როდის არის სახიფათო წყალი და როგორია მისი მიღების წესები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.03, 2022 წელი

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უზმოზე ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ამ დროს რამდენიმე წესის დაცვაა აუცილებელი.
დილით ერთი ჭიქა წყალი ორგანიზმში დროულად შეავსებს სითხის ბალანსს, შემცირდება სისხლის სიბლანტე და გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
როგორც კი დილაობით წყლის სმას დაიწყებთ, რამდენიმე დღეში თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ, ეს იმიტომ, რომ თქვენი სხეული იწმინდება.
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ უზმოზე 0,5 ლიტრი წყლის დალევა სიმშვიდის მდგომარეობაში მეტაბოლიზმს საათში 10-30 პროცენტით ზრდის. გარდა ამისა, უზმოზე წყლის დალევა ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და მოქმედებს როგორც მადის დამთრგუნველი საშუალება. მას შემდეგ, რაც დილით წყლის დალევას მიეჩვევით, გულძმარვის პრობლემა გაქრება და ყოველი ჭამის შემდეგ დისკომფორტს აღარ იგრძნობთ.
კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და ის, ძირითადად, წყლისგან შედგება. თუ კანს საკმარისი ოდენობის წყალი არ მიეწოდება, ის შრება, იქერცლება და დაბერებას იწყებს. როგორც კი უზმოზე წყლის სმას ცხოვრების წესად აქცევთ, სახეზე ნაოჭები შემცირდება და კანი უფრო ჯანმრთელ და ახალგაზრდულ იერს მიიღებს.
თუმცა, წყლის სმისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, რათა ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.
რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები წყლის დალევისას, რაც შესაძლოა, ორგანიზმისთვის „ნელი მოქმედების ბომბიც“ კი გახდეს.
შეცდომები და შესაბამისი რეკომენდაციების ჩამონათვალი ასეთია:
👉 არ არის რეკომენდებული წყლის ძალიან სწრაფად დალევა. ეს სისხლის ასევე სწრაფ გათხელებას გამოიწვევს და გულს ზედმეტად გადატვირთავს. გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებში ამან შესაძლოა, გულის შეტევა გამოიწვიოს. გარდა ამისა, უზმოზე ბევრი წყლის დალევა კუჭის მჟავას ათხიერებს, რაც საჭმლის მონელების პროცესზე აისახება და დროთა განმავლობაში შეიძლება, კუჭის დაავადებებიც გამოიწვიოს. რეკომენდებულია ერთ ჯერზე არაუმეტეს 150 მილილიტრი წყლის (დაახლოებით ნახევარი ჭიქა) ნელ-ნელა, მცირე ყლუპებით დალევა;
👉 პირველი ჭიქა წყალი არ შეიძლება, ჩაანაცვლოთ რძით, ყავით, წვენებითა და მინერალური წყლით. ეს არ შეავსებს სითხის ბალანსს, სამაგიეროდ, გამოიწვევს საჭმლის მონელების პროცესის დაწყებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობაზე. ამ სასმელების ნაწილს შარდმდენი მოქმედება აქვს და ორგანიზმში სითხეს კიდევ მეტად ამცირებს;
👉არ დალიოთ მარილიანი წყალი. ეს ზრდის არტერიულ წნევას. გარდა ამისა, მოიმატებს თქვენ მიერ ყოველდღიურად მოხმარებული მარილის რაოდენობა, რაც თირკმელებზე დატვირთვას გაზრდის;
👉 მათ, ვისაც ყაბზობა (შეკრულობა) აწუხებს, შეუძლიათ, თაფლიანი წყალი დალიონ. თაფლი უნდა გაზავდეს ცივ ან თბილ წყალში და არა მდუღარეში;
👉 გადადუღებული წყალი საუკეთესო არჩევანია ადამიანთა უმრავლესობისთვის, რადგან არ შეიცავს შაქარსა და მარილს და არ გამოიწვევს თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას.
👉არ არის რეკომენდებული ძალიან ცივი ან ძალიან ცხელი წყლის დალევა. ცივი სასმელი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, სწრაფად ავიწროებს კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს. ამან შეიძლება, დისკომფორტი და დიარეა გამოიწვიოს. ცხელი წყალი აზიანებს საყლაპავის ნაზ გარსს და შეიძლება, კიბოს წარმოქმნის მიზეზი გახდეს. სითხის დალევა, რომლის ტემპერატურა 65 გრადუსს აღემატება, დამწვრობას იწვევს. თუ ეს რეგულარულად ხდება, ნადგურდება უჯრედის ნორმალური სტრუქტურა, რის შემდეგაც ვითარდება ავთვისებიანი წარმონაქმნები. იმისთვის, რომ არ გაღიზიანდეს კუჭის ლორწოვანი გარსი, წყლის ტემპერატურა უნდა იყოს არაუმეტეს 50 გრადუსისა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან