მედიცინა

როგორ მოვიქცეთ კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის დროს

№5

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.02

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა
დაკოპირებულია

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან – ეს საყლაპავის, კუჭის ან ნაწლავის ღრუში სისხლის მოხვედრაა, რომელიც ჩამოთვლილ ორგანოთა სისხლძარღვების დაზიანებით არის გამოწვეული. ამ პროცესს ერთვის სისხლის დაკარგვის კლინიკური ნიშნებიც. ეს მდგომარეობა ძალიან საშიშია. სისხლდენას უამრავი მიზეზი აქვს. სისხლი შეიძლება, იღვრებოდის კუჭ-ნაწლავის როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილებიდან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენად მიიჩნევენ სისხლდენას საყლაპავი მილიდან, კუჭიდან და თორმეტგოჯა ნაწლავიდან.

ეს შეიძლება, იყოს შხამების (მჟავები და ტუტეები) შემთხვევითი მიღების ან კუჭის კიბოს შედეგი. კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილიდან სისხლდენას ყველაზე ხშირად შემდეგი დაავადებები იწვევს: გასტრიტი, საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, მელორი-ვეისის სინდრომი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილებიდან სისხლდენა თორმეტგოჯა ნაწლავსა და სწორ ნაწლავს შორის არსებულ უბანში ლოკალიზდება. დივერტიკულიტი, ანგიოდისპლაზია, ნაწლავის პოლიპები, ბუასილი, ანალური ნაპრალი ამ ლოკალიზაციის სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზებია. განავალში არსებული სისხლი შესაძლოა, კიბოს, ნაწლავის ანთებითი დაავადების, დიარეით მიმდინარე ინფექციური დაავადების ნიშანი იყოს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მწვავე სისხლდენა ვლინდება სისხლიანი პირღებინებით, სისხლიანი ან შავი ნაწლავური გამონაყოფით, კუპრის მსგავსი განავლით. ღებინების დროს გადმონთხეული მასა შესაძლოა, ყავის ნახარშისფერი იყოს. ამ პათოლოგიის სიმპტომებს შეიძლება, მივაკუთვნოთ: საერთო სისუსტე, სწრაფად დაღლა, ქოშინი, ტკივილი მუცლის მიდამოში, კანის სიფერმკრთალე, სისხლიანი ღებინება (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის დროს). მკვეთრი წითელი ან მუქი ბორდოსფერი განავლოვანი მასები შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ქვედა ნაწილიდან სისხლდენის მაუწყებელი იყოს, თუმცა ასეთი რამ შეიძლება მოხდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან აქტიური სისხლდენის დროსაც. უმნიშვნელო ხანგრძლივი სისხლდენა შესაძლოა პაციენტს შეუმჩნეველი დარჩეს ან გამოვლინდეს დაღლილობით, ანემიით, შავი განავლით.

განავალში სისხლის აღმოჩენის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლის გამოყოფის ნებისმიერი შემთხვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სამედიცინო კვლევის ჩატარებას მოითხოვს. მუქი ან შავი განავალი შესაძლოა, მიუთითებდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხანგრძლივად მიმდინარე, ნელ სისხლდენაზე. ამ დროს საქმეში ექიმის ჩართვა აუცილებელია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში, სისხლიანი ღებინება იქნება ეს თუ სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ დახმარებას.

შინაგანი სისხლდენის ნიშნები: ადამიანი სუსტდება, ტკივილს შესაძლოა ვერც კი გრძნობდეს; ფერმკრთალია, ამცივნებს და ცივი ოფლი ასხამს; აქვს თავბრუხვევა და თვალწინ – მუქი რგოლები; სუნთქვა სუსტია და ზერელე; ხელის დაჭერისას მუცელი შებერილი, მაგარი და მტკივნეულია. ავადმყოფმა შესაძლოა, ემბრიონის პოზა მიიღოს; მუცელზე შესაძლოა ჩალურჯებული ადგილები ემჩნეოდეს. რა არ უნდა გავაკეთოთ: არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი! არ აჭამოთ, წყალი არ დაალევინოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული