მედიცინა

როგორ დავეხმაროთ პატარებს მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებაში

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.09

მედიცინა
დაკოპირებულია

სამ წლამდე დედაზე ბავშვის მიჯაჭვულობა ნორმალური ფსიქოლოგიური მოვლენაა, თუმცა, ბავშვის ზრდა-განვითარებასთან ერთად მიჯაჭვულობამ უნდა იკლოს.

გადაჭარბებული მიჯაჭვულობის ძირითადი მიზეზები:

* თავად დედის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ბავშვზე. ხშირად თავად დედაა მიზეზი იმისა, რომ ბავშვს მის მიმართ გადაჭარბებული მიჯაჭვულობა უყალიბდება. როდესაც დედა წამითაც არ შორდება პატარას, არ აცდის სხვებთან კომუნიკაციას და მათდამი ნდობის გამომუშავებას, ბავშვი მხოლოდ დედას აღიქვამს სანდო ადამიანად და მიჯაჭვულობაც არაჯანსაღ სახეს იღებს.

* გარე სამყაროსთან კონტაქტის ნაკლებობა. როცა ბავშვი საკმარის დროს არ ატარებს გარეთ, ბუნების წიაღში, თანატოლებთან, არ აქვს საშუალება, შეეხოს მცენარეებს, ირბინოს და ითამაშოს სხვა ბავშვებთან ერთად, დააკვირდეს დედისა და სხვა უფროსების ურთიერთობას და უმეტეს დროს შინ, მშობლის გვერდით ატარებს, მას სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია უჭირს და, უცხო გარემოში მოხვედრილი, დედას ეწებება.

* ჰიპერმზრუნველობა. - ჰიპერმზრუნველობას ბავშვისთვის სასიკეთო არაფერი მოაქვს, პირიქით, უზღუდავს თავისუფლებას, უქვეითებს თვითშეფასებას და სხვაზე დამოკიდებულს ხდის. როდესაც ბავშვს არ აქვს საშუალება, გამოიკვლიოს გარე სამყარო, წაიქცეს, ისწავლოს ადგომა, თავად მისწვდეს შორს მდებარე სათამაშოს, მოაგვაროს ურთიერთობა თანატოლთან. მას ჰგონია, რომ მშობლის გარეშე ამ ყველაფერს ვერც შეძლებს და მთელი არსებით მასზე დამოკიდებული ხდება.

ნუ დასჯით ბავშვს იმისთვის, რომ თქვენზეა მოწებებული. ჩაეხუტეთ, დაამშვიდეთ, მოეფერეთ, აუხსენით, რომ ძალიან გიყვართ და არასოდეს მიატოვებთ. თუ მისი დატოვება გიწევთ, ეცადეთ, წინასწარ შეამზადოთ. გადით ხოლმე შინიდან ცოტა ხნით და ნელ-ნელა გაზარდეთ გასვლის ხანგრძლივობა. ასე ბავშვი დარწმუნდება, რომ მართალია, მიდიხართ, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებით.

ნუ მოუყვანთ მაგალითად სხვა ბავშვს. „აი, ის ძალიან მშვიდად ჩერდება უდედოდ და დედას არ აწვალებს, შენ რა გჭირს?” – მსგავსი მიდგომა დაუშვებელია. მიაჩვიეთ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას. ხშირად ასეირნეთ გარეთ, მიეცით სხვა ბავშვებთან თამაშის საშუალება, ატარეთ ახლობლების შვილების დაბადების დღეებზე. მიეჩვიოს ხმაურს, აურზაურს, უცხო ადამიანებს.

ნუ მოატყუებთ ბავშვს. თუ მთელი ღამით ბებოსთან ტოვებთ, ეს წინასწარ უნდა იცოდეს. ნუ ეტყვით, რომ მალე დაბრუნდებით. თუ თქვენი შვილისთვის თავად განშორების მომენტია სტრესის წყარო, თქვენს შეუმჩნევლად წასვლას კი ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს, უმჯობესია, გაუფრთხილებლად, დაუმშვიდობებლად წახვიდეთ.

აუცილებლად შეაქეთ, როდესაც დაინახავთ, რომ მიჯაჭვულობის ხარისხმა იკლო.

მიჯაჭვულობის დასაძლევად ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად უნდა იმოქმედოთ. თავდაპირველად მიაჩვიეთ ბავშვი ოთახში მარტო დარჩენას. მან უნდა იცოდეს, რომ დედა ახლოსაა. შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც პატარა კარგ გუნებაზეა და მშვიდადაა. მერე და მერე შეგიძლიათ, ნელ-ნელა ბებოსთან დატოვებაზე გადახვიდეთ. თავდაპირველად საჭიროა, ბავშვი, რაც შეიძლება, ნაკლებად სტრესულ გარემოში დარჩენას მიეჩვიოს, მერე შეიძლება, ბაღზეც დაიწყოთ ფიქრი.

ბავშვის აღზრდის პროცესში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს მეორე მშობელი, რომელსაც ბავშვი ასე ძლიერ არ არის მიჯაჭვული. მიჯაჭვულობა ორ მშობელზე გადანაწილდება, შესუსტდება და ნორმაში ჩადგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა