მედიცინა

როგორ დავიცვათ ბავშვი ბაქტერიებისგან

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.09

ბაქტერიები
დაკოპირებულია

გარშემო არსებული ნივთებისთვის გემოს გასინჯვა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაზაა.

მშობლები სხვადასხვანაირად ეკიდებიან სისუფთავისა და სტერილურობის საკითხს. მაშინ, როდესაც ერთი ძირს დავარდნილ საწოვარას უბრალოდ წყალს გადაავლებს და ბავშვს დაუბრუნებს, მეორემ შესაძლოა, შეინახოს, შინ მდუღარე წყლით გაასტერილოს და მხოლოდ მერე მისცეს პატარას.

ვირუსების სეზონზე, როდესაც გარშემო ყველას სურდო აქვს და ბავშვების გარეთ გაყვანის ისედაც გვეშინია, განუწყვეტლივ გვესმის მოწოდებები, ხელები, რაც შეიძლება, ხშირად დავბანოთ პატარებს, ხოლო შუალედებში სადეზინფექციო საშუალებით დავუმუშაოთ.

განსაზღვრული დოზით ბაქტერიებთან კონტაქტი ასთმისა და ალერგიის გამომწვევებთან უსაფრთხო შეხვედრისთვის ამზადებს ჩვენს ორგანიზმს. ეს ფაქტი მრავალი კვლევით არის დამტკიცებული. „ჰიგიენის ჰიპოთეზის“ თანახმად, თუ ბავშვს მცირე ასაკიდანვე არ აქვს შეხება ბაქტერიებთან, ვირუსებსა და ალერგენებთან და სრულიად სტერილურ გარემოში იზრდება, უფროს ასაკში გაათმაგებული რისკი ემუქრება, ყველა ზემოხსენებული პრობლემა დაატყდეს თავს და ავტოიმუნური დაავადების განვითარების საფრთხეც მეტია.

როგორც განვითარების ფაზაში მყოფი ბავშვის ტვინს სჭირდება ურთიერთობები და პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი, ასევე, სჭირდება სტიმულაცია ბავშვის იმუნიტეტსაც, რათა დაიხვეწოს და ბრძოლისუნარიანი გახდეს.

ბაქტერიებთან ადრეულ ასაკში კონტაქტი ალერგიული დაავადების პრვენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.

ბავშვები, რომლებიც ბაღსა თუ სკოლაში მოსიარულე და-ძმასთან ერთად იზრდებიან, თავად დადიან ბაღში ან ცხოვრობენ ეზოიან სახლში, კვლევების თანახმად, მოზარდ ასაკში ალერგიულობის ძალიან დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

კონტაქტი ორგანიზმს ინფექციებთან საბრძოლველადაც წვრთნის.

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გარემოს ბინადარ ყველა ბაქტერიას სიკეთე არ მოაქვს ბავშვის ორგანიზმისთვის – არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც თავი უნდა ვარიდოთ.

აუცილებელია, ვაცნობიერებდეთ განსხვავებას სტერილურობასა და სისუფთავეს შორის. სტერილურობა არ არის საჭირო ეზოში, საბავშვო მოედანზე, შინ, სტუმრად, რადგან სტერილურობის ცნება ყველა ცოცხალი ბაქტერიისგან თავისუფალ გარემოს ნიშნავს, ასეთი გარემო კი ბავშვის იმუნურ სისტემას კარგს არაფერს მოუტანს.

ოქროს შუალედი

ნუ გაზრდით პატარას სტერილურ გარემოში. ისევე, როგორც ყველა სხვა საკითხთან, სისუფთავესთან მიმართებითაც საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა.

სახლი ხშირად დაასუფთავეთ სველი წესით, მაგრამ არა ანტიბაქტერიული სითხით. თუ სტუმარმა სახლში გარეთ ნაცვამი ფეხსაცმლით გაიარა, პატარა კი იატაკზე დახოხავს და შემოტანილ სიბინძურეს პირში იდებს, მაშინ ანტიბაქტერიული სითხე მისაღებია.

ნუ გაუსტერილებთ სხვა ბავშვების ხელშენახებ სათამაშოებს, ნუ მიაჩვევთ ყოველი დაცემის შემდეგ ხელების ანტიბაქტერიული სითხით გაწმენდას – ამგვარად მისი ხელისგულებიდან მეგობარ ბაქტერიებსაც მოსპობთ და მტრულად განწყობილ მიკრობებთან ბრძოლის იარაღს წაართმევთ.

თუ სოფელში ხიდან მოწყვეტილი ხილი შეჭამა, არა უშავს, ოღონდ უნდა იცოდეთ, რომ ხე შეწამლული არ არის და ბავშვი არ მოიწამლება. თუ ზუსტად არ იცით, უმჯობესია, ხილი გამდინარე წყლით გარეცხოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა