მედიცინა

როგორ დავიცვათ თავი ცხოველზე ალერგიისგან

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ალერგია
დაკოპირებულია

ადამიანებს ალერგენების მიმართ სხვადასხვა დონის მგრძნობელობა აქვთ. ზოგთან ალერგიული რეაქცია მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, ზოგთან კი – უფრო მძიმედ. მნიშვნელოვანია ალერგენების ულუფაც. თუ ის პატარაა, სიმპტომები შეიძლება, ცხოველთან კონტაქტიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს.

ალერგიის სიმპტომებია: ცემინება, სურდო, ხველა, თვალებისა და ცხვირის შეშუპება და ქავილი, თვალების სიწითლე. ასთმის მქონე პირებთან ამ სიმპტომებს შესაძლოა, დაერთოს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ტკივილი და შებოჭილობა გულმკერდის არეში. ცხოველების მიმართ ზემგრძნობიარე ზოგიერთ ადამიანს კანის ცვლილებებიც აღენიშნება, რასაც მედიცინაში ალერგიურ დერმატიტს ვუწოდებთ. ამ ტიპის დერმატიტი გამოიხატება კანის ანთებით, წითელი ლაქებით (ჭინჭრის ციება), ეგზემით, ქავილით.

უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები ბევრი სხვა ალერგენით (მაგალითად, მცენარის მტვრით, საყოფაცხოვრებო მტვრით) გამოწვეული რეაქციებისთვისაც არის დამახასიათებელი, ამიტომ ალერგიის ნიშნების გამოვლენისას არ შეიძლება სხვა ალეგენების ზემოქმედების გამორიცხვა. სურდო და ხველა კი ვირუსული ინფექციის ტიპური ნიშნებია, ამიტომ ზოგჯერ ძნელი გასარკვევია, სასუნთქი გზების ინფექცია აქვს ადამიანს თუ ალერგია, მაგრამ თუ სიმპტომები ორ კვირაზე მეტია გრძელდება, უფრო მეტად სავარაუდოა ალერგია.

შეასრულეთ შემდეგი რჩევები:

* მოარიდეთ შინაური ცხოველი თქვენს საწოლ ოთახს. ოთახის კარი ყოველთვის დახურული გქონდეთ;

* თავი შეიკავეთ ცხოველების ჩახუტებისგან, მოფერებისგან, კოცნისგან;

* მოუსვით მტვერსასრუტი მიკროფილტრით, დაამონტაჟეთ ჰაერის ფილტრები, რათა სახლი, რაც შეიძლება, მეტი ალერგენისგან გაწმინდოთ;

* აიღეთ ხალიჩები, ვინაიდან ისინი ადვილად იჭერენ და ინახავენ ცხოველთა ალერგენებს;

* სთხოვეთ ვინმეს, ვისაც არ აქვს ალერგია, ყოველდღე დავარცხნოს თქვენი ცხოველი ღია სივრცეში (ეზოში ან აივანზე);

* ცხოველთან კონტაქტის შემდეგ მიიღეთ შხაპი და გამოიცვალეთ ტანსაცმელი.

არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ალერგია თავისთავად ალაგდება. მეტიც – დროთა განმავლობაში ის შესაძლოა, უფრო მეტად დამძიმდეს. ასე რომ, ნუ უგულებელყოფთ შინაურ ცხოველზე ალერგიის ნიშნებს.

თუ არ შეგიძლიათ ან არ გსურთ, თავი აარიდოთ ცხოველთან კონტაქტს, არსებობს მედიკამენტები ალერგიის სამართავად და სიმპტომების შესამსუბუქებლად.

ბევრისთვის მკურნალობის ყველაზე მისაღები მეთოდია იმუნოთერაპია, რადგან ის გრძელვადიან ეფექტს იძლევა. იმუნოთერაპია გულისხმობს ალერგენის ინიექციას სხეულში. აცრები ერთ-ორ კვირაში ერთხელ ტარდება. 4-6 თვის შემდეგ მკურნალი ექიმი შესაყვანი ალერგენის ულუფას ზრდის. შემანარჩუნებელი დოზა კეთდება ოთხ კვირაში ერთხელ. მთელი ეს პროცესი 3-5 წლამდე გრძელდება. ალერგენთან მუდმივი კონტაქტი ერთგვარად ავარჯიშებს იმუნურ სისტემას და უფრო მედეგს ხდის ალერგენის მიმართ, რომელსაც შეიძლება, ყოფით გარემოში შეხვდეს. იმუნოთერაპია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის სხვა მეთოდებმა არ გაამართლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა