როგორ არ უნდა დავაზარალოთ საკუთარი და ნაყოფის ჯანმრთელობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.04

ანტიბიოტიკები მედიკამენტების ჯგუფია, რომელიც ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. მათ ზოგჯერ ანტიბაქტერიულ ან ანტიმიკრობულ საშუალებებსაც უწოდებენ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ისეთი ინფექციების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც ბაქტერიებით არის გამოწვეული. ისინი არაეფექტურია ვირუსებით (მაგალითად, გაციება ან გრიპი) და სოკოებით (მაგალითად, კანის, პირის ღრუს ან საშოს სოკოვანი ინფექციები) გამოწვეული ინფექციების დროს.
არის შემთხვევები, როდესაც ვირუსული ან მცირე ბაქტერიული ინფექცია უფრო სერიოზულ, მეორეულ ბაქტერიულ პროცესში გადაიზრდება. სწორედ ამ დროს გვჭირდება ანტიბიოტიკები, თუმცა თერაპიის დანიშვნამდე აუცილებელია შესაბამისი კვლევების ჩატარება გართულებული ინფექციის (ეგრეთ წოდებული სუპერინფექციის) გამომწვევის დასადგენად და ანტიბიოტიკოგრამის გაკეთება, რათა გაირკვეს, სახელდობრ რომელი ანტიბაქტერიული საშუალების მიმართ არის ესა თუ ის ინფექცია მგრძნობიარე. ამით თავიდან ავიცილებთ ჩვენთვის უსარგებლო მედიკამენტების მიღებას და მკურნალობის კურსიც უფრო ხანმოკლე და ეფექტური იქნება.
იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიღება უკუნაჩვენებია. ამის მიზეზი უმეტესად წარსულში გადატანილი ალერგიული რეაქციაა ანტიბიოტიკზე. ერთი ჯგუფის ანტიბაქტერიულ პრეპარატზე ალერგიული რეაქცია არ ნიშნავს, რომ ვერც ერთ ანტიბიოტიკს ვერ მიიღებთ. კონსულტაციისა და ალერგიული სინჯების შემდეგ ექიმი თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტს შეგირჩევთ.
თუ რეგულარულად იღებთ რომელიმე მედიკამენტს, შესაძლოა, ზოგიერთ ანტიბიოტიკზე უარის თქმა ან მისი მიღების დროს თქვენი მუდმივი წამლის შეწყვეტა მოგიხდეთ.
თუ ორსულად ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები, უსაფრთხოების მიხედვით, სამ ჯგუფად იყოფა:
* ორსულებისთვის უსაფრთხო მედიკამენტები;
* აკრძალული მედიკამენტები;
* მედიკამენტები, რომელთა დადებითი ზემოქმედება აღემატება ნაყოფზე არასასურველი გავლენის რისკს.
ორსულობის დროს ნაყოფი ჟანგბადს, სისხლსა და საკვებ ნივთიერებებს პლაცენტის საშუალებით იღებს. ეს ორგანო მოქმედებს როგორც ფილტრი, რათა ნაყოფი დაცული იყოს. მაგრამ ზოგიერთ მედიკამენტს და მავნე აგენტს (ვირუსს, ბაქტერიას, პარაზიტს, ტოქსინს) შეუძლია, დაუბრკოლებლად გაიაროს მასში და გავლენა მოახდინოს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე. ამიტომ ორსულებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ყოველგვარი სამკურნალო საშუალება.
რა ემუქრება ნაყოფს
ორსულისთვის სახიფათო ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად ნაყოფს შესაძლოა განუვითარდეს:
* ტვინისა და გულის თანდაყოლილი დეფექტები;
* ტუჩისა და სასის ნაპრალი – ეგრეთ წოდებული, კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა;
* კბილების დაზიანება;
* ართროპათია (ძვლებისა და ხრტილის დაავადება);
* ენცეფალოპათია;
* ახალშობილთა სიყვითლე;
* სმენის პრობლემები (ოტოტოქსიკური გავლენა);
* თირკმლის პრობლემები.
ყველაზე ხშირი ინფექციური პროცესი, რომელიც ორსულებს აწუხებთ, ზედა სასუნთქი გზების ინფექციაა – ეგრეთ წოდებული, გაციებაა, მაგრამ ის უმეტესად არ მოითხოვს ანტიბაქტერიულ მკურნალობას. სიმპტომების შემჩნევისას უმჯობესია, მიმართოთ სხვა, უსაფრთხო საშუალებებს:
* მიიღოთ თბილი შხაპი;
* ხშირად სვათ ცხელი სითხე (ნურც წყლის მიღება დაგავიწყდებათ – მას ანადუღარი წყლისგან დამზადებული სასმელები ვერ შეცვლის);
* სასუნთქი გზების დასატენიანებლად გამოიყენეთ ნებულაიზერი;
* ცხვირი გამოირეცხეთ ფიზიოლოგიური ხსნარით;
* დაისვენეთ, მოიწესრიგეთ დღისა და ძილის რეჟიმი.
თუ სიმპტომები არათუ არ ალაგდა, დამძიმდა კიდეც, დამატებითი მკურნალობისთვის მიმართეთ ექიმს. ნურასოდეს მიიღებთ ანტიბიოტიკებს თვითნებურად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან