მედიცინა

როგორ უნდა უზრუნველვყოთ ახალშობილის უსაფრთხო ძილი

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.05, 2023 წელი

უსაფრთხო ძილი
დაკოპირებულია

პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვილს მშობლების ოთახში უნდა ეძინოს. ამით შემცირდება რისკი – მშობლებს ადვილად გაეღვიძებათ და თუ საჭირო იქნება, დროულად დაეხმარებიან პატარას. ახალშობილს უნდა ეძინოს მშობლების ოთახში, მაგრამ საკუთარ საწოლში, საუკეთესო შემთხვევაში – მშობლების საწოლზე მიდგმულ საბავშვო საწოლში, რომელსაც ცალი მხარე ეხსნება. აუცილებელია, ბავშვს ყოველთვის ზურგზე ეძინოს. თუ ბავშვს პირქვე მწოლიარეს ჩაეძინა, აუცილებლად გადმოატრიალეთ.

პატარას უნდა ეძინოს მაგარ ზედაპირზე. ზეწარი უნდა იყოს გლუვი და არა ბეწვეულით გაწყობილი ან ხაოიანი და მჭიდროდ ეკვროდეს ლეიბს, რათა მოძრაობისას ბავშვმა არ მოითრიოს და სახეზე არ დაიფაროს.

ძილის წინ აუცილებლად ამოალაგეთ ბავშვის საწოლიდან ბალიშები, გადასაფარებლები, რბილი სათამაშოები. გახსოვდეთ, ახალშობილი მხოლოდ ცხვირით სუნთქავს, საწოლში მიყრილ-მოყრილი ზედმეტი ნივთები კი ადვილად შეიძლება აეფაროს სასუნთქ გზებზე და გაგუდოს. გარდა ამისა, ჩახუთულ საწოლში გროვდება ამოსუნთქვისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი.

ნუ მოწევთ თამბაქოს ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს.

მოლოდინი და რეალობა

ყველა იმედოვნებს, რომ ბავშვს ძილი ეყვარება, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი საპირისპიროდ ხდება და შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი მკერდზე ან გვერდით დაძინება. განსაკუთრებით პირველი დღეების განმავლობაში. ეს საშიში სულაც არ არის, მთავარია:

👉მშობელი არ უნდა იყოს მწეველი;

👉 უნდა იყოს ფხიზელი, არ იღებდეს მედიკამენტებს, რომლებიც ძილიანობას იწვევს;

👉 საწოლში არ ჰქონდეს მიმოფანტული ბალიშები, საბანი უნდა ეხუროს მხოლოდ წელს ქვემოთ;

👉 ბავშვს უნდა ეძინოს საღამურით. ნუ გაახვევთ – გახვეულს თქვენ გვერდით ძალიან დასცხება;

👉უნდა იწვეს ზურგზე, დედის მხარეს და არავითარ შემთხვევაში – შუაში.

👉ლეიბი მაქსიმალურად მკვრივი უნდა იყოს, ზეწარი – რეზინით მოჭიმული;

👉საწოლს უნდა ჰქონდეს მოაჯირი, რათა ბავშვი არ გადავარდეს.

მთავარი რეკომენდაციებია უსაფრთხო ძილი, ადეკვატური გარემოს შექმნა და სწორი ძილის პოზა. სიცოცხლისთვის საშიში რისკ-ფაქტორების ჩამონათვალი კი ასეთია:

👉ახალშობილის მცირე წონა – ნაადრევი მშობიარობისას, როცა ნაყოფის წონა ნორმაზე ნაკლებია, დიდია ალბათობა, მისი თავის ტვინი სათანადოდ არ იყოს მომწიფებული და ვერ აკონტროლებდეს ისეთ ავტოსომურ პროცესებს, როგორებიცაა სუნთქვა და გულისცემა;

👉რესპირატორული ინფექცია – უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაცვლილ ბევრ ბავშვს უახლოეს წარსულში გადატანილი ჰქონდა რესპირატორული ინფექცია და შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია სუნთქვის პრობლემები;

👉სქესი – სტატისტიკურად, მამრობითი სქესის ჩვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი აღნიშნული სინდრომისკენ;

👉ასაკი – ყველაზე საშიშია სიცოცხლის მეორე და მესამე თვე;

👉ოჯახური ისტორია – მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, რომელთა და, ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი ან მამიდაშვილი ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომს ემსხვერპლა;

👉პასიური მწეველობა – უეცარი სიკვდილის ალბათობა უფრო დიდი აქვთ ბავშვებს, რომლებიც მწეველთა ოჯახში ცხოვრობენ.

👉ქსოვილებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ორგანულ ბამბას, რომელიც ჰაერს ცირკულაციის საშუალებას აძლევს და თავიდან გვაცილებს ჭარბ ოფლიანობას;

👉აირჩიეთ საძილე ტომარა, რომელიც სარეცხ მანქანაში ირეცხება;

👉აუცილებლად შეამოწმეთ, ხომ არ აქვს ტომარას თასმები – ისინი საშიშია;

👉შეარჩიეთ ქვედაშესაკრავიანი საძილე ტომარა – ასეთი შესაკრავი ღამით საფენის გამოცვლას გაგიადვილებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი