მედიცინა

როგორ უნდა ამოვიცნოთ ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.08

ნახშირბადის მონოქსიდი
დაკოპირებულია

ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია:

* მძინარე ადამიანისთვის – ძილის დროს მოწამლულმა ადამიანმა შესაძლოა, ტვინის შეუქცევადი დაზიანება მიიღოს ან მანამდე გარდაიცვალოს, სანამ პრობლემას დაადგენენ;

* ნაყოფისთვის – ნაყოფის სისხლი ნახშირბადის მონოქსიდს უფრო იოლად ითვისებს, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა, ამიტომ უფრო მგრძნობიარეა ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციის მიმართ;

* ბავშვისთვის – ბავშვების სუნთქვის სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ ისინი უფრო სწრაფად იწამლებიან მხუთავი აირით;

* ხანდაზმულისთვის – ხანდაზმულებთან ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის დროს ტვინის დაზიანება უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდებთან.

საინტერესოა, რომ CO-ს მაღალი კონცენტრაციით ინტოქსიკაციის დროს სუნთქვის სიხშირე იმატებს, თუმცა ადამიანს ჰაერის უკმარისობის შეგრძება არ აქვს. საკმაოდ ხშირია ეიფორიის მდგომარეობა. ქოშინის, როგორც საშიშროების სიგნალის, არარსებობა ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის მსხვერპლთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზია.

მოწამვლის დროს ყველაზე ადრე ფსიქონევროლოგიური სიმპტომები იჩენს თავს, რაც თავის ტვინზე ჟანგბადის მწვავე უკმარისობის გავლენის შედეგია. მოწამლულს აწუხებს თავის ტკივილი, განსაკუთრებით – საფეთქლისა და შუბლის არეში, თავბრუ, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების სხვადასხვა სიმძიმის დათრგუნვა (კომური მდგომარეობის ჩათვლით).

10-დან 30-მდე პროცენტს უტოლდება გადავადებული ნეიროფსიქიატრიული სინდრომის განვითარების ალბათობა. ეს არის სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც ფაქტობრივად, გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან მოწამვლიდან რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგ იჩენს თავს. გადავადებული ნეიროფსიქიატრიული სინდრომი მოიცავს:

* აზროვნების უნარის დაქვეითებას;

* პიროვნულ ცვლილებებს;

* დემენციას;

* პარკინსონიზმს – ტერმინი, რომელიც გულისხმობს პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს (მოძრაობის შენელება, კუნთების რიგიდულობა და კანკალი).

თუ ეჭვობთ, რომ თქვენ ან თქვენი თანმხლები პირი ნახშირბადის მონოქსიდით მოიწამლეთ, სასწრაფოდ გადით სუფთა ჰაერზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ამიტომ მკურნალობა პაციენტის კლინიკაში მოხვედრისთანავე იწყება. დიაგნოზის დასაზუსტებლად კეთდება სისხლის ანალიზიც. ერთადერთი პირველადი დახმარება, რაც სასწრაფოს მოსვლამდე შეგიძლიათ, სუფთა ჰაერზე გასვლაა. დიაგნოზს სვამენ ანამნეზის, მოწამვლისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის განსაზღვრის საფუძველზე. ანალიზისთვის რეკომენდებულია სისხლის აღება, რაც შეიძლება, სწრაფად, რადგან სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისა და პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კარბოქსიჰემოგლობინის დონემ შესაძლოა, დაიწიოს, რაც ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას არ შეესაბამება. მიმღებ განყოფილებაში პაციენტებს სპეციალური ნიღბით ასუნთქებენ სუფთა ჟანგბადს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მოთავსება ჰიპერბარიულ ჟანგბადის კამერაში, სადაც ჰაერის წნევა ჩვეულებრივ გარემოზე 2-3-ჯერ მაღალია. ასე უფრო სწრაფად ხდება ორგანიზმიდან ნახშირბადის მონოქსიდის გამოძევება და ჟანგბადით ჩანაცვლება. ამ გზით შესაძლებელია ტვინისა და გულის დაზიანების თავიდან აცილება, ვინაიდან ეს ორგანოები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ჟანგბადოვანი შიმშილის მიმართ. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება ორსულ პაციენტებთანაც.

მოწამვლის პრევენციისთვის არსებობს ნახშირბადის მონოქსიდის სპეციალური დეტექტორი, რომელიც ოთახში მხუთავი აირის საგანგაშო კონცენტრაციის დროს განგაშის სიგნალს გამოსცემს. მისი დამონტაჟება სასურველია საძინებელთან ახლოს.

ზამთრის სეზონის დაწყებამდე აუცილებლად შეამოწმებინეთ სპეციალისტს თქვენი გამათბობელი, ვინაიდან ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციას ყველაზე ხშირად სწორედ გაუმართავი გამათბობელი იწვევს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა