მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.09, 2023 წელი

ძვალ-სახსრის
ტუბერკულიოზი
დაკოპირებულია

ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი წარმოადგენს ფილტვგარეშე ტუბერკულოზის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას. ის ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს. ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სპეციფიკური გრანულომის წარმოქმნა და ძვლის პროგრესირებადი დარღვევა, რაც თავის მხრივ, ჩონჩხის დაზიანებული სეგმენტის გამოხატულ ანატომიურ და ფუნქციურ დარღვევებს იწვევს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ხერხემლის ტუბერკულოზი, შედარებით იშვიათია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის.

ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი დამოუკიდებლადაც შეიძლება შეგვხვდეს და ფილტვის ტუბერკულოზთან ერთადაც. იზოლირებული ფორმა უფრო ხშირია, შემთხვევათა დაახლოებით, 5-10 პროცენტში კი ძვალ-სახსართა ტუბერკულოზს სხვა ორგანოს ტუბერკულოზური დაზიანებაც ახლავს.

სტატისტიკური მონაცემებით, ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის წილად ტუბერკულოზის შემთხვევათა 3-5 პროცენტი მოდის.

ინფიცირება, ისევე როგორც ფილტვის ტუბერკულოზის დროს, ჰაერწვეთოვანი გზით ხდება. ინფექციის წყარო ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული ბაქტერიაგამომყოფი პაციენტია. ბაქტერია ჯერ ფილტვებში ხვდება და ეგრეთ წოდებულ. პირველად აფექტს იწვევს. შემდგომ ის ან ფილტვის დაავადებაში გადაიზრდება, ან ბაქტერია სისხლში ან ლიმფურ სისტემაში გადავა, საიდანაც შესაძლოა, ნებისმიერ ორგანომდე მიაღწიოს. ასე იბუდებს ბაქტერია ძვალში და ხელსაყრელ პირობებში ძვალ-სახსართა ტუბერკულოზს იწვევს. ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. დედამიწის მოსახლეობის მესამედი ტუბერკულოზის მიკობაქტერიით არის ინფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირებულის ორგანიზმში ბევრ სხვასთან ერთად ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობიც სახლობს.

დაავადება რომ განვითარდეს, განსაზღვრული პირობებია საჭირო. მაგალითად, სტრესი – ემოციური, ფიზიკური, კვებითი, რაც იმუნური სისტემის აქტივობას აქვეითებს და ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს. უშუალოდ ძვალში პათოლოგიის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს კი ტრავმა ქმნის. სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია სისტემური პათოლოგიები, რომელთა მკურნალობაც ჰორმონების მუდმივ მიღებას მოითხოვს, ასეთ პაციენტებს ფილტვის ტუბერკულოზიც უვითარდებათ.

დაავადება იწყება ერთი მსხვილი, მენჯ-ბარძაყის ან მუხლის, სახსრის ან ხერხემლის რომელიმე, მაგალითად, წელის ან გულმკერდის) სეგმენტის ტკივილით. შესაძლოა, ტკივილს თან ახლდეს საერთო სისუსტე და სუბფებრილური ტემპერატურაც, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ტემპერატურა ნორმის ფარგლებში დარჩეს. როცა პროცესი ხერხემალშია, მომდევნო ეტაპზე ხდება ერთი ან ორი მალის დესტრუქცია. ამის შედეგად ირღვევა ხერხემლის სტაბილურობა. ყალიბდება აბსცესი – შემოსაზღვრული ჩირქგროვა. თუ აბსცესი ზურგის ტვინის არხში გაჩნდა და ზურგის ტვინის კომპრესია გამოიწვია, ვითარდება დამბლა, ტკივილი, ხერხემლის დეფორმაცია – ეგრეთ წოდებული, გიბუსი ანუ კუზი. ასეთი გახლავთ ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის გაღვივების ფაზის ტიპობრივი სურათი. ამავე პერიოდში შესაძლოა, ჩამოყალიბდეს აბსცესები კუნთებში ან სახსრების ირგვლივ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა