როგორ მოვუაროთ თვალებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.04, 2021 წელი

პირველი დახმარება თვალებისათვის – თვალებმა რომ დაისვენოს და იბრწყინოს, საჭიროა, ბნელ ოთახში გახელილი თვალებით წამოწოლა და მოდუნება.
თვალის დაღლილობის პირველივე ნიშნებისას რეკომენდებულია ცივი და თბილი კომპრესების მონაცვლეობით გაკეთება.
კომპრესებისთვის კარგი იქნება თუ წყალს გვირილას, ჩაის ან კამის თესლის ნაყენს დაამატებთ. ეს მცენარეები თქვენს თვალებს დაღლილობის მოხსნაში დაეხმარება.
თვალების დაღლილობის მოსახსნელად ოხრახუშის ნაყენის კომპრესებიც სასარგებლოა. აღნიშნული პროცედურა სულ 15 წუთს მოითხოვს.
თვალების დაღლილობის მოსახსნელი ჩაის ან ოხრახუშის ნახარშის კომპრესები მოამზადეთ შემდეგნაირად: ბამბის ტამპონები ჩაუშვით თბილ სითხეში და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. ბამბა უნდა ფარავდეს მთელ სივრცეს – წარბებიდან თვალის ქვედა ჩაღრმავებამდე და გააჩერეთ 2 წუთი. პროცედურა გაიმეორეთ 3-ჯერ. შემდეგ გაიკეთეთ ცივი წყლის კომპრესი და წაისვით მკვებავი კრემი.
ასევე, კარგ ეფექტს იძლევა რძის, ნაღების კომპრესები. ნაღებში დასველებული ტამპონები ძალიან მალე აალაგებენ ანთებასა და სიწითლეს.
ზომიერი ინტენსივობის რეგულარული ფიზიკური დატვირთვა გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს მხედველობის ფუნქციაზე. ვარჯიშის დახმარებით აქტიურდება თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც ვიზუალური ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაშია ჩართული. ეს კი მხედველობის გაუმჯობესებას ნიშნავს.
თვალებისათვის სასარგებლოა ისეთი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა, სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა.
„ახლოს, შორს“ – მხედველობის გასაუმჯობესებელი ეს ვარჯიში ეფუძნება მზერის მონაცვლეობას შორს და ახლო მდებარე საგნებზე. როდესაც ხანგრძლივად ვუყურებთ რომელიმე ერთ დისტანციაზე, თვალის მამოძრავებელი კუნთები დეგრადირებას იწყებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ფოკუსირების ცვლა ანუ მზერის გადატანა ახლოს მდებარე საგნიდან შორ დისტანციაზე და პირიქით. ეს ვარჯიში სასარგებლოა როგორც ახლო, ასევე შორსმხედველთათვისაც.
„ცენტრალური ფიქსაცია“ – ეს ვარჯიში შემდეგნაირად ტარდება: ვახამხამებთ თვალებს, მზერა გადაგვაქვს, მაგალითად, ჩვენ წინ არსებულ შენობაზე, როდესაც ფოკუსი დაჭერილია, ანუ ნათლად ვხედავთ შენობას, ვიწყებთ ხამხამს და ფოკუსირებას ვახდენთ ფანჯარაზე, როდესაც ფანჯარას ნათლად აღვიქვამთ, მზერა გადაგვაქვს სარკმელზე. თუ თავდაპირველად ვფოკუსირდებოდით დიდ საგანზე, ყოველი დახამხამების შემდგომ მზერას თანდათანობით ვანაცვლებთ შედარებით მცირე ზომის საგნებზე. ცენტრალური ფიქსაცია უნდა გადიოდეს პირდაპირ თვალების ცენტრზე. ეს ვარჯიში შეიძლება, ყოვედღიური საქმიანობის დროსაც კი შესრულდეს, მაგალითად, როდესაც გაჩერებაზე ან რიგში დგახართ.
თვალისთვის მავნე პროდუქტები:
* მარილი – ჭარბი რაოდენობით მარილის მიღება ორგანიზმში წყლის შეკავებას იწვევს, რამაც შეიძლება, თვალშიგა წნევის აწევა გამოიწვიოს;
* ალკოჰოლი – ის დასაწყისში აფართოებს სისხლძარღვებს, მაგრამ შემდეგ სპაზმი წარმოიშობა, რის გამოც ზარალდება თვალის წვრილი სისხლძარღვები;
* ხორცი და კვერცხი – ცილა სასარგებლოა და საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი გადაჭარბებული მიღება იწვევს ქოლესტერინის დონის მატებასა და სისხლძარღვების კედლებზე მის ჩალაგებას;
* მავნე საკვები დანამატები, რომელთაც შეიცავს ნახევარფაბრიკატები, ტკბილი გაზიანი სასმელები, ტკბილეული და კანფეტები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან