მედიცინა

როგორ განვიკურნოთ ხვრინვისგან

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.11, 2021 წელი

ხვრინვა
დაკოპირებულია

გამოკვლეულია, რომ ძილის დროს ზრდასრული მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი ხვრინავს, მათ შორის, 60 წელს გადაცილებულთა 60 პროცენტი. სასუნთქი ორგანოების ზოგიერთი ანატომიური თავისებურების გამო ხვრინვისკენ მამაკაცები ქალებზე ათჯერ მეტად არიან მიდრეკილნი. ხვრინვა გაცილებით მეტ პრობლემას წარმოადგენს გარშემო მყოფთათვის, ვიდრე მათთვის, ვინც ხვრინავს. ხვრინვა ზოგჯერ ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიის, ჭარბი წონისა და სხვადასხვა ფუნქციური დარღვევის სიმპტომია. ზოგჯერ კი ის სერიოზული დაავადების – ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომის წინამორბედია.

ხვრინვის განვითარების რისკი იმატებს, როცა არის:

👉ცხვირის ძგიდის გამრუდება;

👉ცხვირის ან ხახის ჰაერგამტარი გზების თანდაყოლილი შევიწროება;

👉 ადენოიდების გადიდება;

👉სასის ნაქის დაგრძელება;

👉ქვედა ყბის უკან წანაცვლება (თანკბილვის დარღვევა);

👉გადიდებული ნუშურა ჯირკვლები;

👉 სიმსუქნე.

ხვრინვის განვითარებას ხელს უწყობს ძილის უკმარისობა და დაღლილობა, ალკოჰოლისა და საძილე პრეპარატების მიღება, თამბაქო, ჰიპოფიზისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, დაბერება. ადამიანი, წესისამებრ, ზურგზე წოლისას ხვრინავს.

ქრონიკული ხვრინვის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია ძილიანობა, რაც იმის ბრალია, რომ ხვრინვა დროდადრო თავის ტვინის გამოფხიზლებას იწვევს. სიფხიზლის ეს ეპიზოდები იმდენად ხანმოკლეა, რომ ადამიანი მათ ვერ აცნობიერებს და ვერ იმახსოვრებს, ამიტომ ვერც აანალიზებს პრობლემის ამ მხარეს, რასაც საბოლოოდ ძილის დარღვევამდე მივყავართ. ხვრინვის დროს თავის ტვინი დასვენებას ვერ ახერხებს და ცდილობს, დღისით აინაზღაუროს დანაკლისი. ამის შედეგად ადამიანი მალე იღლება და გამუდმებით ეძინება. ხვრინვა, სუნთქვის პერიოდული შეფერხების გამო, იწვევს ჟანგბადის უკმარისობას და რთავს პათოლოგიური პროცესების კასკადს. სუნთქვის შეწყვეტა ღამის განმავლობაში შესაძლოა, 400-ჯერაც კი გამეორდეს და საშუალოდ 10-20 წამს გაგრძელდეს. სუნთქვის ყოველი შეფერხებისას ორგანიზმი ჟანგბადის უკმარისობას განიცდის. ტვინი უჟანგბადობის საპასუხოდ ორგანიზმს უგზავნის გაღვიძების სიგნალს. ნორმალური ძილი რამდენიმე თანმიმდევრული ფაზისაგან შედგება. ხშირი გაღვიძებისას ტვინი ვერ აღწევს ძილის ღრმა ფაზებს, რომელთა დროსაც ხდება კუნთების სრული მოდუნება და არტერიული წნევის დაქვეითება, ამიტომ ადამიანი სრულფასოვნად ვერ ისვენებს. ხშირი გამოღვიძება ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რის შედეგადაც იმატებს სისხლის არტერიული წნევა, ხშირდება პულსი, ირღვევა გულის რიტმი. ხვრინვას აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავს იჩენს ძილის აპნოეს ობსტრუქციული სინდრომის პირველი ნიშნები:

👉მოუსვენარი ზედაპირული ძილი;

👉ოფლიანობა;

👉გახშირებული ღამის შარდვა;

👉 დილაობით თავის ტკივილი და მოთენთილობა;

👉ძლიერი ძილიანობა დღისით;

👉 გაღიზიანებადობა;

👉მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითება.

მკურნალობა ხვრინვის მიზეზის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას გულისხმობს. თავი უნდა ვარიდოთ რისკ-ფაქტორებს: ძილის წინ უნდა ვერიდოთ სიგარეტის მოწევასა და ალკოჰოლის მიღებას, საძილე საშუალებების გამოყენებას. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს წონის დაკლებას ურჩევენ. ცნობილია, რომ გვერდზე წოლისას ადამიანი აღარ ხვრინავს, ამიტომ მხვრინავის პერანგს ან პიჟამას ძველად ზურგზე პატარა ბურთს აკერებდნენ. მხვრინავი რამდენიმე კვირა არაკომფორტულად იძინებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევა გვერდზე და მუცელზე წოლას და პრობლემაც მოგვარდება. გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს ენისა და რბილი სასის კუნთების გასამაგრებლად:

👉ენა ისე გამოყავით, თითქოს ექიმს მტკივან ყელს აჩვენებთ. რაც უფრო მეტად გამოყოფთ, მით უკეთესი. შეასრულეთ ეს ვარჯიში 30-ჯერ;

👉 ენა მაქსიმალურად შესწიეთ უკან, ხახის სიღრმეში. ეს ვარჯიშიც 30-ჯერ უნდა შესრულდეს;

👉ამოძრავეთ ქვედა ყბა წინ და უკან (30-ჯერ);

👉 კბილებით მაგრად დაიჭირეთ რაიმე ნივთი და 5 წუთი ასე გააჩერეთ.

ამ ვარჯიშებით შედეგს ისე მალე ვერ მიიღებთ, მაგრამ თუ მათ ყოველ დილა-საღამოს შეასრულებთ, უკეთესობას ნამდვილად იგრძნობთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი