მედიცინა

როგორ მივხვდეთ, რა ტიპის შფოთვა გვაწუხებს

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.11, 2023 წელი

შფოთვა
დაკოპირებულია

შფოთვა რამდენიმეგვარია.

გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას ახასიათებს: არაპროპორციულად ინტენსიური, მუდმივი შფოთვა და ღელვა მომავალზე; ყველაზე ცუდი სცენარების წარმოდგენა და მათი მართვის დაგეგმვა; ისეთი სიტუაციებისა და მოვლენების საშიშად აღქმა, რომლებიც ობიექტურად საშიში არ არის; გაურკვევლობასთან შეგუების შეუძლებლობა; მცდარი გადაწყვეტილების მიღების შიში; კონკრეტულ საკითხზე ფიქრის გადავადების შეუძლებლობა; მოდუნების შეუძლებლობა; კონცენტრაციის სირთულე; დაღლილობა; ძილის სირთულეები; კანკალი; ადვილად შეკრთომა; მომატებული ოფლიანობა; კუჭ-ნაწლავის პრობლემები; გაღიზიანებადობა.

პანიკური აშლილობა, რომელიც გულისხმობს, სულ მცირე, ორი პანიკური შეტევის გამოცდილებას და მუდმივ შფოთვას, რომ პანიკური შეტევა განმეორდება. ანუ პანიკური აშლილობა ერთი პანიკური შეტევით არ შემოიფარგლება. ამ დროს ხშირია მოახლოებული საფრთხის შეგრძნება, აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, ყელში მოჭერის განცდა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის წასვლა, ციებ-ცხელება, კიდურების დაბუჟება, რეალობის დაკარგვის განცდა, კონტროლის დაკარგვის შიში, სიკვდილის შიში.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ადამიანი მუდამ შფოთავს, მაშინაც კი, როდესაც შფოთვის საფუძველი არ არსებობს. მაგალითად, შესაძლოა, ადამიანი საკუთარ ან ახლობლების უსაფრთხოებაზე ღელავდეს, მაშინ როდესაც ამ უსაფრთხოებას ობიექტურად არაფერი ემუქრება ან მუდამ კატასტროფის მოლოდინში იყოს. მთავარი სირთულე ისაა, რომ ამ შფოთვას კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია. შესაძლოა, ადამიანმა ისიც კი ვერ გააცნობიეროს, რაზე შფოთავს. ზემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომების გამო რთულდება მუშაობა, სოციალური კავშირების შენარჩუნება, ყოველდღიური ფუნქციონირება.

სოციალური შფოთვითი აშლილობისთვის დამახასიათებელია შფოთვისა და შიშის ისეთი მწვავე დონე, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებაში, სწავლაში, მუშაობაში. სიმპტომები მოიცავს: ისეთი სიტუაციების შიშს, რომლებშიც შესაძლოა უარყოფითად შეგვაფასონ; მუდმივ ღელვას იმის გამო, რომ შევრცხვებით; უცხო ადამიანებთან საუბრის ინტენსიურ შიშს; იმის შიშს, რომ სხვები შეამჩნევენ, როგორ ვღელავთ; სირცხვილის თანმხლები ისეთი სიმპტომების შიშს, როგორიცაა გაწითლება, ოფლიანობა, ხმის კანკალი; სირცხვილის შიშის გამო ხალხთან კონტაქტზე უარის თქმას; მომავალზე შფოთვას; სოციალური სიტუაციების ინტენსიურ შიშს; სოციალური ინტერაქციის შემდეგ საკუთარი ნაკლოვანებებისა და შეცდომების ანალიზს; სოციალურ სიტუაციებში ყველაზე უარესი სცენარის მოლოდინს; გაწითლებას, გულისცემის გაძლიერებას, კანკალს, ოფლიანობას; კუჭ-ნაწლავის პრობლემებს; კუნთების დაძაბულობას.

ფობია, რომელიც მოიცავს არარაციონალურ, არაპროპროციულად ინტენსიურ შიშს – ეს შიში შესაძლოა, უკავშირდებოდეს კონკრეტულ ადგილს, სიტუაციას ან ობიექტს. გენერალიზებული აშლილობისგან განსხვავებით, ფობიას შიშის კონკრეტული წყარო აქვს. ფობიის ზეგავლენა ინდივიდუალურია. ზოგიერთი ადამიანი მას ადვილად უმკლავდება, ზოგიერთისთვის კი ის იმდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომ ხელს უშლის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა