მედიცინა

როგორ უნდა მოიწესრიგოთ ძილი ორსულობის დროს

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ძილი
დაკოპირებულია

ფეხმძიმობის დასაწყისში ქალების უმრავლესობას საწოლში კოტრიალისა და თვლემის სურვილი იპყრობს, ორსულობის მეორე ნახევარში სურათი მკვეთრად იცვლება და მათ მშვიდი ძილი ფუფუნებად ექცევათ.

უძილობის პრობლემა მართლაც მრავალ ორსულს სტანჯავს. მიზეზი უმეტესად საკმაოდ მოზრდილი ნაყოფია, რომელიც დედიკოს სათანადოდ გამოძინების საშუალებას არ აძლევს. ზოგიერთს ზურგზე წოლა უჭირს, ზოგსაც – გვერდზე. პირქვე წოლა ხომ, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ხდება ხოლმე, რომ ქალი, რომელიც ლამის მთელი ცხოვრება მუცელზე წოლას იყო ჩვეული, ორსულობისას საწოლში ადგილს ვერ პოულობს. მოდი, თვალი გადავავლოთ მიზეზებს, რომლებიც მომავალ დედიკოს დაძინებაში უშლის ხელს. შარდვის გახშირება. ორსულობისას თირკმელები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რადგან ადრინდელზე გაცილებით მეტი გაფილტვრა უხდებათ. შარდიც, შესაბამისად, უფრო მეტი წარმოიქმნება. გარდა ამისა, გაზრდილი ნაყოფი აწვება ლამის მუდმივად გადავსებულ საშარდე ბუშტს და შედეგიც არ აყოვნებს! თუ ნაყოფი ღამღამობით განსაკუთრებით აქტიურობს, გასაკვირი არ იქნება, რომ საშარდე ბუშტზე ხშირი „მიკაკუნების“ შედეგად ადგომა და საპირფარეშოსკენ გასეირნება ხშირად მოგიხდეთ.

გულისცემის გახშირება - მეტი სისხლის გადატუმბვას მეტი ენერგია სჭირდება. გულიც უფრო ინტენსიურად მუშაობს. სუნთქვის გაძნელება - ამას ორი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი: ორსულობისას წარმოქმნილი ჰორმონები ღრმა სუნთქვას განაპირობებს, რაც უკმარისობისა და სუნთქვის გაძნელების ცრუ განცდას ბადებს; მეორე: გაზრდილი ნაყოფი, რომელიც დიაფრაგმას ქვემოდან აწვება და ფილტვებს საკმაო სივრცეს აღარ უტოვებს, რომ ჩასუნთქვისას თავისუფლად გაფართოვდნენ.

ტკივილი ქვედა კიდურებსა და ზურგის არეში - დისკომფორტის მიზეზი უპირატესად ზედმეტი წონაა, რაც ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით – სახსრებისთვის, ერთგვარი ტვირთია. გარდა ამისა, ფეხმძიმობისას გამომუშავდება სპეციალური ჰორმონი რელაქსინი, რომელიც მყესების მოდუნებასა და ორგანიზმის მშობიარობისთვის მომზადებას უწყობს ხელს. ამავე დროს, რელაქსინის ზემოქმედებით სხეული ეშვება, რის გამოც მაღალია ტრავმის ალბათობა. ყოველივე ამის გამო უხერხული მოძრაობის, მოუხერხებლად ჯდომისა თუ წოლისას ტკივილი იოლად წარმოიშობა.

გულძმარვა, რომლის მიზეზიც რეფლუქსი ანუ კუჭის შიგთავსის უკანვე, საყლაპავში ამოტყორცნაა, ორსულებში უფრო მძაფრად არის გამოხატული. ამის მიზეზი, პირველ ყოვლისა, გაზარმაცებული და მოდუნებული საჭმლის მომნელებელი სისტემაა, რის გამოც საკვები კუჭში გაცილებით მეტხანს ყოვნდება, ვიდრე დაორსულებამდე. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ნაყოფის კუჭზე ზეწოლაა, რაც დაწოლისას ძლიერდება – გაზრდილი საშვილოსნო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უფრო მეტად ავიწროებს შინაგან ორგანოებს. მშვიდი და კომფორტული ძილისთვის გვერდზე წოლა მუხლებში მოხრილი ფეხებით ორსულობის პირველ ნახევარში იდეალური პოზიციაა. ასე არა მხოლოდ კომფორტულად იგრძნობთ თავს, გულსაც დაზოგავთ და აი, რატომ: ზურგზე წოლისას ნაყოფი აწვება ქვედა ღრუ ვენას, რომელსაც სისხლი ქვედა კიდურებიდან გულისკენ მიაქვს. ზოგჯერ ექიმი ორსულს მარცხენა გვერდზე წოლას ურჩევს, რათა ღვიძლზე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს. თუ ძილის დროს გვერდს რამდენჯერმე იცვლით არაუშავს, თუ მუცელი ამის საშუალებას გაძლევთ, საწოლში ტრიალი არც თქვენ და არც თქვენს პატარას არაფერს გავნებთ, თუმცა მესამე ტრიმესტრში (ფეხმძიმობის ბოლო სამი თვის განმავლობაში) ამგვარი „ტრიუკების“ შესრულება ნამდვილად გაგიჭირდებათ. თუ ზურგზე წოლას ვერა და ვერ გადაეჩვიეთ და იმასაც გრძნობთ, რომ მუცლის ზრდასთან ერთად დაძინება სულ უფრო მეტად გიჭირთ, შესაძლოა, თქვენი პრობლემა მარტივად, ერთი პატარა ბალიშის საშუალებით გადაიჭრას. ამოიდეთ ბალიში ზურგს უკან, წელთან, ან ფეხები შეაწყვეთ მასზე. ორივე შემთხვევაში ღრუ ვენიდან სისხლის უკუდენა გაიოლდება და გულს ზედმეტი დატვირთვა მოეხსნება.

მშვიდად რომ დაგეძინოთ, გაითვალისწინეთ: მაქსიმალურად ერიდეთ კოფეინიან სასმელებს, მით უმეტეს – დღის მეორე ნახევარში. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, საჭირო ოდენობის სითხე მიიღოთ. დაძინებამდე რამდენიმე (სულ მცირე, ორი) საათის განმავლობაში, რაც შეიძლება, ნაკლები სითხე სვით. საღამოობით, ასევე, სასურველია, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა. თუმცა, ეცადეთ, ფიზიკურად არ გადაიტვირთოთ. უმჯობესია, ძილის წინ მაქსიმალურად მოდუნდეთ: მიიღოთ 10-15-წუთიანი თბილი აბაზანა, დალიოთ თაფლიანი თბილი რძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა