როგორ შევინარჩუნოთ გულის ჯანმრთელობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.05

განსაზღვრულ ეტაპამდე კარდიომიოპათია შესაძლოა, ყოველგვარი ნიშნის გარეშე მიმდინარეობდეს, მერე კი ერთბაშად გამოვლინდეს გულის უკმარისობით ან გულის რიტმის დარღვევით, რომელიც ზოგჯერ უეცარი სიკვდილის მიზეზადაც კი იქცევა. გულის უკმარისობას, რომელიც კარდიომიოპათიის გამო ვითარდება, შეუპოვარი მიმდინარეობა ახასიათებს და მკურნალობას ნაკლებად ემორჩილება. ამ თავისებურების გამო დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების გამოვლინებასა და იმ ფაქტორების ზემოქმედების თავიდან აცილებას, რომლებმაც შეიძლება კარდიომიოპათიის აღმოცენება გამოიწვიოს.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მიზეზად გენეტიკურ ფაქტორს მიიჩნევენ. დაავადებულთა თითქმის ნახევარს აღენიშნება კარდიომიოპათიის ოჯახური ისტორია. დაავადების აღმოცენებას ათამდე სხვადასხვა გენის 150-მდე განსხვავებული მუტაცია განაპირობებს.
რესტრიქციული კარდიომიოპათია შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. ამ ფორმის კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთის დაზიანება ამილოიდოზს, ჰემოქრომატოზს, გლიკოგენის ჩალაგებას, სარკოიდოზს, სკლეროდერმიასა და სხვა დაავადებებს უკავშირდება.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა – რა ცვლილებები ვითარდება გულში კარდიომიოპათიის დროს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ თვალსაზრისით; კარდიომიოპათიის სამ ფორმას განარჩევენ. თითოეულ მათგანს განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებს.
დილატაციური კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთის ანუ მიოკარდიუმის დაზიანების შედეგად ხდება გულის ღრუების გაფართოება ანუ დილატაცია. ეს თავისებურებაა ასახული დაავადების სახელწოდებაშიც. შედეგად ქვეითდება გულის კუნთის შეკუმშვისა და მის მიერ აორტაში სისხლის გადასროლის უნარი, რასაც მედიცინის ენაზე გულის სისტოლური ფუნქციის დაქვეითებას უწოდებენ. ამ სახის კარდიომიოპათიის დროს გულის კუნთი გასქელებული არ არის.
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისას ვითარდება მარცხენა, უფრო იშვიათად – მარჯვენა პარკუჭის კედლების ჰიპერტროფია (გასქელება), რომელიც უმეტესად ასიმეტრიული ხასიათისაა. უპირატესად პარკუჭთაშუა ძგიდე ზიანდება. ის ძალზე მკვეთრად გასქელდება – შესაძლოა, 40 მილიმეტრსაც კი მიაღწიოს. ეს პროცესი არა მარტო გულის აგებულებას, არამედ სისხლის მიმოქცევასაც ცვლის – გულის შეკუმშვის ანუ სისტოლის დროს გულის სარქვლის აფრა და ძგიდე ისე უახლოვდება ერთმანეთს, რომ გულიდან აორტისაკენ სისხლის განდევნა ბრკოლდება. ამ მოვლენას მედიკოსები ობსტრუქციას უწოდებენ. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს ობსტრუქცია შეიძლება, იყოს აშკარაც და ფარულიც (ლატენტური). ზოგიერთ პაციენტს კი ის სრულებით არ აღენიშნება.
რესტრიქციულ კარდიომიოპათიას გულის შიგნითა გარსის, ანუ ენდოკარდიუმის ცვლილება ახასიათებს – ის სქელდება და მკვრივდება. ენდოკარდიუმი, რომელიც ამგვარ ცვლილებებს განიცდის, ელასტიკურობას კარგავს და გულის მოდუნების ანუ დიასტოლის ფაზაში ვერ იჭიმება. ამის გამო მისი სისხლით ავსება მცირდება და ვითარდება გულის უკმარისობა. გარდა ამისა, დიასტოლის ფაზაში არასრულფასოვანი მოდუნების გამო ირღვევა გულის სისხლმომარაგება და კვება.
რა აწუხებს პაციენტს
აღწერილი ცვლილებები აისახება პაციენტის მდგომარეობაზე. დილატაციურ კარდიომიოპათიას, მიუხედავად მიზეზთა მრავალფეროვნებისა, მსგავსი კლინიკური გამოვლინება ახასიათებს. ის თავს მაშინ იჩენს, როდესაც გულის კუნთის დაზიანების გამო გულის უკმარისობა ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია:
•ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება. თავდაპირველად ქოშინი ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს, მერე და მერე კი პაციენტს მოსვენების დროსაც აწუხებს. ზოგჯერ ვითარდება შეტევითი ქოშინი, რომლის მიზეზიც მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ანუ კარდიული ასთმაა;
•ქვემო კიდურების შეშუპება;
•ფილტვების ქვემო წილებში ხიხინი;
•ღვიძლის გადიდება;
•მუცლის ღრუში ან პლევრაში სითხის დაგროვება, რასაც მედიცინაში ასციტსა და ჰიდროთორაქსს უწოდებენ.
გარდა ამისა, ტიპურია კარდიალგია, ანუ ტკივილი გულის არეში, გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევა, თრომბოემბოლიურ გართულებათა აღმოცენება.
ალკოჰოლის მიღება სასტიკად აკრძალულია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან