მედიცინა

როგორ უნდა მოვიქცეთ მოულოდნელი დაზიანების შემთხვევაში

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.11

ნაკბენი
დაკოპირებულია

ელექტრული შოკი

როდესაც ადამიანი პირდაპირ ეხება ელექტრობის წყაროს, შესაძლოა, მან ელექტრული შოკი მიიღოს. დაზიანების ხარისხი დენის სიმძლავრესა და დენთან შეხების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული – შესაძლოა, საქმე მსუბუქი დისკომფორტით დასრულდეს, მაგრამ არც სიკვდილია გამორიცხული.

პატარა ბავშვებს იზიდავთ ელექტროხელსაწყოები და ელექტროსადენები, რადგან ჯერ არ იციან, რომ მათ უნდა ერიდონ. განსაკუთრებით მიმზიდველია საახალწლო გირლანდები.

როგორ მოვიქცეთ

თუ ბავშვს დენმა დაარტყა, უპირველეს ყოვლისა, მოაშორეთ დენის წყაროს. არ მოჰკიდოთ კაბელს შიშველი ხელი! სცადეთ მისი გათიშვა ელექტროქსელიდან. თუ ვერ ახერხებთ, გადაჭერით ხისტარიანი ნაჯახით ან გაწიეთ მშრალი ჯოხით, სქელი ტანსაცმლით, დახვეული გაზეთით, სილიკონის ხელთათმანით.

თუ ვერც ეს მოხერხდა, შეეცადეთ, მოაშოროთ ბავშვი დენის წყაროს ისეთი საგნით, რომელიც დენს არ ატარებს. შიშველი ხელით არ შეეხოთ – ელექტრული დენი თქვენზეც გადმოვა.

როგორც კი ელექტრული ნაკადი შეწყდება, შეუმოწმეთ ბავშვს სუნთქვა, გულისცემა, კანის ფერი და ცნობიერება. თუ არ სუნთქავს, გული არ უცემს ან არათანაბარი და სწრაფი პულსი აქვს, ნორმალური გულისცემის აღსადგენად დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. პარალელურად ხმა მიაწვდინეთ უახლოეს ადამიანს და სთხოვეთ, სასწრაფო დახმარება გამოიძახოს. ერიდეთ ბავშვის უმიზეზოდ გადაადგილებას, ვინაიდან ძლიერმა ელექტრულმა დენმა შესაძლოა, ხერხემლის მოტეხილობა და ზურგის ტვინის დაზიანებაც გამოიწვიოს.

თუ ბავშვს გონება არ დაუკარგავს და კონტაქტურია, შეუმოწმეთ კანი და ლორწოვანი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ელექტროსადენი კბილებით გადაღრღნა. დიდი რისკია, დენის დარტყმისას ბავშვმა დამწვრობა მიიღოს, მას კი სათანადო მკურნალობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, დაინფიცირდეს, გართულდეს ან ნაიარევი დატოვოს.

მიუხედავად, იმისა, რომ ბავშვი ერთი შეხედვით, შესაძლოა, კარგად გრძნობდეს თავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ელექტრულმა ტრავმამ შესაძლოა, შინაგანი ორგანოები დააზიანოს (გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა, მაგალითად, თავის ტვინში). პედიატრი გასინჯავს ბავშვს, ჩაუტარებს ჩივილების შესაბამის კვლევებს, დაუმუშავებს დაზიანებულ კანს და შეუხვევს. თუ დაზიანება მძიმეა, შესაძლოა, პატარას ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდეს.

პრევენცია

პრევენციის საუკეთესო გზა როზეტების დაცობა, ელექტროსადენების კარგად შეფუთვა და ბავშვისთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე დამაგრებაა. ნუ დატოვებთ პატარებს უყურადღებოდ, განსაკუთრებით – სააბაზანოში, რადგან წყალი ელექტრობის კარგი გამტარია.

ნაკბენები

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი უცხო ცხოველმა უფრო შეიძლება დაკბინოს, ვიდრე შინაურმა, მაგრამ ასე არ არის. პატარებს უყვართ შინაურ ცხოველებთან თამაში, მაგრამ ვერ ხვდებიან, რამდენად შემაწუხებელი და მტკივნეული შეიძლება იყოს, მაგალითად, ძაღლისთვის ან კატისთვის მათი მოფერება. გაღიზიანებულმა ცხოველმა შესაძლოა, მოიგერიოს ბავშვი და ამ დროს დაკაწროს ან დაკბინოს.

მკურნალობა

თუ ბავშვს ნაკბენიდან ძლიერ სდის სისხლი, უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, სისხლდენა შეუჩეროთ – სუფთა ნაჭრით გაუკეთეთ დამწოლი ნახვევი რამდენიმე წუთით. როცა სისხლდენა მოიკლებს, ჩამობანეთ ნაკბენი ნელთბილი, გამდინარე წყლითა და საპნით. არ გამოიყენეთ სპირტი და იოდი.

თუ ჭრილობა დიდია, შესაძლოა, გაკერვა დასჭირდეს, ამიტომ როცა პატარას პირველ დახმარებას აღმოუჩენთ, მიმართეთ ნებისმიერი პედიატრიული კლინიკის მიმღებ განყოფილებას ან იმუნიზაციის ეროვნულ ცენტრს, სადაც ბავშვს ექიმი გასინჯავს, მის მდგომარეობას შეაფასებს და გადაწყვეტს, გაიკეროს თუ არა ჭრილობა ან რომელი ვაქცინა გაკეთდეს.

თუ ბავშვი დაკბინა ან დაკაწრა შინაურმა ცხოველმა, რომელიც ცოფზე გეგმის მიხედვით არის აცრილი, ექიმი გირჩევთ, მას ათი დღე დააკვირდეთ. თუ ამ ხნის განმავლობაში ცხოველს ცოფის ნიშნები გამოაჩნდა ან მოკვდა, აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კურსი.

თუ ბავშვს ასაკობრივი სქემის მიხედვით აქვს გაკეთებული ტეტანუსის აცრა, მისი დამატებითი დოზა შესაძლოა, არც კი დასჭირდეს, თუმცა, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ამიტომ ექიმის რეკომენდაციას უნდა მისდიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა