მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ კერატოკონუსი და როგორ ვმართოთ ის

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.07, 2023 წელი

კერატოკონუსი
დაკოპირებულია

კერატოკონუსი რქოვანას პროგრესირებადი, არაანთებითი, ორმხრივი დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანა გარსი თხელდება, სუსტდება და ფორმას იცვლის – წინ არასწორად გამოიზნიქება და კონუსისებრი ხდება. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდ მხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება.

რა იწვევს

სადღეისოდ კერატოკონუსის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა დადგენილია მისი რისკ-ფაქტორები, მათ შორის – გენეტიკური განწყობა, ალერგიული ფონი და მშრალი თვალის სინდრომი, რომელთა მიერ პროვოცირებულმა თვალის ხშირმა სრესამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს დაავადების განვითარებას. ზოგიერთი თეორიის თანახმად, ხელშემწყობი ფაქტორი შესაძლოა, მზის ულტრაიისფერი გამოსხივებაც იყოს.

მაპროვოცირებელი ფაქტორები

თვალის დაავადებათაგან კერატოკონუსის განვითარებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს მშრალი თვალის სინდრომმა, რომელიც ვითარდება ქუთუთოს კიდეზე მდებარე მეიბომის ჯირკვლების დახშობისა და დისფუნქციის შედეგად. ეს პათოლოგია იწვევს ცრემლის ხარისხის შეცვლას. სიბლანტის შემცირების გამო ცრემლი უფრო წყალწყალა ხდება და ამიტომ უფრო იოლად ორთქლდება. ასევე, ადვილად ხდება ცრემლის აორთქლება კონდიცირებულ ოთახში და ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დიდხანს ჯდომისას. ზოგადი დაავადებებიდან კერატოკონუსი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებსა და დაუნის სინდრომთან. ამ სინდრომის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ კერატოკონუსის ნიშნები. არსებობს მოსაზრება, რომ გენში, რომლის მუტაციის შედეგადაც ვითარდება დაუნის სინდრომი, ასევე კოდირებულია ცილა კოლაგენის წარმომქმნელი გენი. შესაბამისად, ამ სინდრომის დროს კოლაგენური კავშირები რქოვანაში შესუსტებულია, რაც იწვევს მის გათხელებას, გამოზნექასა და საბოლოოდ კერატოკონუსის განვითარებას.

მთავარი, რასაც პაციენტები ექიმთან მისვლისას უჩივიან, არის მხედველობის თანდათანობითი გაუარესება, რომლის კორექციაც სათვალით ან კონტაქტური ლინზებით ძნელად ხერხდება. დაავადების საწყისი სტადიისთვის დამახასიათებელია ახლომხედველობის და/ან ასტიგმატიზმის განვითარება, სათვალეების ან კონტაქტური ლინზების ხშირი ცვლა, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა, საგნების დამახინჯებული აღქმა. პაციენტები ხშირად უჩივიან სინათლის წყაროს ფონზე „შარავანდედისა“ და „ანარეკლის“ არსებობას. თუ ანამნეზს უფრო მეტად ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ მათ თვალების სრესის ხშირი სურვილი და ჩვევა აქვთ.

დაავადების არსებობისას მისი პროგრესის შესაჩერებლად, უპირველესად, უნდა უმკურნალონ მშრალი თვალის სინდრომს. ამისთვის არსებობს ცრემლის შემცველი სპეციალური წვეთები თვალის დასატენიანებლად, რომელთა ჩაწვეთება აუცილებელია დღეში 6-8–ჯერ. კარგი საშუალებაა ქვედა საცრემლე მილაკების დახშობაც, რათა ცრემლი ცხვირში არ გადავიდეს და თვალის ზედაპირზე დარჩეს. ეს თვალს გამოშრობისგან დაიცავს და თავიდან აგვაცილებს თვალის სრესის სურვილს, რომელიც შესაძლოა, ჩვევაში გადაიზარდოს და რომელიც დაავადების პროგრესირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი