როგორ გავუმკლავდეთ ვენურ დაავადებებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
საინტერესოა, რა იწვევს ვენების დაავადებებს და რა გზას გვთავაზობს მათ სამართავად თანამედროვე მედიცინა. ქრონიკული ვენური დაავადება ფართო ცნებაა და გულისხმობს ქვედა კიდურების ვენური სისტემის ყველა სახის კლინიკურ პათოლოგიას – როგორც ვიზუალურს (მაგალითად, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას), ისე სიმპტომურს, როცა პაციენტს მხოლოდ სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება აწუხებს. დაავადებას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს, პათოლოგიური პროცესი კი ასე მიმდინარეობს: ვენების ტონუსი მცირდება, კედლები ელასტიკურობას კარგავს, ვენები თანდათან ფართოვდება და უჭირს ქვედა კიდურებიდან გულისკენ სისხლის გადასროლა. ამ დროს იშლება ვენის სარქვლების ფუნქციაც, ისინი კი დიდ როლს ასრულებენ სისხლის მიმოქცევაში; ამის შედეგად ვენები უფრო მეტად ფართოვდება და სისხლი ვენურ სისტემაში ყოვნდება, რაც უფრო მეტად აზიანებს მათ. ასე იკვრება მანკიერი წრე, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ სწორი მკურნალობაა. მართალია, დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია, მაგრამ დადგენილია ფაქტორები, რომლებიც ზრდის დაავადების განვითარების რისკს. მათ შორის უმთავრესია:
* მდედრობითი სქესი;
* დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა;
* ჰორმონული პრეპარატების არასწორი მიღება;
* ორსულობა და მენოპაუზა;
* ასაკი;
* სიმსუქნე, კვების არასწორი რეჟიმი;
* კიდურების ტრავმული დაზიანება;
* ხანგრძლივი დგომა ან ჯდომა.
დაავადებას ახასიათებს ქვედა კიდურების ტკივილი, ფეხების ადვილად დაღლა, ქავილი, სიმძიმის შეგრძნება, რომელიც საღამოს მოახლოებასთან ერთად ძლიერდება. შორს წასულ შემთხვევებში ვითარდება ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერება, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. გართულებულ შემთხვევებში ქვედა კიდურებზე კანი მუქდება, ჩნდება გამონაყარი, კანი ხშირად ინფიცირდება, ზოგჯერ წარმოიშობა წყლულებიც, რომელთა მკურნალობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. თანამედროვე მედიცინის პირობებში ამგვარი გართულებები მხოლოდ მაშინაა მოსალოდნელი, თუ პაციენტმა დროულად არ მიმართა ექიმს და არ დაიწყო მკურნალობა.
გახსოვდეთ: მკურნალობის დროული დაწყება მხოლოდ გართულებებს კი არ აგაცილებთ თავიდან, არამედ თქვენი ცხოვრების ხარისხსაც საგრძნობლად აამაღლებს. ვენოტონური საშუალებები ზრდის ვენების ტონუსს და, ამის კვალობაზე, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ქვედა კიდურებიდან ლიმფის გადენას, რაც ამცირებს ფეხების შეშუპებას.
დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მართვა კარგი გამოსავალია, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესითა და განსაზღვრული უნარ-ჩვევების გამომუშავებით დაავადების თავიდან აცილებაცაა შესაძლებელი. ქრონიკული ვენური დაავადების მსუბუქი ფორმების დროს დისკომფორტის მოსახსნელად და გართულების თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ შემდეგ რეკომენდციებს:
* რეგულარულად ივარჯიშეთ, ისეირნეთ, ირბინეთ;
* აკონტროლეთ წონა;
* ერიდეთ დიდხანს გაუნძრევლად ჯდომას და დგომას.
თუ დიდხანს მოგიწიათ ერთ ადგილას დგომა, რამდენიმე წუთში ერთხელ რამდენჯერმე აიწიეთ ფეხის წვერებზე; თუ დიდხანს ზიხართ სამუშაო ადგილას, დროდადრო ადექით და გაიარ-გამოიარეთ;
* ჯდომისას ფეხს ფეხზე ნუ გადაიდებთ;
* გეცვათ ოდნავ ელასტიკური წინდები, მაგრამ არა მეტისმეტად მჭიდრო;
* დიდხანს ნუ გაჩერდებით მზეზე;
* იკვებეთ ჯანსაღად.
დაბოლოს, მარტივი და პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც ამ შემაწუხებელი დაავადებით იტანჯება: დღეში სამი-ოთხჯერ 30 წუთით ფეხები გულის დონეზე მაღლა ასწიეთ – ეს დააცხრობს კიდურების შეშუპებას და გააუმჯობესებს ვენური სისხლის ნაკადს. გახსოვდეთ, ფეხების ოდნავ შემაღლებულ ადგილას შემოწყობა ვერაფერს გარგებთ – ისინი აუცილებლად გულის დონეზე მაღლა უნდა გეწყოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





