მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ მწერის ნაკბენს

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.09

მწერის ნაკბენი
დაკოპირებულია

მწერის ნაკბენი ადვილი ამოსაცნობია ქავილით, რაც ორგანიზმის ადგილობრივი საპასუხო რეაქციაა იმ ნივთიერებაზე, რომელიც კბენისას ორგანიზმში ხვდება. ქავილი შესაძლოა, აღმოცენდეს როგორც კბენისთანავე, ისე რამდენიმე საათის შემდეგ; შესაძლოა იყოს ადგილობრივიც და გენერალიზებულიც. 

მწერების უმრავლესობის ნაკბენი მხოლოდ ადგილობრივ რეაქციებს იწვევს, თუმცა ფუტკრის, კრაზანას, ბუზანკალისა და მორიელის კბენის შემდეგ ხშირად ვითარდება ზოგადი ალერგიული რეაქცია, რაც გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინებით. შედეგად ნაკბენი შუპდება და წითლდება, ადამიანი უჩივის წვასა და ქავილს. ჩივილებმა შესაძლოა, 24 საათზე მეტხანსაც გასტანოს. ზოგადი ალერგიული რეაქციისას ადგილობრივ მოვლენებთან ერთად აღინიშნება აღგზნება, გაფანტული გამონაყარი, ტემპერატურის მომატება, შესაძლოა, ლიმფური კვანძების გადიდებაც. ზოგადი რეაქციის ყველაზე მძიმე გამოვლინებაა ანაფილაქსიური შოკი. ის ალერგიულ პირებს ფეხსახსრიანთა ტოქსინის მიმართ უვითარდებათ.

თუ ნესტრიანი მწერის ნაკბენია, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ნესტარი კანში არ დარჩეს. სასურველია, ნაკბენის არეალს გადავატაროთ ბასრი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანი და ამოვიღოთ ნესტარი, შემდეგ ჩამოვიბანოთ წყლით და საპნით, დავიდოთ ცივი საფენი. არასწორმა მოვლამ შესაძლოა, ნაკბენი არეალის დაინფიცირება გამოიწვიოს.

ბუზანკლისა და კოღოს ნაკბენს აშუშებს ანწლის, დიდგულას ან მრავალძარღვას ფოთლები. ახალმოკრეფილ ფოთლებს წყალი გადაავლეთ, ხელით დასრისეთ და წვენი ნაკბენზე წაისვით. ეს მცენარეები, გარდა იმისა, რომ შეშუპებას შეამცირებენ, ნაკბენის დეზინფექციასაც მოახდენენ.

შეიძლება, გამოიყენოთ წყალში გაზავებული ნიშადურის სპირტის ხსნარიც (1:3 თანაფარდობით). ისიც ნაკბენ ადგილას უნდა წაისვათ. ქინქლის ნაკბენზე კარგია ხახვის ახალგამოწურული წვენი. მასში დაასველეთ ბამბა ან დოლბანდის ტამპონი და მტკივან ადგილზე დაიდეთ.

ფუტკრის ან კრაზანას კბენას ადამიანი მაშინვე გრძნობს. ამ დროს საჭიროა სწრაფი რეაგირება, რადგან ამ მწერების შხამი საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. თავდაპირველად ჭრილობიდან ნესტარი უნდა ამოიღოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ის პატარა პარკი, რომელიც ნესტრის ბოლოზეა მოთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკბენში მეტი შხამი შევა და ტკივილი და სხვა შეგრძნებები გამძაფრდება. ნესტრის ამოღების შემდეგ კარგი იქნება, თუ ნაკბენზე ნივრის ფაფას დაიდებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ ის კანის დამწვრობასაც იწვევს. ამ დროს გამოგადგებათ ოროვანდის კომპრესი: ერთი-ორი წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ, მერე კი თხლად თაფლწასმული მიიდეთ მტკივან ადგილზე.

ნებისმიერი მწერის ნაკბენზე კარგია ყინულის დადებაც. ის ხსნის შეშუპებას და აცხრობს ქავილსა და წვას.

თითქმის ყველა მწერის ნაკბენით გამოწვეული ზომიერი ალერგიული რეაქცია 15-20 წუთის შემდეგ გაივლის, თუ ნაკბენ ადგილს ალოეს ახალგამოწურულ წვენს წაუსვამთ.

მწერის ნაკბენის ნეიტრალიზება ახალგამოწურული ლიმონის წვენითაც შეიძლება. ლიმონის წვენი აცხრობს ქავილის შეგრძნებას და კანის რეაქციას. ოღონდ სასურველია გამოვიყენოთ არა სუფთა წვენი, არამედ მისი წყალხსნარი (1:1). დაგეხმარებათ არაყიც. ეს კარგად ნაცადი საშუალებაა – ხსნის შეშუპებას, ქავილს და კანის გაღიზიანებას.

ზაფხულის პერიოდში ბუნებაში გასვლისას ყველამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

• ჩაიცვით ისე, რომ სხეული სრულად იყოს დაფარული;

• ტანსაცმელი უნდა იყოს მუქი ფერის;

• არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის კოსმეტიკური საშუალებები;

• საკვები მოათავსეთ დახურულ კონტეინერში;

• კარავი არ გაშალოთ ტბის პირას;

• ჩააქრეთ სინათლე, დახურეთ ფანჯრები;

• გამოიყენეთ, ეგრეთ წოდებული, მწერების დამაფრთხობელი საშუალებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...