მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ რევმატიულ დაავადებას

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.01

რევმატიზმი
დაკოპირებულია

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც უმეტესწილად აზიანებს მცირე კალიბრის სახსრებს და დესტრუქციულ გავლენას ახდენს სხეულის სხვა სისტემებზე. რევმატოიდული ართრიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი სახსრების ტკივილია. ამ დაავადების პროგრესირებამ შესაძლოა, გაზარდოს გულსისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის, განვითარების რისკი.

რა გავლენას ახდენს სახსრების ტკივილი გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე

რევმატოიდული ართრიტის თანმდევი ფაქტორები უარყოფით გავლენას ახდენს გულის ჯანმრთელობაზე. ეს ფაქტორებია:

ანთება – რევმატოიდული ართრიტი ხასიათდება ქრონიკული ანთებით, რომელიც აზიანებს სისხლძარღვებს. სისხლძარღვები შესაძლებელია, შევიწროვდეს და გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის ბლოკირება, რაც ათეროსკლეროზის გამომწვევი მიზეზია.

მედიკამენტები – სახსრების ტკივილის სამკურნალოდ გამოყენებულ ზოგიერთ მედიკამენტს, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შესაძლოა, ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ, გაზარდონ გულის შეტევისა და ინსულტის რისკი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც წარსულში აღენიშნებოდათ გულსისხლძარღვთა დაავადებები.

ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა – სახსრების ქრონიკულმა ტკივილმა შეიძლება, გამოიწვიოს ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, სიმსუქნე და მაღალი წნევა, რაც თავის მხრივ, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ზოგადი რისკ-ფაქტორები – რევმატოიდულ ართრიტსა და გულის დაავადებებს გარკვეული საერთო რისკ-ფაქტორები ახასიათებს. ეს რისკ-ფაქტორებია: სიმსუქნე, მოწევა, სტრესის მაღალი დონე. აღნიშნულმა ფაქტორებმა შეიძლება, ხელი შეუწყონ, როგორც ქრონიკულ ანთებას, ასევე გულ-სისხლძარღვთა პრობლემების განვითარებას.

დამატებითი რისკ-ფაქტორები – ისეთმა დაავადებებმა, როგორიცაა მგლურა და პოდაგრა, ასევე შეიძლება, გამოიწვიოს სახსრების ტკივილი. სისტემური წითელი მგლურას მქონე ადამიანებს, ქრონიკული ანთებისა და სხვა დამაკავშირებელი ფაქტორის გამო გულსისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი აქვთ.

რეკომენდაციები რევმატოიდული ართრიტის დროს

გულის დაავადების რისკის შემცირება იწყება მკურნალობის გეგმის შედგენითა და ანთების მართვით.

დამატებითი რეკომენდაციები:

ფიზიკური აქტივობა – ფიზიკური აქტივობა და ცხოვრების მოძრავი წესი მნიშვნელოვანია რევმატოიდული ართრიტის მართვისთვის. დაიწყეთ ვარჯიში ან ცურვა.

ჯანსაღი დიეტა – მიირთვით ჯანსაღი, მცენარეული საკვები (ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული), რომელიც მდიდარია ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებით.

სტრესის მართვა – მნიშვნელოვანია შეამციროთ დაღლილობა და დაარეგულიროთ ძილი.

ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება – რევმატოლოგთან რეგულარული ვიზიტი და შესაბამისი კვლევების ჩატარება დაგეხმარებით დაავადების მართვასა და მისი განვითარების შეჩერებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი