როგორ გავუმკლავდეთ ტაქიკარდიას
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.04, 2022 წელი
ტაქიკარდია გულის რითმის დარღვევაა და გულისხმობს გულის შეკუმშვათა ნორმაზე მეტად გახშირებას. ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანს მოსვენებისას გული წუთში 60-100-ჯერ უნდა უცემდეს. ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიური ტაქიკარდია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში, შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
ფიზიოლოგიური ტაქიკარდიის განვითარების გამომწვევია:
👉 ფიზიკური დატვირთვა;
👉 სტრესული გარემო;
👉 ემოციური ფონი – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი;
👉 სხეულის ან გარემოს ტემპერატურის მატება;
👉 სიმაღლეზე ასვლა;
👉 ენერგეტიკული სასმელები, ჭარბი რაოდენობით ყავა, ალკოჰოლი და თქვენ წარმოიდგინეთ – ჩაი.
პათოლოგიური ტაქიკარდია შესაძლოა, გამოვლინდეს ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების გარეშეც და მიუთითებდეს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე (იშემია, მიოკარდიტი, გულის სარქვლოვანი დაავადებები) ან სხვა ორგანოთა სისტემის დაავადებებზე (ანემია, ინფექციური დაავადებები, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები).
ტაქიკარდიის ზოგადი სიმპტომებია:
👉 გულისცემის გახშირება, ბიძგები, სწრაფი პულსაცია;
👉 მხედველობის დაბინდვა;
👉 თავბრუ;
👉გულის ფრიალი;
👉 გონების დაკარგვა;
👉 გულის წასვლის შეგრძნება;
👉მკერდის არეში ტკივილი.
პროფილაქტიკა
გაძლიერებული გულისცემის შემთხვევაში საჭიროა სრულფასოვანი დასვენების უზრუნველყოფა. უარი თქვით ცხიმიან, ალკოჰოლიან და კოფეინიან პროდუქტებზე. შავი ჩაი და ყავა შეგიძლიათ, შევცვალოთ სედაციური ეფექტის მქონე მცენარეული ნაყენებით. შეამცირეთ ცხიმიანი საკვებისა და შაქრის მიღება. ოპტიმალურია მცენარეული და რძის ნაწარმის დიეტა. განსაკუთრებით სასარგებლოა ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები.
პაროქსიზმული ტაქიკარდია შესაძლოა აღმოცენდეს გასახდომი ტაბლეტების, ენერგოტონიკებისა და სტიმულატორების მიღების შემდეგ, ამიტომ მათზე უარის თქმა მოგიწევთ. ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ასტიმულირებს გულის კუნთის მუშაობას, თუმცა ფიზიკური გადაძაბვა არ შეიძლება, ამიტომ აუცილებელია დატვირთვის დოზირება.
გაძლიერებული გულისცემის შეტევები შედარებით იშვიათია მათთან, ვინც ბევრ დროს ატარებს სუფთა ჰაერზე. ტაქიკარდიის დროს რეკომენდებულია ყოველდღე ნახევარი საათის განმავლობაში ფეხით სეირნობა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





