როგორ მოვიქცეთ, თუ ძაღლმა გვიკბინა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.11, 2022 წელი
თუ ძაღლმა გიკბინათ, საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდია. ჭრილობის ზომისა და სიღრმის მიხედვით, შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა. მსხვილი მტაცებლისა და ზოგიერთი ჯიშის ძაღლის კბენას შესაძლოა, ერთოდეს მრავლობითი მოტეხილობა. არ არის გამორიცხული კიდურის მოგლეჯაც კი. ნაკბენი ჭრილობა ყოველთვის ძალიან დაბინძურებულია, რის გამოც ანთებითი რეაქცია მასში ძალიან სწრაფად ვითარდება.
გარდა ამისა, ცხოველის ნერწყვში შეიძლება, იყოს მძიმე დაავადების – ტეტანუსის გამომწვევი ან სასიკვდილო დაავადების – ცოფის ვირუსი.
ნაკბენი ჭრილობის დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჭრილობის შემთხვევაში, პირველ რიგში, სისხლდენა უნდა შევაჩეროთ: სისხლმდინარ ადგილს სტერილური ბინტი (თუ არ აღმოგვაჩნდა, ნებისმიერი სუფთა ქსოვილი) დავაფინოთ და დავაწვეთ. ძლიერი სისხლდენისას მეტს ნურაფერს იზამთ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა არ მოვა ან სპეციალიზებულ ქირურგიულ კლინიკას არ მიმართავთ.
თუ სისხლდენა სახიფათო არ არის, აღსანიშნავია, რომ ნაკბენი ჭრილობების უმრავლესობა ზედაპირულია, ეცადეთ, ჭრილობა რაც შეიძლება, უკეთ გაასუფთაოთ. ამისთვის არც სპირტია საჭირო და არც იოდი. გამოიყენეთ ჩვეულებრივი წყალი, უმჯობესია, საპნიანი და რაც შეიძლება მეტი, განსაკუთრებით იმ ადგილას, სადაც ძაღლის დორბლს შენიშნავთ.
გაითვალისწინეთ, რომ კბენას შეიძლება, მოტეხილობა ახლდეს, რომელსაც ძლიერი ტკივილითა და მოძრაობის შეზღუდვით ამოიცნობთ. ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში სავარაუდოდ მოტეხილი ადგილი ორი მოსაზღვრე სახსრის მიდამოში არტაშნით დააფიქსირეთ. თუ არტაშანი არ გაქვთ, შეგიძლიათ, არტაშნად გამოიყენოთ ფიცარი, ჯოხი, ქოლგა. მთავარია, ეს ყველაფერი, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს.
ძლიერი სისხლდენის ან ღრმა ჭრილობის შემთხვევაში შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულება – შოკი განვითარდეს. თუ დაკბენილმა გონება დაკარგა, გვერდზე დააწვინეთ, ფეხები გულის დონეზე მაღლა დააწყობინეთ და ყველაფერი იღონეთ, რომ სწრაფად აღმოჩნდეს ექიმების ხელში.
როგორ მოვიქცეთ, თუ შინაურმა ძაღლმა გვიკბინა? პირველი, რაც აუცილებელია: გამოჰკითხეთ ძაღლის პატრონი, ჩატარებული აქვს თუ არა ძაღლს აცრები, განსაკუთრებით ცოფზე და თუ აქვს მას ამის დამადასტურებელი ცნობა. დაადგინეთ, როდის და რა სახის აცრა აქვს გაკეთებული. ზოგადად, ვაქცინის ვადა 1-დან 2 წლამდე მერყეობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ საკუთარმა ძაღლმა გიკბინათ და იცით, რომ მის ვაქცინას ვადა გაუვიდა ან, საერთოდ არ იყო აცრილი, ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს. მიმართეთ ექიმს და ყველაფერი დეტალურად აუხსენით. ხშირ შემთხვევაში, პატრონისგანაც რთული დასადგენია, როდის აქვს ძაღლს აცრა გაკეთებული ან საერთოდ თუა აცრილი. უარეს შემთხვევაში, თუ მაწანწალა ძაღლმა გიკბინათ, მხოლოდ ნერწყვთან კონტაქტის დროსაც კი, დაუყოვნებლივ საჭიროა ცოფის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება.
რა ვურჩიოთ ბავშვს, თუ მას ძაღლი მიუახლოვდა? (ეს რჩევები გამოგვადგება უფროსებსაც):
👉 არ გაიქცე და არ დაიყვირო;
👉გაშეშდი „ხესავით“;
👉 ნუ შეხედავ ძაღლს თვალებში.
ძაღლი არაჩვეულებრივი შენაძენია ოჯახისთვის, მაგრამ, თუ ფრთხილად არ იქნებით, მან შეიძლება, სირთულეები შეგიქმნათ. ხშირად ესაუბრეთ თქვენს ბავშვებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ძაღლთან ერთად არიან. გახსოვდეთ, რომ ძაღლმა შეიძლება, საფრთხე იგრძნოს უცხო ადამიანისგან და, შესაბამისად, აგრესიულობაც გამოიჩინოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან