როგორ მოვიწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.10, 2022 წელი

ნივთიერებათა ცვლა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ფუნქციაა. მისი დარღვევა ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. მოწესრიგებული ნივთიერებათა ცვლა კი ცხიმების დაგროვებას უშლის ხელს. მოხმარებული საკვები ნივთიერებების გადამუშავებაზე იმ კალორიების, დაახლოებით, 15 პროცენტი იხარჯება, რასაც ყოველდღიურად ვწვავთ. ამიტომ არის აუცილებელი დილის საუზმე. დილის საკვები ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
ნივთიერებათა ცვლის ტემპის დაჩქარება და კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა შესაძლებელია რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით.
ნივთიერებათა ცვლას, ასევე, აჩქარებს სირბილი. ჩქარი სიარული ან ველოსიპედით სეირნობა კი ცხიმებს წვავს. ორგანიზმს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება, დღის ბოლოს ცხოვრების რიტმი შეამციროს. ამიტომ, თუ მის ამ მოთხოვნას საღამოს ფიზიკური ვარჯიშით შეცვლით, შედეგად ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება კიდევ რამდენიმე საათით გაგრძელდება და ცხიმი ძილის დროსაც დაიწვება. უმჯობესია, ვარჯიში დაძინებამდე, დაახლოებით, ორი საათით ადრე დაასრულოთ, რომ კარგად დაიძინოთ.
ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. იდეალურია ძალისმიერი და კარდიოდატვირთვების შეხამება. ძალისმიერი ვარჯიშის დროს ენერგიის გამოთავისუფლება ხდება ჟანგბადის გარეშე, ამიტომ ძალისმიერი ვარჯიშის მერე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება ორგანიზმის მიერ მომატებული ჟანგბადის მოხმარება და მეტაბოლიზმის აჩქარება. აერობული დატვირთვა ზრდის ორგანიზმის მიერ ჟანგბადის გამოყენებას.
ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესში წყალს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ის თრგუნავს მადას და გვეხმარება, ნივთიერებათა ცვლის პროცესში ჩაერთოს ორგანიზმის მიერ მომარაგებული ცხიმები. წყლის უკმარისობამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეანელოს მეტაბოლიზმი, რადგან ასეთ შემთხვევაში ღვიძლის მთავარი ამოცანაა ორგანიზმში სითხის მარაგის აღდგენა და არა ცხიმების წვა.
ცილა მნიშვნელოვანია ორგანიზმის აღდგენისა და მშენებლობისთვის, ცილების გადამუშავება მოითხოვს მეტ ენერგიას, ვიდრე ცხიმებიანი და ნახშირწყლებიანი საკვების გადამუშავება.
ღრმა ძილი ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის მიერ ზრდის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც გვეხმარება ტვინის უჯრედების აღდგენაში. ეს კი ნივთიერებათა ცვლის პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და იმუნიტეტის ამაღლებას ხელს უწყობს კაკლის ფოთლების ნაყენი. აიღეთ ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და სვით 1/2 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
მწვანე ჩაის უნარი აქვს დააჩქაროს მეტაბოლიზმი 4%-ით. მწვანე ჩაი ასევე ამცირებს მადას.
გაითვალისწინეთ, როცა ვართ გამოუძინებელი და სტრესის ქვეშ, ჩვენ უფრო მეტად ვარღვევთ სწორი კვების რეჟიმს, რასაც მოსდევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან