მედიცინა

როგორ დავარეგულიროთ ჰემოგლობინის დონე ჩვენს ორგანიზმში

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.12, 2022 წელი

ჰემოგლობინი
დაკოპირებულია

სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას ანემიას უწოდებენ. ის ვითარდება სისხლის დაავადებისას, რომელსაც თან სდევს ერითროციტების დაშლა, ასევე, რკინის ან ვიტამინი B12-ის უკმარისობისას. ორსულობის პერიოდში ჰემოგლობინის ინდექსი ეცემა. ეს, პირველ რიგში, რკინის უკმარისობას უკავშირდება.

ანემიის დროს ადამიანს რამდენიმე სიმპტომი აქვს გამოხატული:

თავის ტკივილი, თაბრუ, ფერმკრთალი კანი, ზოგადი სისუსტე, მადის დაქვეითება, ძილიანობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, ხშირი ვირუსული დაავადებები, მუდმივად ცივი კიდურები.

კვლევამ დაადგინა, რომ მოზარდებში რკინის ნაკლებობა გონებრივ განვითარებას აფერხებს. ამიტომ, თუ ბავშვს უჭირს სწავლა, ვერ კონცენტრირდება, აქვს გულის აჩქარება და ფერმკრთალია, უნდა ვიფიქროთ ჰემოგლობინის ნაკლებობაზე და მივიღოთ შესაბამისი ზომები.

ჰემოგლობინის დონე იცვლება სქესის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

გარდა მედიკამენტებისა სისხლში ჰემოგლობინის დონის გაზრდა სხვადასხვა საკვები პროდუქტებითაც არის შესაძლებელი. თქვენი ყოველდღიური რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს რკინის შემცველი პროდუქტებით. რკინას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს საქონლის ხორცი. ჰემოგლობინის გაზრდას ხელს უწყობს საქონლის მოხარშული ღვიძლი, ასევე, საქონლის მოხარშული ენა, შეგიძლიათ – ყოველდღე 50 გრამი მიირთვათ. ანემიის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია სუფთა ჰაერზე ყოფნა. რაციონში ჩართეთ ციტრუსები. C ვიტამინს, რომელიც ორგანიზმს, რკინის სწრაფად შეთვისებაში ეხმარება, შეიცავს ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ბროწეული, კივი. მიირთვით ახალგამოწურული წვენები. ბროწეულის, სტაფილოს, შტოშის ან ჭარხლის წვენი. ხილისა და ბოსტნეულის გარეშე, ჩვენი ორგანიზმი რკინის მხოლოდ 5 პროცენტს ითვისებს.

თუ ჰემოგლობინის ნორმა მკვეთრად არ არის დაქვეითებული, ძალიან კარგ შედეგებს იძლევა ხალხური მეთოდებიც. პირველ რიგში, ეს არის რკინით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ისპანახი, ნუში, ბურღულეული, თევზის პროდუქტები. ძალიან სასარგებლო პროდუქტია თაფლი, გარგარის ჩირი, შავი ქლიავი, ხილის ახალგამოწურული წვენები, ბროწეულის, წითელი ჭარხლის წვენი და სხვა.

ანემიის დროს სასარგებლოა კენკრა: მარწყვი, მოცვი, ჟოლო, შავი მოცხარი. მიირთვით ბოსტნეულის სალათები, დაუმატეთ მეტი კამა და ოხრახუში. დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს წიწიბურა. ანემიის დროს არ არის რეკომენდებული ყავისა და ძლიერი ჩაის დალევა.

გაითვალისწინეთ, რომ ჰემოგლობინის აწევაში ხელს შეგიშლით:

👉არასწორი ცხოვრების წესი;

👉 მავნე ჩვევები;

👉 სტრესი;

👉 დასვენებისა და სუფთა ჰაერზე სეირნობის არარსებობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი