მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ ოფლიანობას

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.09

ოფლიანობა
დაკოპირებულია

ოფლიანობა განსაკუთრებით შემაწუხებელია ჩვილებისთვის და შესაძლოა, გაუწყლოების მიზეზადაც კი ექცეთ, ამიტომ მეტი ყურადღება სწორედ მათ მიმართ გვმართებს. უპირველეს ყოვლისა, თვალყური უნდა ვადევნოთ ოთახის ტემპერატურასა და ტენიანობას. ბავშვის ოთახში მეტისმეტად არ უნდა ცხელოდეს (ოპტიმალური ტემპერატურაა 210c.). ბავშვს არ უნდა სციოდეს, მაგრამ არც ჩაფუთნა ვარგა – ოფლიანობას ხშირად ზედმეტი ტანსაცმელიც იწვევს. ჭარბი ოფლიანობის შედეგია ჩახურება, გამოყელვა, გამონაყარი, ნაოფლი, დერმატიტი, ინფექცია.

ოფლმა პრობლემები რომ არ შეგიქმნათ:

* პატარა ხშირად აბანავეთ, განსაკუთრებით ზაფხულში – დღეში ერთხელ მაინც,

* აუცილებლად ჩაბანეთ დეფეკაციის შემდეგ, უკიდურეს შემთხვევაში, საგულდაგულოდ გაწმინდეთ არაალერგიული სველი საფენით;

* ხშირად გამოუცვალეთ პამპერსი, ხოლო როგორც კი წამოიზრდება, ეცადეთ, მალე დაანებებინოთ თავი.

მოზარდებისა და მოზრდილების საყურადღებოდ:

ოფლიანობა განსაკუთრებით პრობლემურია გარდატეხის ასაკში. ამ დროს მილიონობით საოფლე ჯირკვალი აქტიურდება და ბუნებრივად იმატებს ოფლის გამოყოფა. მოზარდები ცვლილებებს ძნელად ეგუებიან. მშობლებმა მათ ოფლთან ბრძოლის მეთოდები უნდა ასწავლონ – ისინი ისეთივეა, როგორიც ზრდასრულ ასაკში.

უსიამოვნო სუნი მაშინ ჩნდება, როცა ოფლს მიკრობები ერევა. ასე რომ, ოფლთან, უფრო სწორად, მის სუნთან ბრძოლა, უწინარეს ყოვლისა, მიკრობებთან ბრძოლას გულისხმობს.

ტანი ყოველდღე უნდა დაიბანოთ. არ გამოგრჩეთ ნაკეცები, ფეხებს შორის მიდამო. სხეული კარგად გაიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით – მიკრობებს ნესტი ძალიან უყვართ და თუ კარგად არ გაიმშრალეთ, სოკოვანი ინფექცია გარანტირებული გექნებათ.

მხოლოდ ამის შემდეგ დაიტანეთ კანზე ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები – ანტიპერსპირანტი თუ დეზოდორანტი. დეზოდორანტი ოფლის სუნს აქრობს, ანტიპერსპირანტი კი მის გამოყოფას ამცირებს. არჩევანი მრავალფეროვანია – ნაირ-ნაირი არომატით.

* ჩაიცვით ბუნებრივი მასალის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც სუნთქავს;

* ეცადეთ, ზაფხულობით გეცვათ თავისუფალი, ღია ფერის სამოსი;

* სვით ბევრი წყალი, განსაკუთრებით – ცხელ დღეებში, უხვი ოფლიანობის დროს. ეს გაუწყლოებისგან დაგიცავთ. წყალი უნდა სვათ ვარჯიშამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდეგ. სასურველია, 15-20 წუთში ერთხელ – მოსვით 10 დიდი ყლუპი;

* დღის 11-იდან 4 საათამდე ერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას, ძლიერ დატვირთვას. ეცადეთ, ეს დრო ჩრდილში გაატაროთ;

* ერიდეთ კოფეინს, შაქარს, კარბონატს, ცხარე საკვებს – აღმოჩნდა, რომ ოფლიანობას ეს პროდუქტებიც ზრდის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...