როგორ გავუმკლავდეთ მწერების ნაკბენს სახლის პირობებში
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.08, 2022 წელი

პირველ რიგში, მწერების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებამდე კარგად გაეცანით ინსტრუქციას.
👉თუ სახლში ბავშვები იმყოფებიან, გამოიყენეთ მხოლოდ ის რეპელენტები, რომლებიც დაშვებულია ბავშვთა ასაკისთვის;
👉 ეცადეთ, არ მოხვდეს რეპელენტები სამოსის ქვეშ, დაზიანებულ ადგილას;
👉ბავშვს კანი თქვენ დაუმუშავეთ, არ მისცეთ მას უფლება თვითონ, მოიხმაროს წამლები;
👉 არ გამოიყენოთ მწერების საწინააღმდეგო აეროზოლი დახურულ სივრცესა და ავტომობილში;
👉 გაუფრთხლიდით თვალებს. ჯერ დაიტანეთ რეპელენტები ხელზე და შემდეგ გადაინაწილეთ ის სახეზე;
👉 გახსოვდეთ, რომ მწერებს იზიდავს არომატული პარფიუმერია და ფერადი სამოსი;
👉მოერიდეთ სასმელების მიღებას ალუმინის ქილებიდან;
👉 არასოდეს შეეხოთ სკას და ამის უფლება პატარებსაც არ მისცეთ;
👉 თუ მწერების დიდ ჯგუფს ერთად შენიშნავთ, არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და ფრთხილად გაეცალეთ იმ ადგილს;
👉ზაფხულში აუცილებლად გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო დამცავი ბადეები.
კოღოს ნაკბენს აშუშებს ანწლის, დიდგულას ან მრავალძარღვას ფოთლები. ახალმოკრეფილ ფოთლებს წყალი გადაავლეთ, ხელით დასრისეთ და წვენი ნაკბენზე წაისვით. ეს მცენარეები, გარდა იმისა, რომ შეშუპებას შეამცირებენ, ნაკბენის დეზინფექციასაც მოახდენენ.
👉 დაზიანებულ ადგილას დაიდეთ ყინული ან ცივი ხელსახოცი და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში;
👉 შეგიძლიათ, გამოიყენოთ წყალში (1:3 თანაფარდობით) გაზავებული ნიშადურის სპირტის ხსნარი. ისიც ნაკბენ ადგილას უნდა წაისვათ.
ფუტკრის ან კრაზანას კბენას ადამიანი მაშინვე გრძნობს. ამ დროს საჭიროა სწრაფი რეაგირება, რადგან ამ მწერების შხამი საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებებსა და გართულებებს იწვევს. თავდაპირველად ჭრილობიდან ნესტარი უნდა ამოიღოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, რათა არ დაზიანდეს ის პატარა პარკი, რომელიც ნესტრის ბოლოზეა მოთავსებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკბენში მეტი შხამი შევა და ტკივილი და სხვა შეგრძნებები გამძაფრდება. ნესტრის ამოღების შემდეგ კარგი იქნება, თუ ნაკბენზე ნივრის ფაფას დაიდებთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ზოგჯერ ის კანის დამწვრობასაც იწვევს. ამ დროს გამოგადგებათ ოროვანდის კომპრესი: ერთი-ორი წუთით მდუღარე წყალში მოათავსეთ, მერე კი თხლად თაფლწასმული მიიდეთ მტკივან ადგილზე. ყინულის დადება კი ნებისმიერი მწერის ნაკბენზეა კარგი. ის ხსნის შეშუპებას და აცხრობს ქავილსა და წვას. თითქმის ყველა მწერის ნაკბენით გამოწვეული ზომიერი ალერგიული რეაქცია 15-20 წუთის შემდეგ გაივლის, თუ ნაკბენ ადგილს ალოეს ახალგამოწურულ წვენს წაუსვამთ. მწერის ნაკბენის ნეიტრალიზება ახალგამოწურული ლიმონის წვენითაც შეიძლება. ლიმონის წვენი აცხრობს ქავილის შეგრძნებას და კანის რეაქციას. ოღონდ სასურველია, გამოვიყენოთ არა სუფთა წვენი, არამედ მისი წყალხსნარი – 1:1. დაგეხმარებათ არაყიც. ეს კარგად ნაცადი საშუალებაა, ხსნის შეშუპებას, ქავილსა და კანის გაღიზიანებას.
როდის არის საყურადღებო და ნაკლებად საყურადღებო მწერის ნაკბენი
თუ კბენის შედეგად აღინიშნა მხოლოდ ადგილობრივად სიწითლე, ქავილი და შეშუპება, რომელიც არ სცილდება დაახლოებით 3-5 სანტიმეტრს, ის არ განიხილება რთულ ალერგიულ რეაქციად. ეს არის ჩვეულებრივი, ორგანიზმის ფიზიოლოგიური პასუხი მწერის ნაკბენზე. მაგრამ, თუ ნაკბენის ადგილზე კანის სიწითლე და შეშუპება მოიმატებს, გასცდება 10 სანტიმეტრს ან მეტს, მაშინ მას უწოდებენ დიდ ლოკალურ რეაქციას. დიდი ლოკალური რეაქციის დროს მტევანზე ნაკბენმა შესაძლოა მოიცვას მთელი წინამხარი ან ტერფზე უკბინოს მწერმა და მუხლამდე მთელი წვივი შეშუპდეს. ინსექტური ალერგიის სიმძაფრე მატულობს კბენიდან 24-48 საათის პერიოდში, შეიძლება, რამდენიმე დღე გაგრძელდეს და შემდეგ იკლებს.
სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციებს იწვევს მწერის ნაკბენზე განვითარებული სისტემური რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსიურ შოკს უწოდებენ. მას ახასიათებს ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, ქუთუთოების, ტუჩის, ენის შეშუპება, ბრონქოსპაზმი, უნებლიე შარდვა, წნევის ვარდნა. თუმცა ის ძალიან იშვიათად ვითარდება და ყველა ადამიანს ფუტკრის ნაკბენზე ანაფილაქსიური შოკი არ აღენიშნება. ანაფილაქსიური შოკი სწრაფად განვითარებადი ალერგიული რეაქციაა, ძირითადად, კბენიდან რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში. კბენიდან მეორე-მესამე დღეს ანაფილაქსიური შოკის განვითარების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან