებინდოს, იგრძნოს დაღლილობა და გაუჩნდეს წამოწოლის სურვილი. ზოგიერთს აღენიშნება სახის, კისრის ან გულმკერდის ზედა ნაწილის გაწითლება, გულის აჩქარება ან არათანაბარი გულისცემა, თავის ტკივილი, ოფლიანობა.
გვიანი დამპინგსინდრომის გამოვლენას იწვევს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება, რასაც მედიცინაში ჰიპოგლიკემიას უწოდებენ. ვითარდება თავბრუ ან ცნობიერების ხანმოკლე დაბინდვა, კანკალი, გულისცემის აჩქარება, ირღვევა გულის რიტმი, ადამიანს უჭირს კონცენტრირება, ოფლიანდება, გრძნობს სისუსტეს.
მძიმე ფორმის დამპინგსინდრომის დროს სიმპტომების შიშით ბევრი თავს არიდებს კვებას. ეს შეცდომაა – წონის კლებასა და სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დეფიციტს შეუძლია, მდგომარეობა გაართულოს.
ზოგიერთს გამოხატული აქვს დამპინგსინდრომის როგორც ადრეული, ისე გვიანი ფორმა.
ადრეული დამპინგსინდრომის დროს მდგომარეობა შესაძლოა, სამიოდე თვეში თავისთავად გაუმჯობესდეს. კვებითი ჩვევებისა და რაციონის ცვლილება ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს. ეს დამპინგსინდრომის მკურნალობის საწყისი ეტაპია. თუ სიმპტომები არ შესუსტდა, ინიშნება მედიკამენტებიც.
არსებობს ქირურგიული ჩარევის მეთოდებიც, რომლებსაც მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია. არჩევანი დამოკიდებულია იმ ოპერაციის ტიპზე, რომლის შემდეგაც დამპინგსინდრომი განვითარდა.
ცხოვრების წესი და შინ მოვლა
საბედნიეროდ, დამპინგსინდრომი უმეტესად მსუბუქი ფორმით ვლინდება და ადვილად ექვემდებარება კვებითი ჩვევებისა და რაციონის შეცვლას.
ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს ურჩევენ:
* მიირთვან მცირე ულუფებით და ხშირად, მაგალითად, დღეში 6-ჯერ, ნაცვლად დღეში სამჯერ დიდი ულუფის მიღებისა;
* სითხე მიიღონ კვებათა შორის ინტერვალში. ერიდონ მის მიღებას ჭამამდე და ჭამის შემდეგ 30-60 წუთის განმავლობაში;
* ჭამის შემდეგ 30 წუთით დაწვნენ;
* რაციონში შეიტანონ მეტი ცილა, ბოჭკო და ცხიმი. უპირატესობა მიანიჭონ რთულნახშირწყლოვან საკვებს, როგორიცაა შვრია, ცეხვილი ხორბლის პური, ხილი და ბოსტნეული. ერიდონ მარტივ ნახშირწყლებს – ტკბილეულს, ნამცხვრებს, თეთრ პურს, თეთრ ბრინჯს, ტკბილ სასმელებს;
* ერიდონ რძეს და მის ნაწარმს. რძის ბუნებრივმა შაქარმა –ლაქტოზამ – შესაძლოა, მდგომარეობა დაამძიმოს;
* საკვებს დაამატონ პექტინი, გუარის ფისი ან ფსილიუმი – ამ მცენარეულ საშუალებებს გამასქელებელი ეფექტი აქვს, რაც წვრილ ნაწლავში ნახშირწყლების შეწოვას აყოვნებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან