როგორ ჩავიტაროთ თვითგასინჯვა ძუძუს კიბოს გამოსარიცხად
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 08.05

ქალის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის, გავრცელების მიხედვით, პირველი ადგილი ძუძუს კიბოს უჭირავს. ძუძუს სიმსივნური პათოლოგია დროულად რომ აღმოაჩინოთ, ასე მოიქეცით:
* ყოველთვიურად აწარმოეთ ძუძუს თვითგასინჯვა მენსტრუაციული ციკლის დამთავრებიდან მე-7-10 დღეს, მენოპაუზის შემთხვევაში – ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში;
* პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით რეგულარულად ეწვიეთ მამოლოგს: 18-35 წლის ასაკში – სამ წელიწადში ერთხელ, 35 წლის შემდეგ კი ყოველწლიურად;
* რეგულარულად ჩაიტარეთ ინსტრუმენტული გამოკვლევები. 35 წლამდე ექოსკოპიური კვლევაა რეკომენდებული, 35 წლის შემდეგ – მამოგრაფიული;
* თუ თვითგასინჯვით ძუძუში პათოლოგიური ცვლილება აღმოაჩინეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ მამოლოგს;
* ერიდეთ რისკის ფაქტორებს, რომლებიც ძუძუს კიბოს განვითარებას უწყობს ხელს;
* ყურადღებით მოეკიდეთ ძუძუში პათოლოგიური პროცესების განვითარების სასიგნალო ნიშნებს: ძუძუს ტკივილსა და გაზრდას მენსტრუაციის წინა პერიოდში, დვრილიდან გამონადენს (განსაკუთრებით – სისხლიანს), ძუძუს დეფორმაციას და სხვა.
თვითგასინჯვა კი ამგვარად აწარმოეთ:
სარკის წინ
* ხელები ჩამოუშვით. შემოირტყით დოინჯი, დაჭიმეთ ხელისა და მკერდის კუნთები. ხელები გაშალეთ. ორივე ხელი კეფაზე შემოიჭდეთ.
თითოეულ პოზაში ყურადღებით დაითვალიერეთ მკერდი. დააკვირდით, ხომ არ აღინიშნება სარძევე ჯირკვლების ასიმეტრია, ძუძუს ფორმის, ზომის, კანის სტრუქტურის ან დვრილის ცვლილება (მაგალითად, ჩაბრუნება). ბოლოს 90-ით დაიხარეთ და კიდევ ერთხელ გულდასმით დაითვალიერეთ ორივე ძუძუ.
შხაპის მიღების დროს
* დაიდეთ მარცხენა ხელი კეფაზე. მარჯვენა ხელის გასაპნული სამი თითით (საჩვენებელი თითის, შუა თითის და არათითის) წრიული მოძრაობებით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ თითები, რათა ღრმად მდებარე წარმონაქმნები შეუმჩნეველი არ დაგრჩეთ. იგივე გაიმეორეთ მეორე ძუძუზე.
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში
* დაწექით ზურგზე, ბეჭების ქვეშ მჭიდროდ დახვეული პირსახოცი ამოიდეთ. მარცხენა ხელი თავქვეშ დაიდეთ, ხოლო მარჯვენა ხელის თითების წრიული მოძრაობით მარცხენა ძუძუ გაისინჯეთ პერიფერიიდან დვრილისკენ. თითების მსუბუქი ზეწოლით გაისინჯეთ ზერელე ქსოვილები, ძლიერი ზეწოლით კი – ღრმად მდებარე.
გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუსა და იღლიას შორის არსებული მიდამო და იღლიის ფოსო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან