მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ ტკივილებს ფეხმძიმობის დროს

№28

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.07

ფეხმძიმობა
დაკოპირებულია

ორსულობის დროს ქალები სხეულის ამა თუ იმ ადგილას ხშირად გრძნობენ ტკივილს. ეს უმეტესად ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამოხატულებაა და არც დედის, არც ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

თავის ტკივილი ორსულობის თანმხლები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. მან შესაძლოა, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე იჩინოს თავი, მაგრამ ყველაზე ხშირად პირველ და მესამე ტრიმესტრებში შეინიშნება.

ვიდრე წამალს მიიღებდეთ, რჩევა ექიმს ჰკითხეთ. ორსულთათვის უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებლად პარაცეტამოლი მიიჩნევა. ყველა სხვა მედიკამენტი ექიმის შეხედულებისამებრ, რისკისა და პოტენციური სარგებლის შეჯერებით ინიშნება. თუმცა, მედიკამენტურ თერაპიას არაერთი, უფრო ჯანსაღი ალტერნატივაც აქვს. მაგალითად:

* ყურადღება მიაქციეთ დგომის, ჯდომის, სიარულის მანერას, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. არ გაგიკვირდეთ – თავის ტკივილის მიზეზად შესაძლოა, ტანდეგობის დამახასიათებელი ცვლილებაც იქცეს;

* ხშირად დაისვენეთ, არ გადაიტვირთოთ, არ გადაიღალოთ;

* აქციეთ ზომიერი ფიზიკური აქტიურობა ყოველდღიური რეჟიმის ნაწილად. განსაკუთრებით კარგია ფეხით სეირნობა;

* სვით ბევრი წყალი – თავის ტკივილი ხშირად ორგანიზმის გაუწყლოების ბრალია;

* თავის ტკივილს ზოგიერთი საკვები და სუნიც ამწვავებს – დააკვირდით და მოერიდეთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს, მეტადრე, თუ შაკიკი გაქვთ;

* მოიწესრიგეთ ძილი, მისი ხანგრძლივობა და მიმდინარეობა. უძილობა არაფრით არ შეიძლება! მნიშვნელობა ენიჭება ძილის პოზასაც. კომფორტული პოზის პოვნაში ორსულის ბალიში დაგეხმარებათ. ძილის წინ ერიდეთ მკვეთრ ემოციებს, კოფეინიან სასმელებს, საკვებს;

* თუ თავის ტკივილის მიზეზი სინუსებია, თვალებისა და ცხვირის გარშემო თბილი კომპრესი დაიდეთ;

* დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის დროს შვებას მოგგვრით კისრის ცივი კომპრესი. კარგია ყინულის დადებაც;

* სისხლში შაქრის ოპტიმალურ დონეს შეინარჩუნებთ, თუ შეჭამთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდებით ტკბილეულს, საზოგადოდ, ეცდებით, ჯანსაღად იკვებოთ;

* მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ მხრებისა და კისრის მსუბუქი მასაჟიც;

* შვებას მოგგვრით ცხელი აბაზანა და შხაპი.

ექიმს მიმართეთ თუ:

* ტკივილი ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების შემდეგაც არ შეგიმსუბუქდათ და მედიკამენტური დახმარება გჭირდებათ;

* თავის ტკივილს პარაცეტამოლიც ვერ აყუჩებს;

* თავის ტკივილი მზარდი ან მუდმივია;

* უჩვეულოა;

* თან სდევს მხედველობის დაბინდვა, ხელების, ფეხების ან სახის შეშუპება, კიდურების დაბუჟება, სისუსტე.

შებერილობა და ყაბზობა

ორსულობისას იკლებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის ტემპი. საკვების გადაადგილების შენელება შებერილობისა და ყაბზობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის, ამიტომ ეს ჩივილები მრავალ ორსულს აწუხებს.

შეკრულობისა და მეტეორიზმის დამარცხებაში წყლის სმა, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება და ფიზიკური აქტიურობა დაგეხმარებათ.

წელის ტკივილი

წელის ტკივილი უმეტესად ორსულობის დროს მიმდინარე ფიზიოლოგიური გარდაქმნების შედეგია, მაგრამ ზოგჯერ ქრონიკული დაავადების გამწვავებაზე მიუთითებს და ქალის შრომისუნარიანობას საგრძნობლად ამცირებს.

წელის ტკივილის შესამსუბუქებლად შეასრულეთ შემდეგი რეკომენდაციები:

* ფიზიკურად იაქტიურეთ, რეგულარულად იარეთ ფეხით;

* ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ნურც ბრტყელძირიანს;

* იძინეთ გვერდზე მწოლიარემ, ფეხებში კი ბალიში ამოიდეთ;

* ერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას, გადაღლას, მძიმე საგნების აწევას;

* არ მოიხაროთ წელში ნივთის აღებისას;

* წონაში არ მოიმატოთ ბევრი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული