მედიცინა

როგორ დავეხმაროთ პატარას გადაუდებელი საჭიროების დროს

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.07

გადაუდებელი დახმარება
დაკოპირებულია

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი უცხო ცხოველმა უფრო შეიძლება დაკბინოს, ვიდრე შინაურმა, მაგრამ ასე არ არის. პატარებს უყვართ შინაურ ცხოველებთან თამაში, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ გაღიზიანებულმა ცხოველმა შესაძლოა, მოიგერიოს ბავშვი და ამ დროს დაკაწროს ან დაკბინოს.

 

თუ ბავშვს ნაკბენიდან ძლიერ სდის სისხლი, ეცადეთ, სისხლდენა შეუჩეროთ – სუფთა ნაჭრით გაუკეთეთ დამწოლი ნახვევი. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა სისხლდენა მოიკლებს, ჩამობანეთ ნაკბენი ნელთბილი, გამდინარე წყლითა და საპნით. არ გამოიყენოთ სპირტი და იოდი.

თუ ჭრილობა დიდია, შესაძლოა, გაკერვა დასჭირდეს, ამიტომ, როცა პატარას პირველ დახმარებას აღმოუჩენთ, მიმართეთ ნებისმიერი პედიატრიული კლინიკის მიმღებ განყოფილებას ან იმუნიზაციის ეროვნულ ცენტრს, სადაც ბავშვს ექიმი გასინჯავს, მის მდგომარეობას შეაფასებს და გადაწყვეტს, გაიკეროს თუ არა ჭრილობა ან რომელი ვაქცინა გაკეთდეს.

თუ ბავშვი დაკბინა ან დაკაწრა შინაურმა ცხოველმა, რომელიც გეგმის მიხედვით არ არის ცოფზე აცრილი, ექიმი გირჩევთ, მას ათი დღე დააკვირდეთ. თუ ამ ხნის განმავლობაში ცხოველს ცოფის ნიშნები გამოაჩნდა ან მოკვდა, ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კურსის დაწყება აუცილებელია.

თუ ბავშვს ასაკობრივი სქემის მიხედვით აქვს გაკეთებული ტეტანუსის აცრა, მისი დამატებითი დოზა შესაძლოა, არც კი დასჭირდეს, თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, ამიტომ ექიმის რეკომენდაციას უნდა მისდიოთ.

თუ ცხოველი გარეული ან უსახლკაროა, ცოფისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაუყოვნებლივ კეთდება.

ნაკბენი ჭრილობა შეიძლება სხვა მიკრობითაც დაინფიცირდეს. თუ პატარას ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შეამჩნიეთ, შესაძლოა, მას ანტიბიოტიკების კურსი სჭირდებოდეს:

* ჭრილობიდან სდის სუნიანი სითხე ან ჩირქი;

* ჭრილობის გარშემო რამდენიმე დღეა არ ქრება შეშუპება და ძლიერი მტკივნეულობა;

* ნაკბენი ადგილის ზემოთ შეშუპებულია ლიმფური კვანძები;

* კანზე ნაკბენი ადგილიდან სხვადასხვა მხარეს წითელი ზოლები მიემართება.

ანტიბაქტერიული თერაპია შესაძლოა, დაგჭირდეთ მაშინაც, როცა ნაკბენი ხელის მტევანზე, ტერფზე, სახეზე ან გენიტალიების არეშია. რაც უნდა მცირე იყოს ასეთი ჭრილობა, მისი ინფიცირების შემდეგ სავალალო შედეგის ალბათობა საკმაოდ დიდია. დამატებითი მკურნალობა დაგჭირდებათ მაშინაც, როცა ჭრილობა იმდენად ღრმაა, რომ კანთან ერთად დაზიანებულია კუნთი, მყესი ან ძვალიც.

ფიზიკურ დაზიანებასთან ერთად ბავშვმა შესაძლოა, ფსიქოლოგიური სტრესიც მიიღოს, დაეწყოს შფოთვები, ღამის კოშმარები, უძილობა, უნებლიეთ ლოგინშიც ჩაისველოს. ყურადღება მიაქციეთ მის განწყობას, დაელაპარაკეთ, დაუყვავეთ და მაქსიმალურად დაეხმარეთ სტრესის დაძლევაში.

ადამიანის ნაკბენი

პატარები თვითონაც კბენენ სხვა პატარებს. ადამიანის ნაკბენის შემთხვევაში პირველადი დახმარება ისეთივეა, როგორიც ცხოველის ნაკბენის დროს, განსხვავდება მხოლოდ ვაქცინაციის კურსი. ყოველთვის არსებობს თეორიული შანსი, ადამიანის ნერწყვში B ჰეპატიტის ვირუსი იყოს, მაგრამ თუ დაკბენილი ბავშვი ეროვნული კალენდრის მიხედვით არის აცრილი, ვაქცინის დამატებითი დოზა შესაძლოა, არც დასჭირდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა