როგორ მოქმედებს ვირუსი ქალის ორგანიზმზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.03

გრიპის ვირუსის შემდეგ, განსაკუთრებით კი, მძიმე მიმდინარეობის დროს, ხშირად ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა – ციკლის დაგვიანება ან შემცირება და უფრო ხშირი მენსტრუაცია. ეს გამოწვეულია იმით, რომ საკვერცხის ფუნქციას აკონტროლებს ცენტრალური ნერვული სისტემა, კერძოდ, ჰიპოთალამუსში მდებარე პატარა ენდოკრინული ორგანო – ჰიპოფიზი. ვირუსული ინფექციების გავლენის ქვეშ იმუნურ სისტემაში ნებისმიერი ცვლილება ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობაზე და, შედეგად, ეს იწვევს ჰორმონების, მათ შორის სასქესო ჰორმონების სინთეზის ცვლილებას.
რეპროდუქციული დისფუნქცია, რომელიც ხდება რესპირატორული ინფექციების შემდეგ, დაახლოებით, 3-6 თვის განმავლობაში აღდგება. მაგრამ ზოგჯერ აღდგენის პროცესს შესაძლოა, გაცილებით მეტი დრო დასჭირდეს.
მენსტრუალური დისფუნქციის პირველი ნიშნების დროს უნდა გაიაროთ კონსულტაცია გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთან, ჩაიტაროთ საჭირო გამოკვლევა (ჰორმონის ტესტები, მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია და სხვა) და დროულად დაიწყოთ მკურნალობა, რათა მალე აღდგეს ნორმალური ფუნქცია.
ორსულებში ექსტრაგენიტალური პათოლოგია ყველაზე ხშირად ასოცირდება რესპირატორულ დაავადებებთან და განსაკუთრებით გრიპთან. ეს გამოწვეულია ორსული ქალების ფიზიოლოგიური იმუნოდეფიციტით და მომავალი დედების მაღალი მგრძნობელობით ვირუსული ინფექციების მიმართ.
ვირუსული ინფექციის შესაძლო გართულებები და შედეგები, რომლებიც გავლენას ახდენს ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე, დამოკიდებულია ინფექციის ხანგრძლივობასა და ორსული ქალის ჯანმრთელობის საწყის მდგომარეობაზე.
ყველაზე საშიში პერიოდია ორსულობის პირველი ტრიმესტრი, როდესაც ხდება ნაყოფის ორგანოებისა და სისტემების ჩამოყალიბება.
რესპირატორული ვირუსებით ინფექცია ორსულობის შუა პერიოდში ან ორსულობის გვიან პერიოდში ზრდის ნაადრევი მშობიარობის რისკს, განსაკუთრებით მაღალი ცხელებით მიმდინარე გრიპი.
გარდა ამისა, დადასტურებულია რესპირატორული ვირუსების პლაცენტის მეშვეობით ავადმყოფი დედიდან ნაყოფზე გადაცემის შესაძლებლობა, ანუ ინფექციურ პროცესში ერთდროულად მონაწილეობს „დედა-პლაცენტა-ნაყოფის“ სისტემის სამი კომპონენტი. ამიტომ, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა და პრევენციული ზომების მიღება შეძლებისდაგვარად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან