მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.03, 2023 წელი

სტრესი
დაკოპირებულია

სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც რთული სიტუაციის საპასუხოდ წარმოიშობა. ამ დროს ადამიანი ისეთ პრობლემას ეჯახება, რომლის გადაჭრა მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატება. დღევანდელ არასტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ასეთი პრობლემა მრავლადაა.

სტრესის გამომწვევი უამრავი ფაქტორი არსებობს. ამ ფაქტორებს სტრესორებს უწოდებენ. ერთი და იგივე სტრესორი სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს – ის, რაც ერთისთვის სტრესის წყაროა, მეორისთვის შესაძლოა, უბრალოდ, „ძალების მოსინჯვის“ შესაძლებლობა იყოს, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებში ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია სტრესი. მაგალითად, ხმაური და ხალხმრავლობა შესაძლოა, პატარა ბავშვს სტრესის მიზეზად ექცეს, მაშინ როდესაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს ჩვეული გარემოა, სასურველიც კი. ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს საცობში მოხვედრა, სამსახურში დაგვიანება, გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა, სამედიცინო პროცედურის ჩატარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა...

სტრესულ მოვლენაზე რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს შემდეგნაირად:

👉 თვითრწმენის ნაკლებობა, შოკური მდგომარეობა;

👉 მოწყენილობის, იმედგაცრუებისა და უსუსურობის შეგრძნება;

👉 კონცენტრირებისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულე;

👉 თავის, ზურგის ტკივილი და კუჭის პრობლემები;

👉 მავნე ჩვევების შეძენა.

სტრესის დასაძლევად:

👉 იზრუნეთ საკუთარ თავზე – იკვებეთ ჯანმრთელად, ივარჯიშეთ რეგულარულად, იძინეთ ბევრი, დაისვენეთ;

👉 გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ოჯახის წევრს, მეგობარს, ექიმს;

👉 მოერიდეთ ალკოჰოლს. მისმა მიღებამ შეიძლება, დამატებითი პრობლემები გაგიჩნოთ და გაზარდოს სტრესი, რომელსაც უკვე გრძნობთ;

👉 აღიარეთ, როდესაც დახმარება გჭირდებათ – იცოდეთ როდის უნდა ესაუბროთ ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს ან ნებისმიერ მრჩეველს.

👉 ყველაზე ღირებული სტრესის დაძლევისთვის არის ურთიერთობა. უნდა შეგეძლოთ თქვენი პრობლემების შესახებ საუბარი, უნდა მოუსმინოთ სხვებსაც, რომლებიც თქვენთან თავიანთ პრობლემებზე სასაუბროდ მოვლენ;

👉 დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, ორიენტირდით პიროვნულ ზრდაზე და დაისახეთ რეალისტური მიზნები;

👉 დააწესეთ საზღვრები და თქვით უარი ისეთ შემოთავაზებებზე, სიტუაციებზე, რომლებიც თქვენში შფოთვას იწვევს;

👉 ნუ იკისრებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები და შესაბამისად იმოქმედეთ;

👉 ისწავლეთ დროის სწორად განაწილება. ჩამოწერეთ, რას აკეთებთ დღის განმავლობაში, შეამოწმეთ, მოიძებნება თუ არა თქვენს განრიგში დრო დასვენებისა და სასიამოვნო საქმიანობისთვის. თუ არა – გამონახეთ;

👉 აუცილებლად გამოუშვით გარეთ დაგროვილი უარყოფითი ემოცია. ამის გაკეთება სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი – სპორტით (რომელიც ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს), დღიურის წერით (სადაც ყველაფერს ისე ჩაიწერთ, როგორც გრძნობთ, შეულამაზებლად და უცენზუროდ). თუ გეტირებათ, თავის შეკავების ნაცვლად, განმარტოვდით და იტირეთ;

👉 რუტინას განსაკუთრებული როლი ენიჭება სტრესის მართვისას, რაც ყოველდღიურ ჩვევებს გულისხმობს: დილით ერთსა და იმავე დროს გაღვიძებას, აბაზანის მიღებას, საუზმის მირთმევას, მცირე ხნით მედიტაციისთვის, ვარჯიშისთვის და თქვენი ჰობისთვის ყოველდღიურად გამოყოფილ დროს, რადგან რუტინა ქმნის განცდას, რომ საკუთარ ცხოვრებას თავად ქმნით, გეგმავთ და ახერხებთ, ისე ააწყოთ, როგორც გსურთ, გარდა ამისა, ორგანიზმს ეხმარებით, ჰქონდეს მოწესრიგებული ძილისა თუ კვების რეჟიმი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ატყობთ საკუთარ თავს და თავად ვერ უმკლავდებით, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც სტრესის მართვაში დაგეხმარებათ.

ერიდეთ დანიშნულების გარეშე ანტიდეპრესანტების მიღებას. ნაცვლად ამისა, ეცადეთ, მეტი გაიგოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ: სწორი კვება, საჭირო რაოდენობის წყლის სმა, დასვენება, სუფთა ჰაერზე მეტი ხნის გატარება, ოჯახთან და მეგობრებთან ახლო ურთიერთობა, ჰობი. ახალი ინტერესები სტრესის დაძლევას უწყობს ხელს. შესაძლოა, დაგეხმაროთ მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, აბაზანის მიღება, გამოფენაზე ან თეატრში წასვლა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი