მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ თავის ტრავმა

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.12, 2023 წელი

თავის ტრავმა
დაკოპირებულია

თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მიზეზი უმეტესად დაცემა, შერყევა ან შეჯანჯღარებაა. მისი გამოწვევა, ასევე, შეუძლია ტვინის ქსოვილებში მოხვედრილ უცხო სხეულს, მაგალითად, ტყვიას ან თავის ქალას ძვლის ნამსხვრევს. მსუბუქი ტრავმის დროს ტვინის ქსოვილებსა და უჯრედებში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები ადვილად ალაგდება, მაგრამ სერიოზულმა ტრავმამ შესაძლოა, ტვინის შეშუპება, სისხლდენა, სხვა მძიმე გართულებები და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

ტრავმის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

* საწოლიდან გადმოვარდნა, კიბეზე დაგორება, აბაზანაში ფეხის აცურება, ხიდან ჩამოვარდნა;

* ავტომობილის, მოტოციკლის ან ველოსიპედის შეჯახება ფეხით მოსიარულესთან;

* ცემა (მშობლების საყურადღებოდ: ბავშვის უხეში და ძლიერი შენჯღრევისას შესაძლოა თავის ტვინი დაზიანდეს).

* სპორტი, მაგალითად, ფეხბურთი, კრივი, ბეისბოლი, კრიკეტი, სკეიტბორდინგი, ჰოკეი და სხვა ინტენსიური და ექსტრემალური სახეობები. ასეთი თავის ტრავმები განსაკუთრებით ახალგაზრდებშია გავრცელებული;

* აფეთქება - აფეთქების ზემოქმედებით მიღებული თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

სიმპტომები: გონების დაკარგვა შედარებით მეტი ხნით (რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე); თავის ტკივილი, რომელიც მუდმივია ან უფრო და უფრო იმატებს; განმეორებადი გულისრევა და ღებინება; კრუნჩხვა; ერთი ან ორივე თვალის გუგის გაფართოება; ცხვირიდან ან თვალებიდან გამჭვირვალე სითხის დენა; გამოღვიძების შეუძლებლობა; ხელისა და ფეხის თითების დაბუჟება ან დასუსტება; კოორდინაციის დაკარგვა; ძლიერი დაბნეულობა და გაურკვევლობა; აჟიტირება, ბრძოლისუნარიანობის მომატება ან სხვა უჩვეულო ქცევა; გაურკვეველი მეტყველება; ცნობიერების მოშლა, კომა.

სიმპტომები ბავშვებთან

ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს შემაწუხებელი სიმპტომების სიტყვიერად აღწერა არ შეუძლიათ. ტვინის ტრავმული დაზიანება მათთან შეგვიძლია ამოვიცნოთ კვებითი ქცევის ცვლილებით, უჩვეულო გაღიზიანებით, მუდმივი ტირილით, ძილის დარღვევით, კრუნჩხვებით, მოწყენილობით, მოთენთილობით, საყვარელი სათამაშოს ან თამაშის მიმართ ინტერესის დაკარგვით. თუ ბავშვს თავის, თუნდაც, მსუბუქი დარტყმის შემდეგ რომელიმე ზემოხსენებული სიმპტომი ან ქცევის უცნაური ცვლილება შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

ცნობიერების ცვლილებები

ტვინის საშუალო და ძლიერმა ტრავმამ შესაძლოა, ცნობიერების საკმაოდ ხანგრძლივი ან სამუდამო ცვლილება გამოიწვიოს.

ცნობიერების შეცვლის ფორმებია:

* კომა - კომაში მყოფი ადამიანი უგონოდაა და არანაირ გამღიზიანებელსა და სტიმულზე არ რეაგირებს. ამის მიზეზი ტვინის მრავალი უბნის ერთდროული მძიმე დაზიანებაა. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ადამიანი შესაძლოა, გამოვიდეს კომიდან და ვეგეტატიურ მდგომარეობაში გადავიდეს;

* ვეგეტატიური მდგომარეობა - ამ დროს ადამიანს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებში გარკვევა არ შეუძლია, თუმცა ახელს თვალებს, გამოსცემს ხმას, რეაგირებს გამღიზიანებლებზე, მოძრაობს;

* მინიმალური ცნობიერების მდგომარეობა - ცნობიერების ხარისხი ამ დროსაც მკვეთრადაა დაქვეითებული, თუმცა ადამიანს შესწევს გარემოში გარკვევის უნარი. ხშირად ეს გარდამავალი მდგომარეობაა კომას ან ვეგეტატიურ მდგომარეობასა და ცნობიერების დაბრუნებას შორის;

* ტვინის სიკვდილი - ტვინის სიკვდილზე საუბრობენ, როდესაც ტვინისა და ტვინის ღეროს ფუნქციონირების არანაირი ნიშანი აღარ შეინიშნება. ტვინის სიკვდილი შეუქცევადი პროცესია.

ფიზიკური გართულებები

* კრუნჩხვა – ის მოსალოდნელია როგორც ტრავმის ადრეულ სტადიაზე, ისე რამდენიმე წლის შემდეგაც;

* ტვინის ქსოვილებში სითხის დაგროვება;

* ქალას ძვლების მოტეხილობამ და გამჭოლმა ჭრილობამ შესაძლოა, თავის ტვინის დამცავი შრეების დარღვევა გამოიწვიოს, ბაქტერიებისთვის მისაწვდომი გახდეს და ინფექციის მიზეზად იქცეს. მენინგეალური გარსების ანთება (მენინგიტი) დროული მკურნალობის გარეშე შესაძლოა, მთელ ნერვულ სისტემაზე გავრცელდეს;

* სისხლძარღვების დაზიანება;

* ხშირი თავის ტკივილი – საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა თავის ტრავმის შემდეგ;

* თავბრუდახვევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა