მედიცინა

როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ბავშვის თვალებს

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.04, 2024 წელი

თვალები
დაკოპირებულია

თუ შევამჩნიეთ, რომ პატარას თვალები შეუწითლდა, ექავება და, თითქოს წებო ჩააწვეთესო, გახელა უჭირს, უნდა ვიფიქროთ, რომ მიზეზი კონიუნქტივიტია. კონიუნქტივი თვალის ლორწოვანი გარსია, რომელიც თვალის კაკალსაც ეკვრის და ქუთუთოების შიგნითა ზედაპირსაც. ასეთ დროს დანიშნული თვალის წვეთების გამოყენებისას, გაითვალისწინეთ შემდეგი წესები: თუ პიპეტს იყენებთ, გამოყენებამდე სტერილიზაცია ჩაუტარეთ. ჩაწვეთების შემდეგ შუშის ნაწილი (და არა – რეზინის) ბორის მჟავას სააფთიაქო ხსნარში ჩაძირეთ და თავზე დოლბანდი გადააფარეთ.

ჩაწვეთების წინ თვალის წვეთების ბოთლი 3-5 წუთის განმავლობაში ხელში შეათბეთ. ბავშვი სკამზე დასვით და სთხოვეთ, არ გაინძრეს. თუ მეტისმეტად პატარაა, ხელები დაუჭირეთ. შემდეგ უთხარით, ჭერში აიხედოს, მარცხენა ხელით ქვედა ქუთუთო გამოუწიეთ, მარჯვენით კი წამალი ჩააწვეთეთ.

მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, ერთი წვეთიც საკმარისია, ამიტომ რამდენიმე წვეთს ერთბაშად ნუ ჩააწვეთებთ. ასე ალერგიულ რეაქციასაც გადაურჩებით და პრეპარატის ზედმეტად ხარჯვასაც. ჩაწვეთებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ და პიპეტის თავი თვალის ლორწოვანს არ მიადოთ. ასე ინფიცირებას აიცილებთ. პროცედურის დასრულების შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, 1-2 წუთს თვალი არ დაახამხამოს. შემდეგ, როცა თვალს დახუჭავს, ჭარბი წამალი რბილი ერთჯერადი ხელსახოცით მოწმინდეთ.

თუ ექიმმა ბავშვს თვალის კრემი ან საცხი გამოუწერა: საგულდაგულოდ დაბანილი ხელით პატარას ქვედა ქუთუთო ჩამოუწიეთ და მის შუა ნაწილში წამლის ძალიან მცირე ულუფა ჩაუდეთ. იგივე პროცედურა ჩაატარეთ მეორე თვალზე და შემდეგ ბავშვს თვალების დახუჭვა სთხოვეთ. ქაღალდის სუფთა ერთჯერადი ხელსახოცით მსუბუქად დააწექით ქუთუთოს და მალამო ფრთხილად შეაზილეთ დახუჭულ თვალში. ასე წამალი მაქსიმალურად გადანაწილდება თვალის ლორწოვანზე.

* მოარიდეთ ბავშვი ძლიერ მხედველობით დატვირთვას. ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან თამაში, კითხვა და, მით უმეტეს, კითხვის სწავლება, ასევე, თავსატეხების აწყობა დროებით გადადეთ;

* თუ ბავშვი სათვალეს ატარებს, ნუ მოახსნევინებთ – უსათვალოდ მხედველობა დაეძაბება, ეს კი ლორწოვანის ანთებას უფრო მეტად გაამწვავებს;

* ბავშვი მხოლოდ ჩრდილში ასეირნეთ, მზის გულზე თამაში დაუშალეთ, თავზე კი კეპი ან პანამა დაახურეთ – მზის სხივები მტკივან თვალებს მეტისმეტად გაუღიზიანებს;

* თვალების ქავილისა და ქვიშის ჩაცვენის სიმპტომისგან გასათავისუფლებლად ადგილობრივ საფენებს გირჩევთ. ცივ და არა ყინულოვან, სუფთა წყალში დაასველეთ ბამბის ორი ფთილა და ბავშვს დახუჭულ თვალებზე დააწყვეთ. საფენები გათბობამდე გააჩერეთ. თუ ქავილმა არ იკლო, კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ;

* ადენოვირუსული კონიუნქტივიტის დროს ბავშვს დახუჭულ თვალებზე 15-20 წუთით დააფინეთ მწვანე ვაშლის, კიტრის ან კატროფილის ახალგამოწურულ წვენში დასველებული ბამბის ფთილა;

* ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენა. პროცედურების წინ ხელები დაიბანეთ. ბავშვს კი პირსახოცი ყოველდღე უცვალეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა