მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ ალკოჰოლით მოწამვლას

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.08, 2021 წელი

ალკოჰოლით მოწამვლა
დაკოპირებულია

ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ მოწამვლას ანუ ინტოქსიკაციას. სპირტიანი სასმელების უკონტროლო მიღება შესაძლოა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოთა სერიოზული დაზიანებითა და სიკვდილით დასრულდეს, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი დახმარების დროულად და სწორად აღმოჩენას.

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები:

⭕ გულისრევა, ღებინების მოთხოვნილება;

⭕სახის შეწითლება;

⭕წებოვანი ოფლი;

⭕ არტერიული და ქალაშიდა წნევის მომატება.

სათანადო დახმარების გარეშე მოწამლულის მდგომარეობა უფრო მძიმდება:

⭕ ირღვევა სუნთქვა და გუგები ფართოვდება;

⭕ იკვეთება ჰიპოქსიის ნიშნები, კანი ლურჯდება. გალურჯება იწყება ტუჩების არიდან;

⭕ მაჯა ძნელად ისინჯება. პულსი შესაძლოა, გახშირებული ან წყვეტილი იყოს;

⭕ნორმაზე დაბლა ეცემა არტერიული წნევა;

⭕ ირღვევა გულის მუშაობა;

⭕ამონაღები მასის სასუნთქ გზებში მოხვედრის შემთხვევაში, მოხრჩობის გამო, ადამიანი იღუპება.

ამ მდგომარეობაში სათანადო დახმარების გარეშე სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება ან მოხრჩობაა. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დახმარების დაუყოვნებლივ გამოძახება.

პირველადი დახმარება მოწამლულს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის იდენტიფიცირებისთანავე, დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, უნდა გავუწიოთ. პირველი ამოცანა ამ ეტაპზე სისხლში ალკოჰოლის შეწოვის შეფერხებაა. ამისთვის ყველაზე საიმედო მეთოდია ღებინების გამოწვევა ნებისმიერი საშუალებით. კარგია კალიუმის პერმანგანატის ხსნარი. ის ღებინების რეფლექსს იწვევს და კუჭის ლორწოვან გარსზე ერთგვარ გამწმენდ ზემოქმედებას ახდენს. შეიძლება, აგრეთვე, ენტეროსორბენტების – გააქტიურებული ნახშირის, პოლიფეპანისა და პოლისორბის – გამოყენება. ორი უკანასკნელი პრეპარატი გააქტიურებულ ნახშირზე გაცილებით ეფექტურია, ამიტომ საოჯახო აფთიაქში ისინი აუცილებლად უნდა იყოს. როდესაც მოწამლული დიდი რაოდენობით მასას ამოაღებინებს, სასურველია, შევუყვანოთ ნატრიუმის სულფატის ხსნარი, არა უმეტეს 20-30 გრამისა. ალკოჰოლის დაშლის პროდუქტისა და სხვა ტოქსინების გამოსაძევებლად ოჯახის პირობებში რეკომენდებულია მარილიანი საფაღარათოს გამოყენება. მისი მომზადების წესი მარტივია: ერთ ლიტრ თბილ წყალში 4-6 ჩაის კოვზი მარილი უნდა გახსნათ. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს მოწამლულს ძლიერ ამცივნებს, ამიტომ აუცილებელია მისი ჩაფუთვნა და ჩათბუნება. დიდი რაოდენობით ცხელი მაგარი ჩაი და ყავა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: ათბობს მოწამლულს, ასტიმულირებს მისი გულისა და ფილტვების მუშაობას, ახდენს შარდმდენ მოქმედებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, მოწამლულს ცნობიერება შენარჩუნებული ჰქონდეს, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ნებადართულია განზავებული (ერთ ჭიქა წყალზე 5-10 წვეთი) ნიშადურის სპირტის მიცემა.

ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, არცთუ იშვიათად, შეინიშნება ნერვული გადაძაბვა და ჰიპერაგზნება. ასეთ დროს დაუშვებელია მორფინის შემცველი დამაწყნარებელი საშუალებების გამოყენება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა