მედიცინა

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ლუკმა ან რაიმე ნივთი გადასცდა

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.01, 2022 წელი

პირველადი დახმარება
დაკოპირებულია

იმისთვის, რომ ბავშვს ლუკმა არ გადასცდეს, კვების პროცესში ბავშვი აუცილებლად მაგიდასთან უნდა იჯდეს. თუ ლუკმით პირში მოძრაობს, დიდი შანსია, რომ ის გადასცდეს. საკვები უნდა დაუნაწევროთ პატარ-პატარა ულუფებად და ასწავლოთ კარგად დაღეჭვა. გახსოვდეთ, პატარას საკვების დაღეჭვა არ უნდა უჭირდეს. მაგალითად, სტაფილო და ხორცი საკმაოდ მკვრივი პროდუქტებია, რომელთა ღეჭვა რთულია. ამიტომ ჯობს, მკვრივი საკვები გაუხეხოთ ან მოშუშული აჭამოთ. დიდია კანფეტებისა და საღეჭი რეზინის გადაცდენის საშიშროებაც, რადგან ბავშვი დიდხანს იჩერებს მათ პირში და ამ დროს თამაშობს. მზესუმზირა და მთლიანი თხილის მარცვლებიც არ არის უსაფრთხო, ამიტომ ჯობს, ისინი დაამტვრიოთ და სხვა საკვებს შეურიოთ. კურკიანი ხილი კი შუაზე გაჭერით, კურკა მოაშორეთ და პატარას ისე შესთავაზეთ.

თუ მაინც ისე მოხდა, რომ ბავშვმა რაღაც გადაყლაპა, მას შემდეგი სიმპტომები ექნება: ვერ ტირის, ვერ ისუნთქავს ჰაერს, ვერ ყვირის, მისი ხმა სუსტად ისმის. თვალები ფართოდ აქვს გაღებული და შეშინებულია. პირი ღია აქვს და აქტიურად გამოყოფს ნერწყვს. კანი შეწითლებული ან გალურჯებულია. რთულ შემთხვევაში მოსალოდნელია გონების დაკარგვა.

ასეთ დროს უმალ გამოიძახეთ „სასწრაფო დახმარება“ და მის მოსვლამდე ბავშვს პირველადი დახმარება თავად გაუწიეთ:

აუწიეთ ბავშვს ხელები ზემოთ. ასე სასუნთქი გზები გაფართოვდება და სუნთქვის პროცესი გაადვილდება.

თუ ამან არ უშველა, დაიწვინეთ ბავშვი ხელზე მუცლით დაბლა და ხუთჯერ რბილად, მაგრამ მკვეთრად დაარტყით ზურგზე, ბეჭებს შუა.

თუ ბავშვმა პატარა საგანი ან საკვების ნაჭერი გადაყლაპა, თითი ენის ფუძესთან დააჭირეთ და გამოიწვიეთ ღებინება.

თუ საგანი სასუნთქ გზებშია გაჭედილი, ბავშვს სხვა სიმპტომები აღენიშნება. ამ შემთხვევაში:

ბავშვი თქვენთან ზურგით დააყენეთ, ერთი ხელი მუცელზე მოხვიეთ და რბილად დააჭირეთ, ოდნავ წინ გადახარეთ და რამდენჯერმე დაარტყით ზურგზე.

თუ ამან შედეგი არ გამოიღო, დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, ისე რომ, თავი ტანის დაბლა მოექცეს, მკერდის ძვლის დაბლა რამდენჯერმე დააწექით საჩვენებელი და შუა თითით. პერიოდულად ბავშვი წამოაჯინეთ და ისევ განაგრძეთ მკერდის ძვლის დაბლა საჩვენებელი და შუა თითით დაწოლა.

თუ სასუნთქ გზებში პატარას მკვრივი საგანი – კანფეტი ან სათამაშოს დეტალი გაეჩხირა, დაიწვინეთ ბავშვი ხელზე პირით დაბლა, თავი მკერდის დაბლა უნდა ჰქონდეს. რამდენჯერმე დაარტყით ბეჭებს შორის.

ან ბავშვს ფეხებში მოჰკიდეთ ხელი, ასწიეთ და ისევ ბეჭებშუა დაარტყით.

გახსოვდეთ, დაუშვებელია, ბავშვისთვის პირში თითების ჩაყოფა. ამით უფრო მეტ საშიშროებას ქმნით, რომ საგანი უფრო ღრმად ჩაიწიოს.

ერთი წლის ზევით ბავშვის დახმარება

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არც ბავშვს აგრძნობინოთ საფრთხე. საგნის ან ლუკმის გადაცდენის შემთხვევაში:

დადექით ბავშვის უკან, მუხლებზე. ხელი წელზე მოხვიეთ. ერთი ხელის თითები მომუშტეთ და ჭიპსა და ნეკნებს შორის, თითებით შიგნით მოათავსეთ. მეორე ხელით მუჭი დაიჭირეთ. ხელები გვერდზე გასწიეთ და დააწექით ბავშვს მუცელზე ქვევიდან ზევით. შეასრულეთ ასეთი ქმედება, სანამ გადაყლაპული ნივთი ბავშვს პირიდან არ გადმოუვარდება.

სტრესის გამო ბავშვს შესაძლოა, ყელის სპაზმი დაემართოს, რასაც სუნთქვის შეჩერება მოჰყვება. ნუ დაიბნევით, ჩაუტარეთ ბავშვს ხელოვნური სუნთქვა.

დაიცავით უსაფრთხოების წესები: ნუ შეიძენთ ბავშვისთვის ისეთ სათამაშოებს, რომლებსაც აქვთ გრძელი ბეწვი, ან მცირე დეტალები. შეაჩვიეთ ბავშვი ნელა ჭამას, ლუკმის საგულდაგულოდ დაღეჭვას. სასურველია, განსაზღვრულ ასაკამდე ბავშვს დაქუცმაცებული საკვები მისცეთ. არასდროს აჭამოთ ბავშვს იძულებით, ასეთ შემთხვევაში საკვებით დახრჩობის რისკი იმატებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი