მედიცინა

როგორ შევუწყოთ ხელი სიმაღლეში ზრდას

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.09

სიმაღლეში ზრდა
დაკოპირებულია

ბავშვი შეიძლება ჩამორჩებოდეს თანატოლებს სიმაღლეში, მაგრამ იმავე დროს იყოს სრულიად ჯანმრთელი. ეს განსაკუთრებით ბუნებრივი მოვლენაა, როცა მშობლებიც ტანდაბლები არიან, რადგან მთავარი ფაქტორი, რაც ბავშვის სიმაღლეს განსაზღვრავს, გენეტიკაა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზრდის ტემპი ძალიან ინდივიდუალურია. რიგ შემთხვევებში სიმაღლეში ჩამორჩენა შეიძლება; სხვადასხვა დაავადების შედეგი იყოს. ზოგი ასეთი პათოლოგიის დროს სწორი მკურნალობით ბავშვი აღწევს გენეტიკით განსაზღვრულ სიმაღლეს, ზოგ დაავადებას კი, მკურნალობის მიუხედავად, მყარი ტანდაბლობა ახლავს.

ზრდის შეფერხების გამომწვევი დაავადებები

ენდოკრინული დაავადებები:

• ზრდის ჰორმონის დეფიციტი;

• ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა;

• დიაბეტი;

• კუშინგის დაავადება.

ქრონიკული დაავადებები:

• გულის დაავადებები;

• ასთმა;

• ნაწლავის ანთებითი დაავადებები;

• თირკმლის დაავადებები;

• იუვენილური იდიოპათიური ართრიტი.

გენეტიკური დაავადებები:

• დაუნის სინდრომი;

• ტერნერის სინდრომი;

• ვილიამსის სინდრომი.

ძვლისა და ხერხემლის დაავადებები:

• რაქიტი;

• აქონდროპლაზია.

მალნუტრიცია – საკვების ნაკლებობა.

აღსანიშნავია, რომ სიმაღლეში ზრდის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა მაჩვენებელი ფიქსირდება მოცემულ მომენტში, არამედ ის, თუ როგორი პროგრესით მიმდინარეობს ზრდის პროცესი. ანუ მისი ანალიზი უნდა მოხდეს დინამიკაში.

გენეტიკის გარდა ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გარემო ფაქტორებიც, რომლებზეც შესაძლებელია გავლენის მოხდენა და ზრდის პროცესების უფრო გააქტიურება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.

კვების მოწესრიგება: უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით დაუმუშავებელი საკვების ჩართვა რაციონში, როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლის პროდუქტები, ცილა, რძის პროდუქტები. უნდა შემცირდეს შაქრით, ნაჯერი ცხიმით, ტრანსცხიმებით, მარილით გაჯერებული საკვები.

ძილის რეჟიმის დაცვა: ბავშვთა და მოზარდთა ასაკში სრულფასოვან ძილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზრდისთვის. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით მეტი ძილი ესაჭიროება დღე-ღამის განმავლობაში.

რეგულარული ვარჯიში ძვლებისა და კუნთების გასამაგრებლად.

სხეულის სწორ პოზიციაზე ზრუნვა: გამართული წელი და მხრები სხეულს უფრო მაღალს აჩენს. სწორი პოზიციის დასაჭერად და შესანარჩუნებლად კარგია ისეთი სახეობის სპორტით დაკავება, როგორიცაა კალათბურთი, ცურვა. კარგია, ასევე, გაწელვითი ვარჯიშები, იოგა, პილატესი, რაც ხერხემლის დისკების დეკომპრესიასაც უწყობს ხელს. ეს რეკომენდაცია, ასევე, გამოსადეგია მოზრდილებისთვის, ვისთანაც ზრდის ზონები უკვე დახურულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი