მედიცინა

როგორ მოვიქცეთ გულყრის დროს

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.02

გულყრა
დაკოპირებულია

გულყრა შემზარავი სანახაობაა, მაგრამ თავის ტვინის დაზიანებას და გონებრივ ჩამორჩენილობას არ იწვევს, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ და ეცადეთ, მშვიდად მართოთ სიტუაცია. მრავალი კვლევითაა დადასტურებული, რომ ბავშვები, რომლებმაც ფებრილური გულყრა გადაიტანეს, ინტელექტის დონით თანატოლებისგან არ განსხვავდებიან. გულყრა ეპილეფსიას არ ნიშნავს. ეპილეფსია სავარაუდოა მხოლოდ მაშინ, როცა ანამნეზში გვაქვს გულყრის ორი ეპიზოდი ტემპერატურის გარეშე.

როგორ მოვიქცეთ გულყრის დროს?

თავი ხელში აიყვანეთ და ნუ აჰყვებით პანიკას – ფებრილური გულყრა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. არავითარ შემთხვევაში არ დაუწყოთ ბავშვს ნჯღრევა, სახეში წყლის შესხმა. ნუ ეცდებით, პასუხი გააცემინოთ – მას თქვენი არ ესმის. ნუ ჩაუყოფთ პირში ხელს ენის დასაჭერად – ენის გადაყლაპვა მითია; ამ დროს კუნთები ეშვება, ამიტომ ბავშვი გვერდულად უნდა დააწვინოთ, რათა ამონაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადასცდეს. პირში ნურაფერს ჩაუდებთ – ამით შესაძლოა უფრო მეტი ტრავმა მიაყენოთ, კბილები დაუზიანოთ. ნუ ეცდებით კიდურების კრუნჩხვითი მოძრაობის შეკავებას, გამოაღეთ ფანჯარა.

დააწვინეთ ბავშვი უსაფრთხო ადგილას, მყარ ზედაპირზე, მაგალითად, იატაკზე, თავქვეშ ბალიში ამოუდეთ, შეკრული ტანსაცმელი შეუხსენით. დაინიშნეთ დრო. გულყრის ხანგრძლივობის ზუსტ შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომი ტაქტიკისთვის. თუ გულყრა 5 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. გულყრის შემდეგ პატარა შესაძლოა, შეშინებული იყოს, იტიროს ან პირიქით, მოითენთოს და ჩაეძინოს.

გულყრის პირველი ეპიზოდის შემდეგ ბავშვი აუცილებლად უნდა გასინჯოს ექიმმა, რათა გამოირიცხოს ნეიროინფექცია. თუ გულყრა მარტივია, საგანგებო კვლევა საჭიროდ არ მიიჩნევა. რთული გულყრის შემთხვევაში ტაქტიკა ინდივიდუალურია.

მარტივი ფებრილური გულყრის შემთხვევაში ეპილეფსიის განვითარების რისკი არ იმატებს. თუ რთულ ფებრილურ გულყრებს ერთვის გენეტიკური განწყობა ან ნერვული სისტემის დაავადება, ეპილეფსიის განვითარების ალბათობა, დაახლოებით, 10 პროცენტით იზრდება.

ბავშვებს, რომლებმაც თუნდაც ერთხელ გადაიტანეს ფებრილური გულყრა, მისი გამეორების 30-35%-იანი ალბათობა აქვთ. არ არის აუცილებელი, ცხელების ყოველი ეპიზოდი გულყრით დასრულდეს. არსებობს ფაქტორები, რომლებიც მორეციდივე ფებრილური გულყრის განვითარების შანსს ზრდის:

* 15 თვეზე უმცროსი ასაკი;

* ხშირი ცხელება;

* ეპილეფსიით დაავადებული ან ანამნეზში ფებრილური გულყრის ეპიზოდის მქონე მშობლები ან და-ძმა;

* ცხელების დაწყებასა და გულყრას შორის მოკლე დრო.

ფებრილური გულყრის დროს, უპირველესად, მართეთ ცხელება. ტემპერატურის დასაწევად გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი და არამც და არამც ასპირინი. შეიძლება ფიზიკური მეთოდების გამოყენებაც: ბავშვის დაზელა გრილ წყალში დასველებული ხაოიანი პირსახოცით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული