რით არის სასარგებლო გოგრის თესლი და ზეთი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.10, 2022 წელი

გოგრის თესლი მდიდარია ომეგა 3-ითა და E ვიტამინით. ეს ვიტამინები აუცილებელია თმის, ფრჩხილისა და კანისათვის.
გოგრის თესლი მდიდარია ასევე ფიტოესტროგენით, რაც უთანაბრდება ქალის ჰორმონს. ამიტომ ეს პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის. მეცნიერები, ასევე, ამტკიცებენ, რომ გოგრის თესლი დაბლა სწევს მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს.
ასევე ძალიან სასარგებლოა გოგრის თესლი მოზარდებისთვის – ის ძალიან ეფექტურად ებრძვის აკნეს. საქმე ის არის, რომ ეს პროდუქტი ასევე მდიდარია თუთიით, რაც ასე საჭიროა ჯანსაღი კანისთვის. დღეში ერთი ჩაის კოვზი გოგრის თესლის მირთმევა ამ პრობლემას მოაგვარებს. გოგრის თესლი ძალიან კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა, რომ გონებამ სხარტად და კარგად იმუშაოს. 70 გრამი გოგრის თესლი შეიცავს ფოსფორის დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია არა მარტო ტვინისთვის, არამედ ძვლებისთვისაც. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტი ამაგრებს ძვლებს, ხერხემალსა და სახსრებს. თევზში, მაგალითად, ფოსფორის რაოდენობა 2,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე გოგრის თესლში.
მამაკაცებში გოგრის თესლი ძალიან უხდება წინამდებარე ჯირკვლებს. მასში შემავალი თუთია ხელს უშლის ისეთი პრობლემების წარმოქმნას, როგორიც არის პროსტატა და უშვილობა. ის ამაღლებს პოტენციასა და ძალიან ეფექტურია ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სამკურნალოდ.
გოგრის თესლით ებრძვიან ასევე ჭიებს. ეს უკვე დიდი ხნის და გამოცდილი მეთოდია.
და ბოლოს, გოგრის თესლის ჭამა, უბრალოდ, სახალისო და სასიამოვნო პროცესია, ის შეიცავს ამინიომჟავას, რომლისგანაც ჩვენი ორგანიზმი წარმოქმნის სეროტონინს, ბედნიერების ჰორმონს. ასე რომ, გოგრის თესლით შესაძლოა, დეპრესიასაც კი გაუმკლავდეთ.
გოგრის ზეთი ეფექტური საშუალებაა მხედველობის პრობლემის დროს, საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის – გოგრის ზეთში შემავალი უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფლავონოიდები და ფოსფოლიპიდები ხელს უწყობს ნაღვლის წვენის გამომუშავებას და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. მასში შემავალი ვიტამინი B1 აბალანსებს კუჭის წვენის მჟავიანობას. აქვს მსუბუქი საფაღარათე თვისება.
გოგრის ზეთი ეფექტური საშუალებაა შარდ-სასქესო სისტემის სამკურნალოდ. ის ანთებითი პროცესებისაგან იცავს შარდ-სასქესო ორგანოების სისხლძარღვებსა და ქსოვილებს.
გოგრის ზეთი მასში შემავალი თუთიისა და სელენის გამო აქტიურად გამოიყენება რეპროდუქციული ფუნქციის გასაუმჯობესებლად, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. აწესრიგებს სპერმატოგენეზის პროცესს და ოვულატორულ ციკლს.
გოგრის ზეთი აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, ეფექტურია ჰელმენთების დროს, რეკომენდებულია თუთიის ნაკლებობისას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან