მედიცინა

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი საშვილოსნოს მიომაზე

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.05, 2023 წელი

საშველოსნოს მიომა
დაკოპირებულია

საშვილოსნოს მიომა წარმოადგენს საშვილოსნოს კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც ხშირად ჩნდება მშობიარობის პერიოდში. მას ხშირად ლეიომიომას ან ფიბრომას უწოდებენ, საშვილოსნოს მიომა არ ასოცირდება საშვილოსნოს კიბოს მომატებულ რისკთან და თითქმის არასოდეს გადაიქცევა კიბოდ.

საშვილოსნოს მიომა საშვილოსნოს ყველაზე ფართოდ გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნეა და ქალების 70-80%-თან გვხვდება, ყველაზე ხშირად – 40-50 წლის ასაკში, ამიტომ ამ ასაკის ქალბატონებს, ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

რისკ-ფაქტორები

👉გენეტიკა – აღმოჩნდა, რომ დაავადების განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა: თუ დედას ან ბებიას მიომა ჰქონდათ, რისკი გაცილებით მეტია;

👉ჰორმონული დისბალანსი – ესტროგენები ზრდის მიომური კვანძების განვითარების ალბათობას, ხოლო პროგესტერონი ამცირებს. ვინაიდან მენოპაუზის შემდეგ პროგესტერონის რაოდენობა იმატებს, ხოლო ესტროგენებისა მცირდება, ზოგჯერ კვანძები უკუვითარდება კიდეც;

👉რასა – დადგენილია, რომ ფერადკანიან ქალებთან საშვილოსნოს მიომა თეთრკანიანებზე 3-ჯერ ხშირად აღირიცხება. მიზეზი უცნობია. დადგენილია ასევე, რომ ფერადკანიანებს მიომური კვანძები 4-6 წლით ადრე უჩნდებათ;

👉ნაადრევი მენარქე (პირველი მენსტრუაცია) – აღმოჩნდა, რომ 10 წელზე უმცროს ასაკში დაწყებული მენსტრუაცია ფიბროადენომის განვითარების რისკს ზრდის;

👉ალკოჰოლი;

👉სიმსუქნე;

👉კვება – დადგენილია, რომ ხორცი ზრდის მიომური კვანძების განვითარების რისკს, ხოლო ხილ-ბოსტნეული ამცირებს;

👉არტერიული ჰიპერტენზია – აღმოჩნდა რომ პაციენტებში, რომლებსაც არტერიული ჰიპერტენზიისადმი აქვთ მიდრეკილება, საშვილოსნოს ლეიომიომის განვითარების რისკი უფრო მაღალია. საინტერესოა, რომ ტიპი 2 დიაბეტის მქონე ქალებს ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებთ.

საშვილოსნოს მიომა შესაძლოა, უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და რიგითი ექოსკოპიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩინოთ.

მიომა, კვანძების მდებარეობის კვალობაზე, სხვადასხვა ჩივილს იწვევს. მაგალითად, სუბმუკოზური (ლორწოვანქვეშა) კვანძები ხშირად გაძლიერებულ სისხლდენასა და გახანგრძლივებულ მენსტრუაციასთან ასოცირდება.

სხვა სიმპტომებია:

👉ჭარბი და გახანგრძლივებული (7 დღეზე ხანგრძლივი) მენსტრუაცია. სისხლის დიდი დანაკარგი, თავის მხრივ, ჰემოგლობინის დონის დაქვეითებასა და ანემიას იწვევს. მენსტრუაციებს შორის სისხლდენა მიომურ კვანძებს არ ახასიათებს – ის უმეტესად ენდომეტრიოზის ნიშანია;

👉ტკივილი და დისკომფორტი მენჯის ღრუში;

👉გახშირებული შარდვა – როცა დიდი მიომური კვანძი შარდის ბუშტს აწვება;

👉 შარდის ბუშტის ბოლომდე დაუცლელობა;

👉შეკრულობა და გაძნელებული დეფეკაცია – მიზეზი აქაც სწორ ნაწლავზე ზეწოლაა;

👉მუცლის გარშემოწერილობის ზრდა;

👉უნაყოფობა;

👉თვითნებური აბორტები, რაც საშვილოსნოს გაძლიერებული კუმშვადობითაა გამოწვეული;

👉მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი.

დიდი მიომური კვანძი შესაძლოა, ქვედა ღრუ ვენას დააწვეს და ამ მიდამოში თრომბოზის განვითარების რისკი გაზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები განაგრძობენ ფიბროზული სიმსივნის მიზეზების შესწავლას, მეცნიერული მტკიცებულებები – როგორ შეიძლება მათი პრევენცია, მცირეა. საშვილოსნოს მიომის თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვარჯიშით, მნიშვნელოვანია სწორი კვება, წონის კონტოლი. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება შეიძლება, ასოცირებული იყოს ფიბრომის ნაკლებ რისკთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი