მედიცინა

როგორ ხდება ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მისი მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს

№45

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:11 10.11

დავით გიორგაძე
დაკოპირებულია

ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. ფილტვის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. როგორც წესი, ამ დაავადებას რაიმე ნიშნები ან სიმპტომები ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია. სიმპტომები გამოვლინდება მაშინ, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. დაავადების განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან 50+ ასაკის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მოიხმარენ თამბაქოს. ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა ზრდის გამოჯანმრთელების შანსს და ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა ფილტვის კიბოს დაბალდოზიანი CT სკრინინგია.

როგორ მივხვდეთ, რომ შესაძლოა, ფილტვის კიბოსთან გვქონდეს საქმე ან მკურნალობის რა მეთოდები არსებობს, ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ თორაკალური ქირურგიისა და ონკოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ონკოლოგიური კონსილიუმის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი დავით გიორგაძე გვესაუბრა.

დავით გიორგაძე: ფილტვის კიბო არის ფილტვის ეპითელური ქსოვილისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ძირითადად, იმ პერიოდში გამოვლინდება, როდესაც კლინიკურად არ გვაქვს ხელჩასაჭიდი ნიშნები, რის გამოც პაციენტები ექიმთან ვიზიტისა და პირველადი გასინჯვის დროს შესაძლოა, მეოთხე სტადიაში აღმოჩნდნენ.

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაში მიდის პაციენტი ექიმთან, ვინაიდან ზემოხსენებული მახასიათებლიდან გამომდინარე, ფილტვის კიბოს მეოთხე სტადიის მკურნალობის პირველივე წელს ჩვენ ვკარგავთ პაციენტთა 70–75 პროცენტს, ხოლო პირველ და მეორე სტადიაში აღმოჩენის დროს კი მკურნალობის რეალური შედეგები მიიღება.

– რა არის ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი?

– ფილტვის კიბოს ძირითადი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, ასევე, პროფესიული დაავადებები, გარემო, რადიაციული ფონი, მავნე ნივთიერებები, რაც ჩვენ გარშემოა.

– ძირითადად, რა ასაკობრივი ჯგუფები არიან ფილტვის კიბოს განვითარების რისკის ქვეშ?

– ფილტვის კიბო, ძირითადად, 45 წელს ზემოთა ასაკში ვითარდება.

– რა სიმპტომები ახასიათებს?

– შეგვიძლია აღვნიშნოთ ფილტვის კიბოს კლინიკური გამოვლენის პირველადი და მეორედი ნიშნები. პირველადი – ეს არის ის ნიშნები, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად სიმსივნესთან, ანუ ფილტვში არსებულ პროცესთან და ეს არის მშრალი ხველა, სისხლიანი ნახველის არსებობა, ტემპერატურის მომატება, ასევე, სიმპტომია ხმის ჩახლეჩვა. მეორადი ნიშნები განპირობებულია იმ სიმსივნური გართულებებით, რომლებიც ახასიათებს სხვა ორგანოებში მის მეტასტაზირებას. მეორადი გამოვლენის მიზეზია თავში არსებული მეტასტაზური დაზიანებები, რა დროსაც პაციენტს უცებ განუვითარდება მხედველობის გაორება, ტკივილი თავის მიდამოში, ამ დროს შესაძლოა, პაციენტი ამ ჩივილით მივიდეს ექიმთან და დადგინდეს ფილტვის კიბოს არსებობა. ფილტვის კიბოს მეტასტაზირების ტიპური ადგილებია თავი, ძვლები, ღვიძლი და თირკმელზედა ჯირკვალი.

– როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება?

– ფილტვის კიბოს დიაგნოსტირების ყველაზე ადვილი მეთოდი რენტგენოლოგიური გამოკვლევაა, რომელიც თითქმის ყველა პაციენტისთვისაა ხელმისაწვდომი. თუ პაციენტი პროფილაქტიკის მიზნით დროულად მიმართავს ექიმს, მისი გამოვლენა ძალიან ადვილია. ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოწოდებულია დაბალდოზირებით გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფით ფილტვის კიბოს სკრინინგი, რამაც განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ის ტარდება, ფილტვის კიბოს დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენის სიხშირე 40–50 პროცენტამდე აიყვანა, რაც შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვის კიბოს მკურნალობის შედეგიანობასაც.

– რას გულისხმობს დაბალდოზიანი CT სკრინინგი?

– ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც აქვთ თანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფებს, რითაც სკრინინგული გამოკვლევა დაბალი დოზით, ანუ ნაკლები დასხივებით ხდება, ანუ პაციენტები, რომლებსაც აქვთ რისკფაქტორები, რაც შეიძლება, იყოს თამბაქოს წევის სტაჟი, ასაკი, პროფესიული დატვირთვები, მიდიან ექიმთან, რომელიც უნიშნავს მათ დაბალდოზირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ამით ხდება ფილტვში რაიმე კვანძოვანი პათოლოგიის გამორიცხვა. აღმოჩენის შემთხვევაში კი უკვე ტარდება დამატებითი კვლევები. ყველა კვანძოვანი პროცესი ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე არ არის, თუმცა, ზოგიერთი მათგანი საჭიროებს შემდგომ კლინიკურ დაკვირვებებს და კიბოს ეჭვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მკურნალობის დაწყებას.

– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– როგორც თითქმის ყველა სიმსივნური დაავადების დროს, ფილტვის კიბოს დროსაც ადრეულ სტადიაში გამოიყენება ქირურგიული მკურნალობა, ხოლო შემდგომ გავრცელებული ფორმების დროს, შესაძლოა, საჭირო იყოს მედიკამენტური მკურნალობა, ამაში შედის როგორც ქიმიოთერაპია, ისე იმუნოთერაპია და ასევე, მკურნალობის ერთ–ერთი მეთოდი, როგორიც ძირითადი სიმსივნის, ისე მეტასტაზური პროცესების დროს სხივური თერაპიაა.

იმუნოთერაპია თანამედროვე ონკოლოგიის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება გახდა, განსაკუთრებით ფილტვის კიბოს მკურნალობის დროს. სხვადასხვა გენეტიკური მუტაციების აღმოჩენის შემთხვევებისთვის შეიქმნა იმუნოთერაპიული და ტარგენტული თერაპიული მკურნალობა, რის საშუალებითაც არის ტენდენცია, რომ ქიმიოთერაპიაზე საერთოდ ვთქვათ უარი.

– რას ურჩევდით პაციენტებს ფილტვის კიბოს განვითარების თავიდან ასაცილებლად?

– ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თამბაქოს მოხმარებისგან თავის არიდება, რადიაციული გამოსხივების, განსაკუთრებით, ზღვაზე აქტიური მზის პერიოდში რუჯის მიღების თავის არიდება, ჩვენ გარშემო არსებული მავნე ნივთიერების მიღებისა და მოხმარებისგან თავის არიდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი