მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა

№31

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.08, 2022 წელი

აშლილობა
დაკოპირებულია

შფოთვითი აშლილობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. გამოყოფენ მის რამდენიმე ფორმას. ერთი მათგანია ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.

ობსესია არის აკვიატებული ფიქრი, აზრი ან იდეა, რომელიც შფოთვის შეგრძნებას ბადებს. მაგალითად, სხეულის დაბინძურების შიში, ნივთების სიმეტრიულად დალაგების დაუძლეველი სურვილი.

კომპულსია არის გაცნობიერებული ქცევა, რომელსაც ახორციელებს ადამიანი ობსესიური აზრების გასანეიტრალებლად. მაგალითად, ხელების წამდაუწუმ ბანა, თვლა, შემოწმება, გარკვეული სიტუაციებისთვის თავის არიდება. როცა გონებაში გაგვიელვებს, ღუმელი ჩართული ხომ არ დამრჩაო, ვამოწმებთ მას, ხოლო თუ ადამიანს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, ამას აკეთებს ასჯერ. აშლილობის მქონეთა უმეტესობა აცნობიერებს, რომ ობსესიები რეალურ საფუძველს მოკლებულია, მაგრამ კომპულსიისგან თავის შეკავების შემთხვევაში შფოთვა იმატებს.

ყველა რიტუალი და ჩვევა კომპულსია არ არის, ყველას გვიყვარს გადამოწმება, სისუფთავე, მაგრამ ზომიერად.

მის სიმპტომებს სპეციალისტები ხუთ ძირითად კატეგორიად ყოფენ. ესენია:

შემოწმების აკვიატება

ზოგს აკვიატებული აქვს ხანძრის ან წყლის გაჟონვის შიში და თავის დასაზღვევად გამუდმებით ამოწმებს ელექტროგაყვანილობას, ელექტროხელსაწყოებს, წყალგაყვანილობას, ონკანს... სხვები გამუდმებით ამოწმებენ, ხომ კარგად არიან მათი ახლობლები, ხომ დაკეტილია კარები, ფანჯრები, ხომ ჩართულია სახლის/ოფისის სიგნალიზაცია, ხომ არ რჩებათ საფულე, ტელეფონი. გამუდმებით ეჩვენებათ, რომ თუ არ გადაამოწმეს, აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდება.

ავადმყოფობის აკვიატება

ზოგს აკვიატებული აქვს, რომ უკურნებელი დაავადება სჭირს. ორსულობის აკვიატებაც კი არსებობს: ქალს ჰგონია, რომ სულ ორსულადაა და გამუდმებით იტარებს სწრაფ ტესტს.

შიზოფრენიის შიშის დროს ადამიანს ჰგონია, რომ ეს აკვიატებები „გააგიჟებს”.

დაბინძურების აკვიატება

ამ დროს ადამიანი განუწყვეტლივ რეცხავს, ხეხავს, იბანს, იხეხავს კბილებს, ფერთხავს ტანსაცმელს, თავს არიდებს ხელის ჩამორთმევას, არ ეხება კარის სახელურებს, მოაჯირებს, ერიდება ხალხმრავალ ადგილებს, არ ჭამს კაფეებსა და რესტორნებში, თავს იკავებს სექსუალური ურთიერთობისგან. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე ადამიანმა შესაძლოა იქამდე იხეხოს ხელი, სანამ სისხლი არ წამოუვა.

წესრიგისა და სიმეტრიის აკვიატება

წესრიგისა და სიმეტრიის გადაჭარბებული მოთხოვნილებაც ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამოხატულებაა. ამ დროს ადამიანს აქვს არაჯანსაღი მოთხოვნილება: ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილას ეწყოს, სურათები სწორად ეკიდოს, ტანსაცმელი საკიდზე ერთი მიმართულებით იყოს შებრუნებული, წიგნები თაროზე განსაზღვრული სისტემით ეწყოს, მაგალითად, გარეკანის ფერის მიხედვით. აშლილობის მქონე ადამიანი უამრავ დროს ხარჯავს სიმეტრიის მისაღწევად.

ინტრუზიული აზრები

ასე უწოდებენ უსიამოვნო, ზოგჯერ შემზარავ ფიქრებს, მაგალითად, ფიქრებს ახლობლებისთვის ზიანის მიყენების შესახებ. ამ აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა „ჯადოსნური“ აზროვნება. მაგალითად, ადამიანს შესაძლოა, მთელი არსებით სჯეროდეს, რომ ავტოკატასტროფის წარმოდგენა მის ალბათობას გაზრდის ან, თუ ათამდე არ დაითვალა, მის ახლობელს ზიანი მიადგება.

უსარგებლო ნივთების შემგროვებლობა

უსარგებლო ნივთების შემგროვებლობა ცალკე დარღვევად განიხილება, თუმცა მსგავსი აკვიატება ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისთვისაც არის დამახასიათებელი. მაგალითად, ამ აშლილობის მქონე ზოგიერთი ადამიანი ვერაფრით ელევა გამოუსადეგარ ნივთებს, ბევრს აშინებს კიდეც ამაზე ფიქრი, თითქოს, თუ რომელიმე ნივთი გადააგდეს, რამე ცუდი მოხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი