როგორ ამოვიცნოთ თიაქარი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.04, 2023 წელი

მუცლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანო ან ქსოვილის სხვა ნაწილი კანქვეშ გამოდის.
არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი მუცლის თიაქარი. ასევე, განასხვავებენ შიგნითა და გარეთა თიაქარს
თანდაყოლილი დეფექტი მუცლის ფარის განუვითარებლობის შედეგია, შეძენილი კი – სხვადასხვა ფაქტორების, ესენია: ზედმეტი ფიზიკური შრომა, ყაბზობა, პოსტოპერაციული ნაწიბური, მშობიარობა, ორსულობა, გადატანილი ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სქოლიოზი…
განასხვავებენ:
👉საზარდულის თიაქარს;
👉 თეძოს თიაქარს;
👉 ჭიპის თიაქარს;
👉თეთრი ხაზის თიაქარს;
👉პოსტოპერაციულ თიაქარს.
ყველაზე გავრცელებული თიაქარია საზარდულის თიაქარი და უმეტესწილად ეს პათოლოგია თავს მამაკაცებში იჩენს.
შემდეგ მოდის თეძოს, ჭიპისა და ყველაზე იშვიათად პოსტ-ოპერაციული თიაქარი გვხვდება.
სიმპტომები:
თიაქარი ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში ვითარდება, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომიც კი საყურადღებოა.
არსებობს მწვავედ განვითარებული თიაქარიც.
თიაქარს ახასიათებს ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს, მოსვენებულ მდგომარეობაში კი ტკივილი ქრება. მუცლის ზედაპირზე გხვდება მტკივნეული გამობერილობა.
თიაქრის გართულებაა, ეგრეთ წოდებული, ჩაჭედვა. ჩაჭედვას ორგანოს სისხლმომარაგების შეწყვეტა მოჰყვება, რამაც დაგვიანებული ჩარევის შემთხვევაში შესაძლოა, ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.
მისი პირველი ნიშანი თიაქრის არეში აღმოცენებული უეცარი ტკივილია, ასევე ვითარდება გაუვალობა.
როგორც წესი, თიაქარი ჩნდება მუცლის წინა კედელზე ფიზიოლოგიურად არსებულ სუსტ მიდამოებში. საზარდულის თიაქარი უფრო ხშირია კაცებში, ბარძაყის თიაქარი კი – ქალებში.
თუ პაციენტს აქვს ყაბზობისკენ მიდრეკილება, საჭიროა დაირეგულიროს კუჭის მოქმედება ყოველდღიურად, რომ თავიდან აირიდოს შებერილობა.
თიაქრის მკურნალობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციული გზით.
ძალიან ხშირად თიაქრის დროს პაციენტები მიმართავენ თვითმკურნალობას სპეციალური ბანდაჟებისა და ქამრების ტარებით, რაც არასწორია.
პირიქით, როგორც კი პაციენტი შენიშნავს თიაქრის გამობერილობას, დროულად უნდა მიმართოს ქირურგს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საქმე ის არის, რომ შეიძლება, განვითარდეს თიაქრის ჩაჭედვა, რაც უკვე გადაუდებელი ოპერაციის ჩვენებაა. თიაქრის ჩაჭედვის ან მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ, პირველივე წუთებში უნდა მიმართოს ქირურგიულ დაწესებულებას, რათა, თუ გართულება დადასტურდა, დროულად მოხდეს ქირურგიული ჩარევა და თავიდან ავიცილოთ ფატალური გართულებები. ჩაჭედილი ორგანოს თვითნებურად ჩასწორება არ შეიძლება.
პროფილაქტიკისთვის, მუცლის წინა კედლის სისუსტის შემთხვევაში, პაციენტმა თავი უნდა არიდოს მძიმე ფიზიკურ შრომას, სიმძიმეების აწევას და ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მუცელშიდა წნევას ზრდის (ხველას, შეკრულობას და სხვა), მოიწესრიგოს ნაწლავების მოქმედება. დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა კუნთებისა და აპონევროზული ქსოვილის განვითარებას, მის სისუსტეს უკავშირდება. ამგვარ შემთხვევებში რეკომენდებულია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, რაც როგორც კუნთების, ისე მთელი ორგანიზმის გაძლიერებას გამოიწვევს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან