მედიცინა

როგორ ავიცილოთ თავიდან სიბრმავე

№1

ავტორი: „თბილისელები“ 14:30 09.01, 2023 წელი

ანა დვალიშვილი
დაკოპირებულია

მოდი, ვისაუბროთ თვალის იმ დაავადებებზე, რომლებმაც შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. შესაძლებელია თუ არა, ამ ყველაფრის თავიდან აცილება. „თბილისელების“ სტუმარია ოფთალმოქირურგი ანა დვალიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

- ანა, მოდი, დავიწყოთ ბევრისთვის ნაცნობი კატარაქტით. რა არის კატარაქტა?

ანა დვალიშვილი: კატარაქტა, ანუ ბროლის შემღვრევა სიბრმავის ძირითად მიზეზს წარმოადგენს, რომლის დროსაც პაციენტის მხედველობა თანდათანობით, უმტკივნეულოდ უარესდება და საბოლოოდ, სრულ სიბრმავემდე მიდის.

კატარაქტის დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა, იძენს მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრ ან რძისფერ შეფერილობას. იმღვრევა და შესაბამისად ვეღარ ხდება გამოსახულების ბადურაზე ფოკუსირება, რაც მხედველობის მნიშვნელოვან (საბოლოოდ კი სრულ) დაქვეითებას იწვევს.

- რა იწვევს შეძენილი კატარაქტების განვითარებას?

- მნიშვნელოვანია, რომ მოხუცებულობით გამოწვეული კატარაქტის ასაკი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და უკვე 35-40 წლიდან შეიმჩნევა.

კატარაქტის გამომწვევ ძირითად რისკ- ფაქტორებს მიეკუთვნება:

• ასაკობრივი ცვილებებით გამოწვეული (მოხუცებულთა კატარაქტა)

• მექანიკური დაზიანებით განპირობებული (ტრავმული)

• ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი

• დიაბეტური

• რადიაციით გამოწვეული.

- რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ გამოგვეპაროს კატარაქტის განვითარების დასაწყისი?

- ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ყურადღებას. როგორც კი შენიშნავთ დღის სინათლეზე მხედველობის გაუარესებას, შეამჩნევთ, რომ საღამოს თითქოს უფრო უკეთ ხედავთ. ხშირად პაციენტები უჩივიან მხედველობის გაუარესებას როგორც ახლო, ასევე შორ მანძილზეც. ასე მაგალითად, ადამიანი ამბობს, რომ ხედავს საგნებს გაორებულად ან ბუნდოვნად, უჭირს კონტურების გამოკვეთა, გაუარესებულია ფერების აღქმა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუკი შეამჩნევთ მხედველობის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას.

- ვის შეიძლება, დაემართოს კატარაქტა?

- კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას:

ასაკი 55 წლის შემდეგ

დიაბეტი

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

ულტრაიისფერი დასხივება (დიდი დოზით მზის ქვეშ ყოფნა)

თვალის დაზიანება ან თვალის დაავადებები

ჭარბი წონა

თამბაქოს მოხმარება

ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება

კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება

- მართალია თუ არა, რომ კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი ეფექტური საშუალება ქირურგიაა?

- კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება და მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა.

ოპერაცია გულისხმობს მხედველობის სიმახვილის დაბრუნებას რამდენიმე წუთში, რომლის დროსაც ძველი, შემღვრეული ბროლი იცვლება ახალი, ხელოვნური ბროლით. ქირურგიული პროცესი უმტკივნეულოა, ოპერაციის მსვლელობისას გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია - ანუ ტკივილგამაყუჩებელი წვეთები. კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც გამოგვაქვს შემღვრეული ბროლი და მის ადგილზე ვსვამთ ახალ - ხელოვნურ ბროლს.

- მეორე გავრცელებული დაავადება არის გლაუკომა...

- გლაუკომა ეს არის პროგრესული ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელსაც ახასიათებს მხედველობის ნერვის დისკის შეუქცევადი დაზიანება და პერიფერიული მხედველობის ეტაპობრივი შევიწროება.

გლაუკომა წარმოადგენს შეუქცევადი სიბრმავის ძირითად მიზეზს მოსახლეობაში, რომელთა ასაკი აღემატება 60 წელს. დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ღია კუთხოვანი გლაუკომა, რომლის სიმპტომებსაც პაციენტი ამჩნევს გვიან, როდესაც დაავადება უკვე თითქმის ტერმინალურ სტადიას აღწევს.

გლაუკომის პრევენცია შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია დაავადების ადრეული დიაგნოსტირება და მართვა. ძირითადად, მკურნალობა მიმართულია თვალშიდა წნევის დაქვეითებისკენ. მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეულ პაციენტზე, ის დამოკიდებულია გლაუკომის სტადიასა და ფორმაზე. გლაუკომისაგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა, სწორი და დროული დიაგნოსტირება საშუალებას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ დაავადების პროგრესირება.

მინდა მოსახლეობას ვაცნობო, რომ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ გლაუკომის პრევენციის მიზნით დაიწყო სკრინინგ- პროგრამა, რაც გულისხმობს პენსიონერი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო ოფთალმოლოგიურ გასინჯვებს . პაციენტებს კონსულტაციებს პირადად გავუწევ და იმედი მაქვს, ჩვენი დახმარებით ძალიან ბევრი ადამიანი შეძლებს ხარისხიანი მხედველობის შენარჩუნებას.

კონსულტაციაზე ჩაწერა ხდება წინასწარ - 032 2 05 05 00.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი