მედიცინა

რით გამოიხატება წითელი ქარის ჩვენება

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.11

წითელი ქარი
დაკოპირებულია

წითელი ქარი იწყება კანის დაზიანებით, რასაც ბაქტერიების გამრავლება მოჰყვება. კანზე ჩნდება მკვეთრი წითელი ფერის მკვრივი მგრძნობიარე უბანი, მკაფიოდ შემოსაზღვრული კიდეებით.

ისტორიულად, წითელი ქარი სახეზე იყო ლოკალიზებული, თუმცა დროთა განმავლობაში ქვედა კიდურებზე გადაინაცვლა. ამჟამად ავადმყოფობა 10-დან 8 შემთხვევაში სწორედ ფეხებს აზიანებს.

რა იწვევს

წითელი ქარის მთავარი გამომწვევია სტრეპტოკოკი. სახის ინფექციათა უმეტესობა A ჯგუფის სტრეპტოკოკით არის გამოწვეული, მაშინ, როდესაც ქვედა კიდურების ინფექციათა უდიდესი ნაწილი არა-A ჯგუფის სტრეპტოკოკებს უკავშირდება. მაგალითად, ახალშობილებსა და ახალნამშობიარევ ქალებთან დაავადებას B ჯგუფის სტრეპტოკოკი იწვევს. ინფექციისთვის დამახასიათებელ აქტიურ ანთებაში ბრალი მიუძღვის სტრეპტოკოკულ ტოქსინებს. ინფიცირებულ უბანზე სტრეპტოკოკებთან შესაძლოა სხვა ბაქტერიებიც თანაარსებობდნენ. ჯერ კიდევ საკამათოა ტიპური წითელი ქარის განვითარებაში ოქროსფერი სტაფილოკოკის როლი.

ვის შეიძლება დაემართოს

წითელი ქარის საწყისი ეტაპია კანის დაზიანებულ უბანზე ბაქტერიების გამრავლება. ინფექციის კარიბჭედ შესაძლოა, იქცეს ტრავმა, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ჭრილობა, წყლული, ანთებითი დერმატოზი, დერმატოფიტია. სახის წითელი ქარის დროს ბაქტერიების წყარო თვით ავადმყოფის ცხვირ-ხახაა: მაგალითად, პაციენტების მესამედს წითელი ქარის განვითარებამდე მცირე ხნით ადრე გადააქვს სტრეპტოკოკული ფარინგიტი.

წითელი ქარი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება, დაემართოს, თუმცა, უფრო ხშირია ქალებსა და ახალგაზრდა მამაკაცებთან, რასაც განაპირობებს კანის დაზიანებათა მაღალი სიხშირე ამ ასაკში, ასევე – ჩვილებთან, მცირეწლოვან ბავშვებთან და ხანდაზმულებთან 60-დან 80 წლამდე.

დაავადების განვითარების ალბათობა განსაკუთრებით დიდია, როდესაც პაციენტს დარღვეული აქვს ლიმფის მიმოქცევა, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის ან მცირე მენჯის ღრუს ოპერაციის შემდეგ. წითელი ქარის ძლიერი რისკ-ფაქტორია წარსულში გადატანილი ლიმფის შეგუბება, ქვედა კიდურების ვენების სტენტირება, მდგომარეობები, რომლებიც იმუნურ სისტემას ასუსტებს (შაქრიანი დიაბეტი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირება, ალკოჰოლდამოკიდებულება), ასევე, კიდურების დამბლა, ნეფროზული სინდრომი, მოხეტიალე ცხოვრების წესი. თავდაპირველად წარმოიქმნება მცირე ზომის მოწითალო ბალთა, რომელიც თანდათან კარგად შემოსაზღვრულ ცეცხლივით წითელ, მკვრივ, დაჭიმულ უბნად იქცევა. კანის დაზიანებამდე 48 საათით ადრე, წესისამებრ, თავს იჩენს სისუსტე, შემცივნება, ცხელება, მერე კი – ადგილობრივი ანთების ნიშნები: ქავილი, წვა და სიმხურვალე, მომატებული მგრძნობელობა, შეშუპება. სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებთან ეს ნიშნები შესაძლოა, არც გამოიხატოს. სხვა სიმპტომებია კუნთებისა და სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ღებინება. წითელი ქარის დროს ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფურ ძარღვებში, კანი ჭრელდება, რეგიონული ლიმფური კვანძები შუპდება და უფრო მგრძნობიარე ხდება.

დაავადების გამომწვევის წინააღმდეგ ადამიანს იმუნიტეტი არ უვითარდება. მკაფიო საზღვარი, რომელიც დაზიანებულ უბანს ჯანმრთელისგან გამოყოფს, წითელ ქარს ცელულიტისგან განასხვავებს. ეს უკანასკნელი კანის ღრმა დაზიანებაა, რომლის დროსაც ანთებით პროცესში ლიმფური კომპონენტი ჩართული არ არის. მძიმე ფორმის დროს კანზე წარმოიქმნება ბუშტუკები, პეტექიები, იწყება დანეკროზება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა