რეფლუქსი და გულძმარვა – რა უნდა ვიცოდეთ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
თითქმის ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ჭამის შემდეგ უსიამოვნო, წვის შეგრძნება მკერდის არეში, განსაკუთრებით თუ ეს იყო ნოყიერი, ცხიმიანი ან ცხარე ვახშამი. ამ შეგრძნებას ჩვენ გულძმარვას ვუწოდებთ და ის გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მაგრამ რა დგას ამ შეგრძნების უკან? არის თუ არა გულძმარვა, უბრალოდ, დროებითი დისკომფორტი თუ ის უფრო სერიოზული პრობლემის, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ნიშანია? განვიხილოთ, რა არის რეფლუქსი, რა მექანიზმებით ვითარდება ის და რა ფაქტორები უწყობს ხელს მის განვითარებას. უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანი განსხვავება: რეფლუქსი: ეს არის მოვლენა – კუჭის შიგთავსის საყლაპავში ამოსვლა. გასტროეზოფაგური რეფლუქსი კი არის დაავადება – ქრონიკული მდგომარეობა, როდესაც რეფლუქსი ხდება რეგულარულად (მაგალითად, კვირაში ორჯერ ან მეტჯერ) და იწვევს მუდმივ სიმპტომებს ან საყლაპავის დაზიანებას.
რატომ გვემართება რეფლუქსი – ძირითადი მიზეზები და რისკ-ფაქტორები
რეფლუქსის განვითარება იშვიათად არის გამოწვეული ერთი კონკრეტული მიზეზით. ის ხშირად წარმოადგენს ფაქტორთა კომბინაციას, რომლებიც ასუსტებენ საყლაპავის ქვედა სფინქტერს ან ზრდიან წნევას მუცლის ღრუში. დავყოთ ეს მიზეზები რამდენიმე კატეგორიად:
1. მექანიკური და სტრუქტურული მიზეზები
* საყლაპავის ქვედა სფინქტერის დისფუნქცია: ყველაზე პირდაპირი მიზეზი. სფინქტერი შეიძლება იყოს პათოლოგიურად სუსტი ან ხშირად და უდროოდ დუნდებოდეს;
* დიაფრაგმის საყლაპავი მილის ხვრელის თიაქარი: ეს არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის ზედა ნაწილი დიაფრაგმის (კუნთი, რომელიც გულმკერდს მუცლის ღრუსგან ყოფს) ხვრელის მეშვეობით „აცოცდება” გულმკერდის ღრუში. ეს არღვევს სფინქტერის ნორმალურ მდებარეობას და ფუნქციონირებას, რაც მკვეთრად ზრდის რეფლუქსის ალბათობას;
* დაყოვნებული კუჭის დაცლა (გასტროპარეზი): როდესაც საკვები კუჭში ჩვეულებრივზე დიდხანს რჩება, იზრდება წნევა კუჭში და, შესაბამისად, იზრდება იმის შანსიც, რომ შიგთავსს უკან, საყლაპავში გადაადგილება „აიძულოს“.
2. ცხოვრების წესი და კვება (ყველაზე გავრცელებული „ტრიგერები“)
* ჭარბი წონა და სიმსუქნე – ზედმეტი ცხიმი მუცლის არეში ზრდის მუცლის შიდა წნევას, რაც ფიზიკურად „აწვება“ კუჭს და ხელს უწყობს მჟავის ზევით ამოსვლას;
* კვების რეჟიმი: დიდი ულუფები – კუჭის გადავსება ზრდის შიდა წნევას; ჭამა ძილის წინ – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გრავიტაცია ვეღარ გვეხმარება მჟავის კუჭში შენარჩუნებაში. ექიმები გვირჩევენ, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე აღარ მივირთვათ.
კონკრეტული პროდუქტები (ტრიგერები): ეს პროდუქტები არ იწვევენ გერ-ს, მაგრამ აღიზიანებენ უკვე არსებულ პრობლემას. მათ შეუძლიათ, დამატებით გააღიზიანონ საყლაპავის ლორწოვანი ან ხელი შეუწყონ სფინქტერის მოდუნებას: ცხიმიანი, შემწვარი ან ცხარე საკვები, შოკოლადი, პიტნა, კოფეინი (ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები), ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები, ციტრუსები და პომიდორი (მჟავე პროდუქტები).
თამბაქოს მოხმარება: ნიკოტინი რამდენიმე მექანიზმით მოქმედებს: ის ადუნებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს, ამცირებს ნერწყვის გამომუშავებას (ნერწყვი მჟავის ბუნებრივი ნეიტრალიზატორია) და ზრდის კუჭის მჟავიანობას.
3. სხვა ფაქტორები
ორსულობა: ჰორმონული ცვლილებები (განსაკუთრებით პროგესტერონი) ადუნებს სფინქტერის კუნთებს. ამასთან, მზარდი ნაყოფი ფიზიკურად აწვება კუჭს, რაც რეფლუქსს თითქმის გარდაუვალს ხდის ბოლო ტრიმესტრში.
მედიკამენტები: ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება, გამოიწვიოს სფინქტერის მოდუნება ან საყლაპავის გაღიზიანება. მათ შორისაა: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი ან ასპირინი; არტერიული წნევის ზოგიერთი პრეპარატი (კალციუმის არხის ბლოკერები); ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და სედატიური საშუალება.
სტრესი: სტრესი პირდაპირ არ იწვევს რეფლუქსს, მაგრამ მას შეუძლია, გაზარდოს მჟავის გამომუშავება და გააძლიეროს ტკივილისა და დისკომფორტის სუბიექტური აღქმა.
არ დატოვოთ რეფლუქსი უყურადღებოდ. თუ გულძმარვა კვირაში ორჯერ ან მეტჯერ გაწუხებთ, გაქვთ ყლაპვის გაძნელება, აუხსნელი წონის კლება ან ქრონიკული ხველა – აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





